
ტაქსის მძღოლებად კურიერებად და გიდებად მუშაობა
“ქართული ოცნების” დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ – ამის შესახებ დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა. დადგენილების მიხედვით, აღნიშნულ საქმიანობებზე ნულოვანი კვოტა დაწესდა.
20 თებერვლით დათარიღებული დადგენილება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, შრომითი იმიგრანტებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის ნებართვის გაცემის ახალ წესს ადგენს. დოკუმენტი განსაზღვრავს, რომ ნებართვა სავალდებულო იქნება როგორც ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებისთვის – მათ შორის დისტანციური ფორმით – ასევე ბიზნესსაქმიანობის, ინდივიდუალური კონტრაქტორობისა და პარტნიორობის შემთხვევაში.
ვის ეხება რეგულაცია
ცვლილებები ვრცელდება:
- შრომით იმიგრანტებზე — უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში დასაქმებას გეგმავენ;
- თვითდასაქმებულ უცხოელებზე — პირებზე, რომლებიც ქვეყანაში ბიზნეს ან სხვა სამეწარმეო საქმიანობას ფინანსური სარგებლის მიზნით ახორციელებენ.
რეგულაციები არ შეეხება ლტოლვილებსა და საახელმწიფო დაცვის სტატუსის მქონე პირებს, თავშესაფრის მაძიებლებს, დიპლომატებს, აკრედიტებულ ჟურნალისტებს, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მფლობელებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ გამონაკლისებს.
კვოტები დაბალკვალიფიციურ სფეროებზე
მთავრობა წლიურ კვოტებს დაადგენს იმ პროფესიებზე, რომლებიც მაღალ კვალიფიკაციას არ მოითხოვს. უკვე განსაზღვრულია, რომ:
- საკურიერო საქმიანობაზე – კვოტა ნულია;
- მგზავრთა გადაყვანაზე – კვოტა ნულია;
- ტურისტული გიდის მომსახურებაზე – კვოტა ნულია.
ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ სექტორებში უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლება არ გაიცემა.
გამონაკლისის სახით, სამთო, ალპურ და სათხილამურო გამყოლებზე წლიური კვოტა 200 ერთეულს შეადგენს.
კვოტირების სისტემა არ გავრცელდება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტებზე, ინოვაციურ სტარტაპებზე და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე (15.000 ლარზე მეტი ხელფასი), ასევე დიპლომატებზე, ლტოლვილებსა და ჟურნალისტებზე.
როგორ იმუშავებს მექანიზმი
ახალი წესის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, დასაქმებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსგან სპეციალურ ნებართვას მიიღებს.
დამსაქმებელი ვალდებული იქნება ვაკანსია თავდაპირველად განათავსოს პორტალზე — www.worknet.moh.gov.ge. სააგენტოს ექნება 10 სამუშაო დღე, რათა დამსაქმებელს ადგილობრივი კანდიდატი შესთავაზოს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კადრი ვერ მოიძებნა, დამსაქმებელს უფლება ექნება მიმართოს სააგენტოს უცხოელი იმიგრანტის დასაქმების ნებართვისთვის.
თვითდასაქმებულმა უცხოელებმა (მათ შორის ინდივიდუალურმა კონტრაქტორებმა და ბიზნესპარტნიორებმა) ნებართვის მისაღებად პირადად უნდა მიმართონ სააგენტოს. პროცედურის სავალდებულო ნაწილი იქნება ვიდეოგასაუბრება, რომლის საფუძველზეც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.
საფასური და ვადები
ნებართვის მისაღებად დაწესებულია მომსახურების საფასური:
- სტანდარტული პროცედურა (30 კალენდარული დღე) — 200 ლარი;
- დაჩქარებული პროცედურა (10 სამუშაო დღე) — 400 ლარი.
დადგენილება ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა.
2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება აღსრულების მექანიზმი იმ თვითდასაქმებული უცხოელებისთვის, რომლებიც ამ დროისთვის უკვე საქმიანობენ საქართველოში – არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად მონაწილეობენ სამეწარმეო ან შრომით საქმიანობაში და იღებენ ფინანსურ სარგებელს.
შრომით იმიგრანტებს, რომლებსაც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით აქტიური რეგისტრაციის სტატუსი აქვთ, 2027 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ ვადა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.