„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი – ვაღიარებ, რომ 14-დღიანი ვადა უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში დილის 05:00 საათზე ვიღვიძებდი – ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო — Cnoba

News.ge სიახლე 03 Apr 2026, 09:08

14-დღიანი სამუშაო პერიოდი, რომელიც „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ არის განსაზღვრული, ვაღიარებ, რომ უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში ვიღვიძებდი დილის 05:00 საათზე, რათა ჩამეტარებინა ინტერვიუები, გამეანალიზებინა ჩემთვის გამოგზავნილი დოკუმენტები და ამასთანავე დამეწერა ანგარიში, – ამის შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელმა, საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც მომზადებულ ანგარიშთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ […]

14-დღიანი სამუშაო პერიოდი, რომელიც „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ არის განსაზღვრული, ვაღიარებ, რომ უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში ვიღვიძებდი დილის 05:00 საათზე, რათა ჩამეტარებინა ინტერვიუები, გამეანალიზებინა ჩემთვის გამოგზავნილი დოკუმენტები და ამასთანავე დამეწერა ანგარიში, – ამის შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელმა, საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც მომზადებულ ანგარიშთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრეტენზიებსა და კრიტიკას უპასუხა.

მისი განმარტებით, ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო, ქვეყანაში ყოფნის ორი კვირა კი სრულად დაუთმო სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან შეხვედრებს.

როგორც „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ ანგარიშისადმი გამოთქმული კრიტიკის ეს ხაზი, რომელიც დროის სიმწირეს უკავშირდება, „არასტანდარტულ კომპლიმენტად“ მიიღო.

„14-დღიანი სამუშაო პერიოდი მოსკოვის მექანიზმის მიერ არის განსაზღვრული, რის შესახებაც საქართველო სრულად იყო ინფორმირებული. ვაღიარებ, რომ ეს უკიდურესად მოკლე დროა. როგორც კი მეცნობა (3 თებერვალს), რომ მე ვიყავი დანიშნული მომხსენებლად, დავიწყე ყველა რელევანტური ანგარიშის მოძიება და კითხვა (საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, ვენის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს მიერ წარდგენილი წარდგენა), მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემი მისია ოფიციალურად დაიწყო და მე ეუთო/ოდირის მიერ მეცნობა, რომ საქართველოს მეორე ექსპერტის დანიშვნისთვის განკუთვნილი დრო ამოეწურა, 11 თებერვალს მე შევძელი დამეწყო საქართველოში დაინტერესებულ პირებთან კონტაქტი. პირველი წერილი გავუგზავნე ეუთოსა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას (ვარშავის დროით 7.44), შემდეგ დავიწყე სხვა დაინტერესებულ პირებთან დაკავშირება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, ვთხოვე დოქტორანტურის ჩემს ყოფილ სტუდენტს, რომელიც ამჟამად სამართლის დოქტორია, დამხმარებოდა ჩემი ამოცანის შესრულებაში. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ვიღვიძებდი დილის 5 საათზე, რათა ჩამეტარებინა ინტერვიუები, გამეანალიზებინა ჩემთვის გამოგზავნილი დოკუმენტები და ამასთანავე, დამეწერა ანგარიში დოქტორ გჟეშკოვიაკთან ერთად და სათანადოდ წარმომედგინა ანგარიშში ჩემ მიერ მოგროვილი ან ჩემთვის მისიის ფარგლებში ყოველდღიურად გამოგზავნილი ჩვენებები. მე მხოლოდ იმ პრობლემებზე მივუთითე, რომლებიც სამართლიანად იყო დოკუმენტირებული და არაერთხელ იჩენდა თავს ზეპირ და წერილობით ჩვენებებში.

ცხადია, რომ ანგარიშის წერა საქართველოში ჩამოსვლამდე, თუმცა მისიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ დავიწყე. საქართველოში ჩემი ვიზიტის განმავლობაში მთელი დრო გამოვიყენე სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრაში და ყველა ჩემი თანამოსაუბრე ხედავდა, რამდენად დეტალურ ჩანაწერებს ვაკეთებდი, რათა ანგარიშში მათზე მითითება დაუყოვნებლივ გამეკეთებინა. იმის გაცნობიერებით, რომ მანდატი ძალიან ფართო იყო, ვეცადე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გამომეყო და ამავდროულად, მიმეთითებინა სხვა შესაძლო გზები, რომლებიც სახელმწიფოს შეეძლო გამოეყენებინა შემდგომი გამოძიებისთვის. შეჯამებისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ ანგარიშისადმი გამოთქმული კრიტიკის ეს ხაზი, რომლის მიხედვითაც, ანგარიში წინასწარ იყო მომზადებული, ჩემი სამუშაოსთვის „არასტანდარტულ კომპლიმენტად“ მიმაჩნია. ანგარიში წინასწარ არ იყო მომზადებული. ანგარიში დაიწერა უკიდურესად შეზღუდული დროის პირობებში, რაც მოსკოვის მექანიზმის პროცედურით არის გათვალისწინებული. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ასეთ მოკლე დროში მომემზადებინა ყველაზე ყოვლისმომცველი ანგარიში“, – განაცხადა ექსპერტმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.


რელევანტური