სააგენტო "პარალელი"
“მე ვერ გამტეხა იმ სისტემამ და რეჟიმმა, რომელმაც შვილი უკანონოდ დამიჭირა” – ელისო კილაძე
31 მარტს მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი შედგა, სადაც მან ემოციური შეფასებები და განმარტებები გააკეთა მის დაპატიმრებასთან მიმართებაში. სასამართლოზე ნათქვამი სიტყვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ელისო კილაძის თქმით, იგი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობისა და სიმართლის თქმის გამო:
“მე ვერ გამტეხა იმ სისტემამ და რეჟიმმა, რომელმაც შვილი უკანონოდ დამიჭირა. ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ჩემი შვილი გაამართლეს, დღეს ის დარბაზში ზის და ამ პროცესს ესწრება.
მე მაქვს მოლოდინი სამართლიანი გადაწყვეტილების, რადგან თავის დროზე ჩემი შვილის უკანონო დაკავებაც, ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირეს და ახლაც ჩემი პროფესიის გამო მიწევს აქ ყოფნა.
მე ვიყავი იმ მედიაჰოლდინგის დამფუძნებელი, რომელიც ყველაზე ხშირად წერდა და პირველი ამხელდა ამ ხელისუფლების ყველაზე მანკიერ მხარეებს, კორუფციულ და ნარკოდანაშაულებრივ სქემებს. დიახ, პროფესია ჟურნალისტის გამო ვისჯები და დღეს ჩემი მედიაჰოლდინგი დახურვის პირასაა…
მე არ ვითხოვ არც შეღავათს, არც პრივილეგიას, ვითხოვ სასამართლო სხდომების გახსნას. თუ დამნაშავე ვარ, მაშინ ფაქტებისა და მოწმეების თანდასწრებით დამდონ ღიად ბრალი და არა – მიმოწერის უფლების გარეშე დატოვება, სატელეფონო ზარების აკრძალვა, მნახველებისა და ოჯახის წევრების შეზღუდვა… არ მესმის, 37 წელია?! მაშინ რაღას ელოდებით 9 თვეს? დამხვრიტეთ, თუ ყველაფრის უფლებას მართმევთ…“, – განაცხადა ელისო კილაძემ.
“მე ვერ გამტეხა იმ სისტემამ და რეჟიმმა, რომელმაც შვილი უკანონოდ დამიჭირა” – ელისო კილაძე
პარალელი