საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მარნეულის კულტურის სახლში პერფორმანსი „ძახილი“ გაიმართა. ღონისძიება 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა და მიზნად ისახავდა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის ამ მნიშვნელოვანი თარიღის მნიშვნელობის შეხსენებას.
პერფორმანსს ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ისტორიული სიმართლის გაცნობიერებისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო კულტურის ცენტრის მიერ დადგმული თეატრალიზებული წარმოდგენა – პერფორმანსი “ძახილი”, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებას ასახავს.