გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე — Cnoba

ჯემნიუსი სიახლე 17 Mar 2026, 19:00

იგი 49 წლის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ილია მეორის გარდაცვალება

2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე. იგი 49 წლის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

მისი გარდაცვალების შესახებ, ჟურნალისტებთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დაადასტურა.

“ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. რამდენიმე წუთის წინ, ღვითივგანისვენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა, მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს“, – განაცხადა მან.

მან მოკლედ ისაუბრა ილია მეორის ღვაწლზე:

ძნელია რამდენიმე სიტყვით, რთულია საუბარი, იმდენად დიდი პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით და დიდია დღეს ჩვენი გლოვა“.

რა მოხდა

ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებით, კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობილი დღეს დილიდან გახდა.

როგორც გაირკვა, იგი გუშინ, 16 მარტს, სისხლში ჟანგბადის შემცველობის ვარდნის გამო, ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიურ ცენტრში მოათავსეს. ხოლო გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც კუჭში ფარული სისხლდენა გამოვლინდა, “კავკასიის მედიცინის ცენტრში” გადაიყვანეს.

პატრიარქის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობდა. ის ინტუბირებული იყო.

მთელი დღის განმავლობაში კლინიკასთან იმყოფებოდნენ მაღალი თუ დაბალი იერარქიის სასულიერო პირები, ასევე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. კლინიკასთან მიდიოდნენ მრევლის წევრებიც.

ცნობილი იყო ინფორმაციაც, რომ გვიან ღამით თურქეთიდან რეანიმატოლოგს ელოდებოდნენ.

ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალისტებთან ხელისუფლების წევრებიდან კომენტარი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. მან თქვა, რომ პატრიარქს პოლიორგანული უკმარისობა განუვითარდა, რაც გამოიხატა ფილტვების, თირკმლებისა და გულის უკმარისობაში.

„მოხდა ის, რაც არავის არ გვინდოდა. სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რამაც გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მანვე თქვა, რომ ეს პროცესი მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ დილიდანვე აცნობეს კონსილიუმის წევრებმა.

ბიოგრაფიული ცნობები

ილია მეორე, ერისკაცობის სახელით, ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ქალაქ ვლადიკავკაზში, გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ – სასულიერო აკადემიაში. 1957 წლის 16 აპრილს კი, 24 წლის ასაკში, ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა.

1977 წლის 23 დეკემბერს, იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა – უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა – თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი იყო.

რა იქნება ახლა

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, ეკლესიას პატრიარქის მოსაყდრე მართავს.

მოსაყდრე ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაასახელა – ეს შიო მუჯირია.

ახალი პატრიარქის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. სინოდი სამ კანდიდატს შეარჩევს. ამ კანდიდატებიდან აირჩევენ შემდეგ პატრიარქს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

კრება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ უნდა გაიმართოს, მაგრამ, არაუგვიანეს ორი თვისა.

გამოცემა “ტაბულა” აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას, რა ხდება პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ამ ინფორმაციის თანახმად, პატრიარქობის კანდიდატი:

  • ეროვნებით უნდა იყოს ქართველი
  • უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი
  • უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება
  • ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა
  • უნდა იყოს ბერი

გაფართოებული კრების ჩატარება და პატრიარქის ინტრონიზაცია ხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

საქართველოში გლოვა გამოცხადდა

ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ილია მეორეს ხვალიდან ავლაბარში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

დეტალები შემდგომი პროცედურებისა და მისი დაკრძალვის დროისა და ადგილის შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. სასულიერო პირები ახლა საპატრიარქოში არიან შეკრებული და დეტალებს განიხილავენ.

ილია მეორის გარდაცვალება


რელევანტური