რა წერია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკულ ანგარიშში საქართველოს შესახებ — Cnoba

GuriaNews სიახლე 12 Mar 2026, 15:24

გამოქვეყნდა ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში. მოსკოვის მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. ანგარიშში, რომელიც თითქმის 200-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო […] The post რა წერია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკულ ანგარიშში საქართველოს შესახებ appeared first on გურია ნიუსი.

გამოქვეყნდა ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში.

მოსკოვის მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ანგარიშში, რომელიც თითქმის 200-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა.

ამავე ანგარიშში მოცემულია „ქართული ოცნების“ მთავრობის პასუხი – მეთოდოლოგიის შესაბამისად, ხელისუფლებას ანგარიში გამოქვეყნებამდე ეგზავნება.

ეუთო მიუთითებს, რომ ანგარიში ძალიან შეზღუდულ დროში – 14 დღეში მომზადდა.

მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში რეკომენდაციები შემდეგია:

საქართველოს ხელისუფლებას:

თავისუფალი არჩევნების შესახებ:

ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე.

განხორციელდეს აუცილებელი ცვლილებები არჩევნების ორგანიზებაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში.

მომავალ არჩევნებზე მიიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები, კერძოდ, ეუთო/ODIHR-ის მისია. მათ მოწვევა უნდა გაეგზავნოთ არჩევნებამდე საკმარისი დროით ადრე, რათა ODIHR-მა სათანადოდ შეასრულოს სადამკვირვებლო მისია.

ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ოპოზიციის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე დაშინებისა და მუქარის კამპანიებისგან.

ხელისუფლებამ თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციირებისგან. გაწვეულ იქნას ამჟამად განხილვის პროცესში მყოფი სარჩელები.

გაუქმდეს თვითნებურად წარდგენილი ბრალდებები პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების მიმართ (განსაკუთრებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 318-ე და 319-ე მუხლების საფუძველზე).

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ:

გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები. მომხსენებელს მიაჩნია, რომ შეუძლებელია, მიზნობრივი შესწორებებით ეს კანონები მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, ვინაიდან არსებობს ფართო შეუსაბამობა.იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გააუქმებს ამ კანონებს, ისინი მინიმუმ უნდა შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.ეს გულისხმობს: აღნიშნული კანონმდებლობის სუბიექტების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ამოღებას; სანქციების შემცირებას; „უცხოური ძალის აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვან შეზღუდვას იმის გათვალისწინებით, მოქმედებს თუ არა სუბიექტი რეალურად უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონებში გამოყენებული ენა ბევრად უფრო ზუსტი უნდა გახდეს.

ანალოგიურად, უნდა გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას (მუხლი 54).

გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას.

სახელმწიფო ღალატის დანაშაულის საფუძვლები უნდა შევიწროვდეს და გახდეს უფრო კონკრეტული, რათა გამოირიცხოს ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ხელისუფლების კრიტიკის გამო იმ სუბიექტების დევნა, რომლებიც ექცევიან „აგენტების კანონის“ ან FARA-ს მოქმედების ქვეშ.

გაუქმდეს რეგულაციები, რომლებითაც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვა სრულად აიკრძალა. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების უფლებას (როგორიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებს შორის.

უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში დაცული უნდა იყოს აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია.

წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის შესახებ:

დაუყოვნებლივ შეწყდეს ფიზიკური ძალის არაპროპორციული გამოყენება, კერძოდ წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

უზრუნველყოფილ იქნას ძალის პროპორციული გამოყენება იმ მომიტინგეების მიმართაც, რომლებიც ავლენენ ძალადობრივ ქცევას.

დაუყოვნებლივ ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.

უზრუნველყოფილ იქნას, რომ დაკავების და ტრანსპორტირების პროცესი შეესაბამებოდეს ადამიანის ღირსების მოთხოვნებს. უზრუნველყოფილ იქნას პატიმრობის ღირსეული პირობები.

მაქსიმალურად მოხდეს ბავშვების დაცვა პოლიციის რეიდების ზეგავლენისგან და პოლიციის ოპერაციების დროს დაინერგოს ბავშვზე მორგებული პრაქტიკა.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შესახებ:

დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრები, განსაკუთრებით ოპოზიციის წევრები. მომავალში ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მათი პოლიტიკური მიზეზებით დაკავებისგან.

დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჟურნალისტები და საჯარო დისკუსიის სხვა მონაწილეები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გამო არიან დაკავებულნი.

თავისუფლების აღკვეთისას დაცული იყოს კანონიერების, პროპორციულობისა და სამართლებრივი პროცედურების პრინციპები.

სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ:

უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაცვა, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მხარეთა თანასწორობა და სისხლის სამართლის პროცესში იურიდიულ დახმარებაზე დროული ხელმისაწვდომობა.

გარანტირებული და დაცული იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო რეფორმის გზით.

შეწყდეს სასამართლო პროცესების დროს ბრალდებულების გისოსებს მიღმა მოთავსება, თუ არ არსებობს უსაფრთხოების გადამწყვეტი საჭიროება.

უზრუნველყოფილ იქნას იურისტების წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე, საქმეებსა და დოკუმენტებზე იმ ვადებში, რაც საკმარისია ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გასაწევად.

უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო პროცესების ადეკვატური გამჭვირვალობა.

რეფორმირდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცედურები, რათა გამოირიცხოს დაკავების გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიციელის დაუდასტურებელ ჩვენებაზე დაყრდნობით.

შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ:

უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2020 წლის 37-ე ზოგადი კომენტარი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი).

დაცული იყოს სპონტანური შეკრებების უფლება, როგორც შეკრების უფლების ნაწილი.

შეწყდეს იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც აშუქებენ საპროტესტო აქციებს.

ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების თვითნებური დაკავებისა და დაჯარიმებისგან.

თავი შეიკავოს იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების თვითნებური სანქცირებისგან, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობის პოლიტიკასა და ქმედებებს.

უზრუნველყოფილ იქნას უფლებადამცველთა დაცვა გაეროს 1998 წლის დეკლარაციისა და ეუთო/ODIHR-ის 2014 წლის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები დავიდეს მხოლოდ იმ უკიდურეს აუცილებლობამდე, რაც საჭიროა ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

შეწყდეს ყოველგვარი გაუმართლებელი რეპრესია ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ასევე მათი აღჭურვილობისა და მასალების უკანონო ჩამორთმევა ან დაზიანება.

გაუქმდეს მაუწყებლობის შინაარსზე დაწესებული გადაჭარბებული შეზღუდვები.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ:

შეწყდეს სტიგმატიზაციისა და დაშინების კამპანია პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლგბტ+ პირების მიმართ და შესაბამისად შეიცვალოს კანონები.

უზრუნველყოფილ იქნას, რომ არ მოხდეს ზედმეტი პერსონალური მონაცემების შეგროვება და სენსიტიური მონაცემები არ გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი (მათ შორის „აგენტების კანონის“ და FARA-ს იმპლემენტაციის პროცესში).

ანგარიშვალდებულების შესახებ:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს საჭირო საშუალებები და რესურსები, რათა მან შეძლოს ყველა დაკისრებული ამოცანის შესრულება, მათ შორის ეროვნული პრევენციული მექანიზმის ფარგლებში.

ოპერატიულად იქნას გამოძიებული პოლიციის/უსაფრთხოების ძალებისა და დაუდგენელი, ნიღბიანი პირების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი.

უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებები ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე.

მოხდეს სრული რეაბილიტაცია და კომპენსაცია ყველა მსხვერპლისთვის, ვინც განიცადა არასათანადო მოპყრობა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.

გატარდეს შესაბამისი დისციპლინური ზომები იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომელთა მონაწილეობა სერიოზულ დარღვევებში სარწმუნოდ დასტურდება.

საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ:

საქართველომ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან და სხვა საერთაშორისო ორგანოებთან, რომელთა მანდატი ვრცელდება საქართველოზე, და გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები.

ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW) მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ბრალდებების გასარკვევად.

აღიაროს საერთაშორისო ჰუმანიტარული ფაქტების დამდგენი კომისიის კომპეტენცია (1949 წლის ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის შესაბამისად) და მოახდინოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის დარჩენილი ცვლილებების რატიფიცირება, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით.

მოახდინოს 2006 წლის საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება „პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ“.

რეკომენდაციები ეუთოს წევრ სახელმწიფოებს:

მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულება და დაუჭირონ მხარი ამ პროცესს.

უზრუნველყონ „მოსკოვის მექანიზმის“ მიგნებების სისტემატური მონიტორინგი, მათ შორის მუდმივმოქმედ საბჭოში პერიოდული განხილვების გზით.

განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე ანგარიშში აღწერილ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე.

გააგრძელონ ძალისხმევა ყველა შესაბამის აქტორს შორის დიალოგის ხელშესაწყობად.

გამოგზავნონ სადამკვირვებლო მისია მომავალ არჩევნებზე გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

განიხილონ საქართველოში ეუთოს ოფისის გახსნის საკითხი.

მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ სამოქალაქო სექტორს საქართველოში და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც დევნიან.

რეკომენდაციები საერთაშორისო საზოგადოებას:

მხარი დაუჭირონ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების დოკუმენტირებას.

განიხილონ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავე პირებისა და მათი ხელმძღვანელების პასუხისგებაში მიცემა ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის უნივერსალური იურისდიქციის გამოყენებით.

უზრუნველყონ დაცვა და დახმარება იმ პირებისთვის, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუხდათ (საერთაშორისო დაცვის მინიჭება, ტრავმების მკურნალობა).

მხარი დაუჭირონ უფლებადამცველებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს, მათ შორის დევნილობაში მყოფი ორგანიზაციების რეგისტრაციის ხელშეწყობით.

დაეხმარონ საქართველოს საჭირო სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში.

ხელი შეუწყონ გაეროს სპეციალური პროცედურების ჩართულობას და განიხილონ საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გახსნა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს შემდეგ მექანიზმებს:

ა) სამუშაო ჯგუფი თვითნებური დაკავებების საკითხებზე (WGAD);

ბ) სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებზე;

გ) სპეციალური მომხსენებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე;

დ) სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე;

ე) სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ;

ვ) სპეციალური მომხსენებელი მოსამართლეთა და იურისტთა დამოუკიდებლობის საკითხებზე;

ზ) სპეციალური მომხსენებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შესახებ;

თ) სპეციალური მომხსენებელი უმცირესობათა საკითხებზე;

ი) სპეციალური მომხსენებელი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ;

კ) დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე;

ლ) სპეციალური მომხსენებელი ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხებზე;

მ) სამუშაო ჯგუფი ქალთა და გოგონათა დისკრიმინაციის საკითხებზე.

აქტიურად ჩაერთონ საქართველოს „საყოველთაო პერიოდული მიმოხილვის“ (UPR) შემდგომ მონიტორინგში.

ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მიმართონ OPCW-ს აღმასრულებელი საბჭოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ფაქტის გასარკვევად.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში (ECHR-ის 33-ე მუხლის საფუძველზე).

კონვენციის წევრმა ქვეყნებმა, ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიძლება განიხილონ მესამე მხარედ ჩართვა მიმდინარე და მომავალ სასამართლო პროცესებში.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოტანის შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა აქტიურად უნდა იზრუნონ მათ აღსრულებაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით.

წამების წინააღმდეგ კონვენციის (CAT) წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ სახელმწიფოთაშორისი მიმართვის წარდგენა წამების წინააღმდეგ კომიტეტში.

CAT-ის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ სარჩელის წარდგენა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

წამების წინააღმდეგ კომიტეტმა (CAT) და წამების პრევენციის გაეროს ქვეკომიტეტმა (SPT) განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ საქართველოში არსებულ ვითარებას.

ვენეციის კომისია ჩართულ უნდა იქნას შესაბამისი კანონპროექტების შემდგომ შეფასებაში.

რომის სტატუტის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა შეიძლება განიხილოს მისია საქართველოში.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა შეიძლება მოსთხოვოს საქართველოს განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს მისი შიდა სამართალი ევროპული კონვენციის დებულებების ეფექტურ იმპლემენტაციას (ECHR-ის 52-ე მუხლი).

ანგარიშში გამოქვეყნებულია „ქართული ოცნების“ საპასუხო შეფასება ეუთოს მიგნებებზე.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლება ეუთო-ში (OSCE) თავისი მუდმივი წარმომადგენლისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მეშვეობით, კატეგორიულად უარყოფს ეუთოს ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს.

ხელისუფლება ანგარიშს ხასიათებს, როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულ ინსტრუმენტს“, რომელიც ფუნდამენტურად უთხრის საფუძველს საკუთარ სანდოობას.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ანგარიში პრიორიტეტს ანიჭებს „პოლიტიკური ოპოზიციისა და წინასწარ შერჩეული დაინტერესებული მხარეების ნარატივებს“ და არა გადამოწმებულ სახელმწიფო მონაცემებსა და სასამართლო ჩანაწერებს.

„ოცნების“ არგუმენტით, 14-დღიანი ვადა არ იყო საკმარისი ყოვლისმომცველი გამოძიებისთვის და მომხსენებელმა უგულებელყო ან ვერ ასახა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული

„ოცნების“ ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას, არ გაითვალისწინოს რეკომენდაციები და რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონების გაუქმების მოთხოვნა შეუსაბამოა საერთაშორისო სამართლის პრინციპთან, რომელიც შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს.

ამასთანავე, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) შექმნილია მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად და არა სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად. ისინი აცხადებენ, რომ FARA არის ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) „სიტყვასიტყვითი თარგმანი“ და, შესაბამისად, არ უნდა აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას მაშინ, როცა არ აკრიტიკებენ აშშ-ს.

„ოცნების“ არგუმენტით, ცვლილებები, რომლებიც უცხოურ გრანტებზე მთავრობის წინასწარ თანხმობას მოითხოვს, დაცულია როგორც საერთაშორისო დახმარების ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საშუალება და არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის „ზედამხედველობის ხარვეზის“ აღმოფხვრის მექანიზმი.

დოკუმენტის თანახმად, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და წამების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ პოლიციის ქმედებები საპროტესტო აქციების დროს იყო კანონიერად სანქცირებული, პროპორციული პასუხი უსაფრთხოების აღსადგენად იმ „ძალადობრივი“ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებდნენ მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას.

„ქართული ოცნების“ მთავრობა ანგარიშში ტერმინების: „წამება“ და „არასათანადო მოპყრობა“ გამოყენებას წინასწარგანზრახულ სტიგმატიზაციას უწოდებს და აცხადებს, რომ დაზიანებები, რომლებიც კანონიერი საპოლიციო ღონისძიებების დროს ჩნდება, არ წარმოადგენს „წამების წინააღმდეგ კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევას.

„ოცნების“ მთავრობა კატეგორიულად უარყოფს აკრძალული ქიმიური იარაღის (მაგალითად, „კამიტის“) გამოყენებას და აცხადებს, რომ გამოძიებამ დაადასტურა მხოლოდ სტანდარტული, არააკრძალული მასების მართვის საშუალებების გამოყენება, როგორიცაა „ქლორობენზილიდენ მალონონიტრილი“ (CS აირი).

ჰომოფობიურ კანონზე, სახელად „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი“ „ოცნება“ წერს, რომ მისი მიღება იყო აუცილებელ ზომა ოჯახური ღირებულებების დასაცავად და არასრულწლოვნების დასაფარად „შეუფერებელი გენდერული პროპაგანდისა“ და „საღი აზრის საწინააღმდეგო იდეოლოგიისგან“.

2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობა აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებმა განიხილეს საჩივრები საარჩევნო გაყალბებისა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შესახებ და, საბოლოო ჯამში, ისინი უარყვეს, როგორც „დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო“.

„ოცნების“ მთავრობა უარყოს „პოლიტიკურ დევნას“ და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდებები (როგორიცაა საბოტაჟი ან ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) ეფუძნება ჩვეულებრივი დანაშაულის მტკიცებულებებს და პოლიტიკური სტატუსი პირს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

ეუთოს მოსკოვის მექნიზმი 1991 წელს ამოქმედდა. როგორც ვენის, ისე მოსკოვის მექანიზმი შეიქმნა ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმი შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

ამ დრომდე ეუთომ მოსკოვის მექანიზმი 16-ჯერ გაააქტიურა – საქართველოს შემთხვევა მეჩვიდმეტეა.

მანამდე ეუთოს მოსკოვის მექანიზმი გამოყენებული აქვს, მათ შორის: მოქალაქეებზე თავდასხმების შესასწავლად ხორვატიასა და ბოსნიაში; ასევე, ვითარების შესასწავლად თურქმენეთში, ბელორუსსა და ჩეჩნეთში.

წყარო: პუბლიკა

The post რა წერია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკულ ანგარიშში საქართველოს შესახებ appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური