რა წერია ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” კრიტიკულ ანგარიშში საქართველოს შესახებ — Cnoba

ჯემნიუსი სიახლე 12 Mar 2026, 15:38

დოკუმენტი აღწერს ძალადობის, პოლიტიკური ზეწოლისა და საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობას

მოსკოვის მექანიზმი

გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.

ანგარიშში, რომელიც თითქმის 217-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის, ეუთოს წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში

ანგარიში 10 მარტს გამოქვეყნდა და მისი ავტოროია ადამიანის უფლებათა სფეროს ექსპერტი, პროფესორი პატრისია გჟებიკი. იგი მომზადდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ადამიანის უფლებების სავარაუდო სერიოზული დარღვევების შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტი დანიშნონ.

მექანიზმი საქართველოში იანვრის ბოლოს 24-მა სახელმწიფომ აამოქმედა, მათ შორის გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ. ექსპერტმა საქართველოში 14-დღიანი მისიის განმავლობაში შეისწავლა მოვლენები 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ პერიოდში და მოამზადა შეფასება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პროცესების მდგომარეობის შესახებ.

ამ დრომდე ეუთომ მოსკოვის მექანიზმი 16-ჯერ გაააქტიურა – საქართველოს შემთხვევა მეჩვიდმეტეა. მანამდე ეუთოს მოსკოვის მექანიზმი გამოყენებული აქვს, მათ შორის: მოქალაქეებზე თავდასხმების შესასწავლად ხორვატიასა და ბოსნიაში; ასევე, ვითარების შესასწავლად თურქმენეთში, ბელარუსსა და ჩეჩნეთში.

ძალადობა და დაუსჯელობის პრობლემა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევები კვლავ პრობლემად რჩება. დოკუმენტის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში ძალადობამ “წამების ზღვარსაც მიაღწია“, ხოლო პასუხისმგებელი პირები ხშირად დაუსჯელები რჩებიან.

ანგარიში ასევე მიუთითებს მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ თავდასხმებზე, რომლებიც, დოკუმენტის შეფასებით, ხშირად ხდება საჯარო სივრცეში და დღის სინათლეზე. ეუთოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ ატმოსფეროს მამოძრავებელი ძალა მთავრობასთან აფილირებული ინდივიდების სასტიკი, მასტიგმატიზირებელი რიტორიკაა.

ამასთან, დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით მათთვის, ვინც “საპირისპირო აზრის გამოხატვის გამო კრიმინალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან.”

ამავე დროს, ანგარიშში საუბარია “ამოუცნობი ჯგუფების“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დაუსჯელობის ატმოსფეროს.

წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის შესახებ:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს ფიზიკური ძალის არაპროპორციული გამოყენება, განსაკუთრებით კი წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
  • უზრუნველყოფილ იქნას ძალის პროპორციული გამოყენება იმ მომიტინგეების მიმართაც, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ.
  • ჩატარდეს დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებულ ყველა ბრალდებაზე.
  • უზრუნველყოფილ იქნას პირთა დაკავების და ტრანსპორტირების პროცესის შესაბამისობა ადამიანის ღირსების პატივისცემასთან. უზრუნველყოფილ იქნას დაკავების სათანადო პირობები.
  • შესაძლებლობის ფარგლებში, დაცულ იქნან ბავშვები საპოლიციო რეიდების ზეგავლენისგან და საპოლიციო ოპერაციების დროს დაინერგოს ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკა.

თავისუფლებების შეზღუდვის შესახებ შეშფოთება

ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ეხება საკანონმდებლო ცვლილებებსა და ადმინისტრაციულ ზომებს, რომლებიც, დოკუმენტის მიხედვით, ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

ექსპერტის შეფასებით, ბოლო პერიოდში მიღებული კანონები ხშირად მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური ოპოზიციისა და LGBT+ თემის წინააღმდეგ.

აღნიშნული პოლიტიკა, ანგარიშის მიხედვით, პრაქტიკაში გამოიხატება ადმინისტრაციული დაკავებებით, მაღალი ჯარიმებით და ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების დაწყებით.

ანგარიში ასევე გამოხატავს შეშფოთებას სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის გამო შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის წინაშე აღმოჩნდნენ.

რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას

ეუთო/ოდირის ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებისთვის ათობით რეკომენდაციაა წარმოდგენილი:

  • დოკუმენტი ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მათ შორის დამოუკიდებლად გამოიძიოს წინა არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები.
  • ორგანიზაცია ასევე რეკომენდაციას აძლევს ხელისუფლებას, შეაჩეროს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი და შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები.
  • ანგარიში ასევე ეხება კონკრეტულ კანონებს. დოკუმენტის მიხედვით, უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუსაბამოა.
  • გარდა ამისა, რეკომენდაციებს შორისაა „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმება, რომელიც ანგარიშის მიხედვით ზღუდავს LGBT+ თემის უფლებებს და კრძალავს გენდერული იდენტობის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
  • დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს ამ შემთხვევების დამოუკიდებელი გამოძიება.
  • ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხსაც და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

რეკომენდაციები ეუთოს წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის

ანგარიშში რეკომენდაციები მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას არ ეხება. ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ორგანიზაცია მოუწოდებს სისტემატურად აკონტროლონ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაკეთებული დასკვნების შესრულება.

დოკუმენტი ასევე მიუთითებს, რომ შესაძლებელია მიზანმიმართული სანქციების განხილვა იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში აღწერილ განსაკუთრებით მძიმე დარღვევებზე.

ეუთო/ოდირი წევრ სახელმწიფოებს ასევე ურჩევს საქართველოში მომავალი არჩევნებისთვის ძლიერი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას და განიხილონ ქვეყანაში ეუთოს მუდმივი ოფისის გახსნის შესაძლებლობა.

საერთაშორისო საზოგადოებას ანგარიშში რეკომენდაცია ეძლევა, მხარი დაუჭიროს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების დოკუმენტირებას და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას.

რეკომენდაციებს შორის არის, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სამართლის მექანიზმები, მათ შორის უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი, წამებისა და სხვა მძიმე დარღვევების გამოსაძიებლად.

მათ შორის:

  • ჰააგის საერთაშორისოს სისხლის სამართლის სასამართლოსთვის (ICC) საკითხის გადაცემა გამოძიების დასაწყებად;
  • ევროსასამართლოსთვის მიმართვა სახელმწიფოების მიერ სახელმწიფოთაშორისი განაცხადით;
  • გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტში ან გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს წინაშე სახელმწიფოთაშორისი დავის წარმოება.

კონტექსტი

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ინსტრუმენტად ითვლება ორგანიზაციის ფარგლებში, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სერიოზულ პრობლემებზე ჩნდება ეჭვი.

საქართველოში მისი ამოქმედება დაემთხვა ბოლო წლებში გამწვავებულ პოლიტიკურ კრიზისს და დასავლელ პარტნიორებსა და ხელისუფლებას შორის დაძაბულ ურთიერთობას. განსაკუთრებული დაპირისპირება გამოიწვია რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივამ, მათ შორის “უცხოური გავლენის რეგულირების შესახებ” კანონმა და სხვა ცვლილებებმა, რომლებიც კრიტიკოსების შეფასებით სამოქალაქო საზოგადოების სივრცეს ზღუდავს.

ანგარიში სწორედ ამ პროცესების ფონზე გამოქვეყნდა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დეტალურ საერთაშორისო შეფასებას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ბოლო პერიოდში.


რელევანტური