10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ავტორი პროფესორი პატრისია გჟებიკია.
ცნობისთვის, ეუთოს 23-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი იანვრის ბოლოს აამოქმედა.
ანგარიშის მიხედვით, მომხსენებელმა 14-დღიანი მისიის დროს დაადგინა, რომ მანდატით განსაზღვრულ პერიოდში, ანუ 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნებოდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მომხსენებელმა შეამჩნია “ძალადობისა და სხვაგვარად ძალის ბოროტად გამოყენების შემთხვევები დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ,” ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, ძალადობამ, შეიძლება ითქვას, რომ “წამების ზღვარსაც მიაღწია,” რასაც “თან ახლდა” ძალადობის ჩამდენთა “სრული დაუსჯელობა”.
“ხელისუფლებამ ეტაპობრივად შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები, ისეთი კანონმდებლობის შემოღებით, რომელიც გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და LGBT+ თემის წინააღმდეგ.” – წერია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ზემოხსენებული თავისუფლებები არასათანადოდ შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავად აღსრულებით, რაც, დასკვნის მიხედვით, მოიცავდა ადმინისტრაციული დაპატიმრებებისა და მაღალი ჯარიმების შემთხვევებს, ისევე როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას.
“მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას. მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრულ ატმოსფეროს აუარესებს კაცთა ამოუცნობი ჯგუფების მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტობრივად შეუზღუდავი შემთხვევები, რომლებიც ხშირად თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საზოგადოებრივ სივრცეებსა და დღის სინათლეზე, აშკარა დაუსჯელობით.”
ეუთოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ ატმოსფეროს მამოძრავებელი ძალა მთავრობასთან აფილირებული ინდივიდების სასტიკი, მასტიგმატიზირებელი რიტორიკაა. ამასთან, დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით მათთვის, ვინც “საპირისპირო აზრის გამოხატვის გამო კრიმინალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან.”
აღნიშნული შეფასებების საფუძველზე, ეუთოს მომხსენებელი ანგარიშში რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს რესპუბლიკას, ეუთოს წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზოგადოებასაც:
რეკომენდაციები საქართველოს რესპუბლიკას
ანგარიშში საქართველოს მიმართ ათობით რეკომენდაცია გაცემული, მათ შორის თავისუფალი არჩევნების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფისთვის ეუთო/ოდირი საქართველოს წარსულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიების რეკომენდაციას გასცემს. ასევე, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების გაუქმების პროცესის შეჩერებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აგრეთვე, ეუთო/ოდირი ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს ოპოზიციის მისამართით ცილისწამებისა და დაშინებისგან.
ასევე, ეუთო/ოდირი ქართულ მხარეს მოუწოდებს მომავალში დაგეგმილ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე დროულად მოიწვიონ.
ამასთან, ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს მიიღოს რეკომენდაციები, რომლებიც მათ მიერ 2024 წლის არჩევნების შესახებ მომზადებულ ანგარიშშია გაწერილი.
“‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’ კანონი, ‘უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი’ და გრანტების შესახებ კანონში არსებული უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები უნდა გაუქმდეს” – ნათქვამია დოკუმენტში. ეუთო/ოდირი ასკვნის, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუსაბამოა.
“იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გადაწყვეტს ამ კანონების გაუქმებას, მინიმუმ უნდა განხორციელდეს ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად” – წერს ეუთო/ოდირი. დოკუმენტი ხაზს უსვამს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებში არსებულ ბუნდოვანი ტერმინოლოგიისა და არაპროპორციული სასჯელების გაუქმების აუცილებლობას. ამასთან, ორგანიზაცია საქართველოს “მაუწყებლობის შესახებ კანონში” საერთაშორისო დაფინანსების შესახებ შესული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას უწევს.
“უნდა გაუქმდეს ‘ოჯახური ღირებულებების შესახებ’ კანონი. ეს განსაკუთრებით, თუმცა არა მხოლოდ, გულისხმობს ერთსქესიანი ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის ინცესტთან გათანაბრებას, ამ თემების “პოპულარიზაციის” აკრძალვას, მათ შორის შეკრებების გზით, გენდერულად დამადასტურებელი სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და პირადობის დოკუმენტებსა და სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის აკრძალვას.” – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ეუთო/ოდირი წერს, რომ “სამშობლოს ღალატის მუხლის” შემადგენლობა უნდა დავიწროვდეს და უფრო მკაფიო გახდეს, რათა გამოირიცხოს ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც ხელისუფლების უბრალო კრიტიკის სისხლის სამართლებრივ დევნას დაუშვებს.
ეუთო/ოდირი ქართულ მხარეს ასევე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების, მათ შორის სახის დაფარვის აკრძალვისა და არაპროპორციული სასჯელების, გაუქმებისკენ მოუწოდებს.
“უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში პატივი უნდა ეცეს აკადემიური ინსტიტუტების ავტონომიას.” – ნათქვამია დოკუმენტში.
აგრეთვე, ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და აღნიშნულ დანაშაულებზე არსებული ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს. “ძალის გამოყენება პროპორციული უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზოგიერთი მომიტინგე ძალადობრივ ქცევას ავლენს” – წერს ეუთო/ოდირი.
ეუთო/ოდირი იმ ყყველა პირის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით, საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის და გამოხატვის უფლების გამოყენების გამო არიან დაკავებულნი. ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს ოპოზიციის წევრებისა და ჟურნალისტების დაკავების შემთხვევებს.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს – “უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაცვა, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მხარეთა თანასწორობა და სისხლის სამართლის პროცესში სამართლებრივ დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა; გარანტირებული და დაცული იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი რეფორმის გზით”. დოკუმენტი ხაზს უსვამს სასამართლო პროცესების გამჭვირვალეობის აუცილებლობას.
“ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პროცედურები შეიცვალოს ისე, რომ დაკავება ვერ დაეფუძნოს მხოლოდ პოლიციის დაუდასტურებელ ჩვენებას” – წერს ეუთო/ოდირი.
დასკვნა მთავრობას მოუწოდებს პატივი სცეს “სპონტანური შეკრებების უფლებას” და თავი შეიკავოს “თვითნებური დაკავებებისა და ჯარიმებისგან.”
ეუთო/ოდირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გამშუქებელი ჟურნალისტების “მიზანში ამოღება,” და თავი შეიკავონ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული “დაუსაბუთებელი რეპრესიისგან.”
ამასთან ერთად, აღნიშნულია უცხოური მხარდაჭერის მიღებაზე დაწესებული შეზღუდვების მხოლოდ “მკაცრად აუცილებელ” ზომებამდე შემცირება.
დასკვნის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ პერსონალური მონაცემები და სენსიტიური ინფორმაცია “არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი” და მოუწოდებს ხელისუფლებას, შესაბამის კანონებს გადახედოს.
დასკვნაში ხაზგასმულია სახალხო დამცველის როლი, და აუცილებლობა იმისა, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მიმართ არსებული “წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებები” სასწრაფოდ იქნას გამოძიებული.
ეუთო/ოდირი მოუწოდებს ხელისუფლებას ითანამშრომლოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ვენეციის კომისია და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW).
რეკომენდაციები ეუთოს წევრ ქვეყნებს
ეუთო წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ მოსკოვის მექანიზმის დასკვნების “სისტემატური მეთვალყურეობა” და განიხილონ “მიზანმიმართული სანქციების დაწესება” იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში აღწერილი დარღვევების განსაკუთრებით სერიოზულ შემთხვევებზე.
ამას გარდა, ეუთო/ოდირი წევრ სახელმწიფოებს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში განათავსონ სადამკვირვებლო მისია, განიხილონ ქვეყანაში ეუთოს ოფისის გახსნა და მხარი დაუჭირონ “საქართველოს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას.”
რეკომენდაციები საერთაშორისო საზოგადოებას
ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებას აძლევს რეკომენდაციას, რომ მხარი დაუჭირონ ისეთ ინიციატივებს, რომელთა მიზანიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების დოკუმენტირება და ინფორმაციის გავრცელებაა.
ამასთან, ეუთო/ოდირი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განიხილონ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩამდენებისა და მათზე პასუხისმგებელი ზედამხედველების, სადაც შესაძლებელია, ეროვნულ სასამართლოებში გასამართლება, “მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის ამოქმედებითაც”.
ანგარიშში ეუთო/ოდირი ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დახმარება გაუწიოს ქვეყნიდან წასულ პირებს, მათ შორის საერთაშორისო დაცვის მინიჭებითა და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული ტრავმისა და ჭრილობების მკურნალობითაც.
რეკომენდაციებს შორისაა ისეთი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც იცავენ და ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვას. ეს მოიცავს ქვეყნიდან გაქცეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციასაც.
ამ ნაწილში ასევე ვკითხულობთ, რომ წამების წინააღმდეგ კომიტეტმა, ისევე როგორც წამების აღკვეთაზე გაეროს ქვეკომიტეტმა საქართველოში არსებულ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.
ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის (CAT) ხელმომწერ ქვეყნებს შეუძლიათ, სახელმწიფოთაშორისი კომუნიკე წამების წინააღმდეგ კომიტეტშიც შეიტანონ. CAT-ის ხელმომწერ ქვეყნებს კი შეუძლიათ, განცხადებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართონ.
ამასთან, ეუთო/ოდირი რეკომენდაციის სახით წერს, რომ რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს შეუძლიათ, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების შემთხვევათა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით.
ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს შეუძლიათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი განაცხადი შეიტანონ კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად.
The post რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში? appeared first on .