ფაშინიანმა ევროპარლამენტში საქართველოზე, სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციაზე, აზერბაიჯანთან მშვიდობასა და შიდა კრიზისებზე ისაუბრა — Cnoba

ჯემნიუსი სიახლე 12 Mar 2026, 12:19

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესზეც ისაუბრა

ფაშინიანის გამოსვლა ევროპარლამენტში 2026 წელს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის ფაქტობრივი გაყინვაა. მისი თქმით, თბილისი ერევნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი კარიბჭეა.

მან გაიხსენა სომხეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

„ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა. ჩვენ ველით და მოვითხოვთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესის გაგრძელებას. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის – ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლა წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად რეფორმების გაგრძელების გზაზე დგას. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირზე იქნება დამოკიდებული. პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ გაფართოება პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუმცა დაამატა, რომ თუნდაც სომხეთი კავშირში არ გაწევრიანდეს, ქვეყანა მაინც მიიღებს სარგებელს.

მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი გახდება სახელმწიფო, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.

გამოსვლისას ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, არამედ აზერბაიჯანთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. ევროპარლამენტარებმა მას სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ფეხზე წამოდგომით ოვაცია მოუწყვეს.

„გვტკივა, როცა ვხედავთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში“

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო.

მან ხაზი გაუსვა ერევანსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის ამჟამინდელ დონეს და ირანი „მეგობარ და საუკუნოვან მეზობლად“ მოიხსენია. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთმა ახლახან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საუდის არაბეთთან, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ომანი, ქუვეითი, იორდანია, ლიბანი, ბაჰრეინი და სირია ერევნის დიდი ხნის პარტნიორები არიან.

„გვტკივა, როცა ვხედავთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ასეთი მასშტაბური საერთაშორისო კრიზისის ფონზე ჩვენ – პატარა, მოკრძალებულ სახელმწიფოს – მხოლოდ შეგვიძლია ვილოცოთ ყველა მსხვერპლის სულის მოსახსენიებლად და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერების სიბრძნისთვის, რათა რაც შეიძლება მალე იპოვონ დიპლომატიური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მან.

„სად არის დამყარებული სრულყოფილი მშვიდობა?“

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე რვა თვეა მშვიდობაა და ამ პერიოდში არც დაღუპულები და არც დაშავებულები არ არიან.

მისი თქმით, მშვიდობას მუდმივი გაფრთხილება სჭირდება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალიან სწრაფად დაინგრევა — ისევე, როგორც ათწლეულების განმავლობაში სტაბილური რეგიონები რამდენიმე დღეში ომის მორევში იძირებიან“, – თქვა მან.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ აზერბაიჯანთან დამყარებული მშვიდობის არასრულყოფილების გამო. ამის საპასუხოდ მან ევროპარლამენტარებს კითხვით მიმართა:

„გთხოვთ, მითხრათ: სად არის სრულყოფილი მშვიდობა? სად და როდის არსებობდა ის? სწორედ მშვიდობის შენარჩუნების ნებაა ის, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მშვიდობა მაქსიმალურად სრულყოფილი გავხადოთ“.

„ჩვენ მზად ვართ აზერბაიჯანთან საგზაო მიმოსვლისთვის”

ფაშინიანმა მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე სარკინიგზო შეზღუდვები მოხსნა, რის შედეგადაც 2025 წლის ნოემბერში – კონფლიქტის დაწყებიდან პირველად – ტვირთებმა ამ მარშრუტით სომხეთში ჩასვლა შეძლო.

მისი თქმით, ერევანი გეგმავს საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებასაც ექსპორტისთვის და იმედოვნებს, რომ მომავალში აზერბაიჯანიც გახდება სომხური პროდუქციის დანიშნულების ადგილი.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა შეთავაზება აზერბაიჯანიდან თურქეთამდე ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ. მისი თქმით, ბაქოსა და ანკარას ამ შესაძლებლობით ჯერ არ უსარგებლიათ, რადგან მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს „ტრამპის მარშრუტის პროექტი“.

„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) გულისხმობს სატრანსპორტო გზას, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის გავლით მის ავტონომიურ რეგიონ ნახიჩევანთან დააკავშირებს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთს არც განზრახვა აქვს და არც საფუძველი, პროექტის განხორციელება გადადოს.

„ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან ინტერესებს და არანაირად არ უთხრის ძირს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და იურისდიქციას“, — თქვა მან.

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მან აზერბაიჯანს საგზაო კომუნიკაციის გახსნაც შესთავაზა. მისი თქმით, სომხეთი მზადაა არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კორნიძორ–გორის–ეღეგნაძორ–იერასხის მარშრუტზე აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანს შორის საგზაო კავშირი უზრუნველყოს.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი მოუთმენლად ელოდება ნახიჩევანის გავლით ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სარკინიგზო კავშირის აღდგენას. მისი თქმით, ქვეყნის მთიანი რელიეფი პრაქტიკულად გამორიცხავს სხვა ალტერნატიულ მარშრუტებს.

„დემოკრატიამ მშვიდობა შეუქცევადი უნდა გახადოს“

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა მშვიდობას დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით მიაღწია.

მისი თქმით, 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიასა და მშვიდობას შეუქცევადს გახდის.

„არჩევნების შემდეგ ჩვენმა დემოკრატიამ მშვიდობა შეუქცევადი უნდა გახადოს, ხოლო შემდეგ – მშვიდობის წყალობით – დემოკრატია გახდება შეუქცევადი“, – განაცხადა მან.

„ზოგიერთმა სასულიერო პირმა საომარი ჯგუფის ხელმძღვანელობა იკისრა“

ფაშინიანის თქმით, 2024 წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანთან ტავუშ-ყაზახის საზღვარზე დემარკაციის პროცესის დაწყებამდე სომხეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე იდგა.

„ჩვენ რომ არ დაგვეწყო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი 2024 წლის აპრილში, სომხეთი დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფო აღარ იქნებოდა“, — განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობდა და რომელიც დელიმიტაციის პროცესის შეწყვეტას ითხოვდა.

ფაშინიანის თქმით, ზოგიერთი მაღალი რანგის სასულიერო პირი და მათთან დაკავშირებული ოპოზიციური ძალები „დეზინფორმაციის კამპანიას“ აწარმოებდნენ და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ხელისუფლება აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიებსა და იქ მდებარე უძველეს ეკლესიებს გადასცემდა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პასუხი პირდაპირ საზოგადოებასთან დიალოგით გასცა.

ფაშინიანმა მაგალითად ტავუშის პროვინციის სოფელი კირანცი მოიყვანა, რომელიც საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. მისი თქმით, დელიმიტაციის შემდეგ სოფელში სახლების რაოდენობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ის მშვიდ და უსაფრთხო ადგილად იქცა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები საერთაშორისო ორგანიზაციებში ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს სომხეთში სინდისის თავისუფლება იზღუდება, ქვეყანაში დიქტატურაა და არსებობენ პოლიტიკური პატიმრები.

მისი თქმით, „ომის პარტიის“ გარშემო გაერთიანდნენ ყოფილი პრეზიდენტები, მათთან დაკავშირებული ძალები და ზოგიერთი რუსი და პრობელარუსული ოლიგარქი, რომლებიც სომხეთის დამოუკიდებლობას მესამე ქვეყნების ინტერესებს სწირავენ.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი საბჭოთა კაგებესთან თანამშრომლობდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს.

„ჩვენ არ დავუშვებთ ახალ კონფლიქტს და ახალ ომს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ათასობით სიცოცხლის ფასად მიღწეული მშვიდობა და დამოუკიდებლობა ანტიქრისტიანულ მიზნებს შეეწიროს“, — განაცხადა მან.

„მიმდინარეობს დიპლომატიური სამუშაოები ჩვენი თანამემამულეების დასაბრუნებლად“

ბაქოში მყოფ სომეხ პატიმრებზე საუბრისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება დიპლომატიურ მუშაობას აგრძელებს მათი გათავისუფლებისთვის.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ოთხი სომეხი პატიმარი გაათავისუფლა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ძალისხმევა დანარჩენების დაბრუნებისკენ მიმართა.

ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ საკითხის საჯარო პოლიტიკურ თემად ქცევის შემთხვევაში ეს შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული.

„ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ“

ყარაბაღელი სომხების საკითხზე საუბრისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობის სტრატეგია მათთვის სომხეთის მოქალაქეობის მიღებასა და ქვეყანაში მუდმივ დასახლებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია საბინაო პროგრამა, რომლითაც ამ დროისთვის 4,886 ოჯახმა ისარგებლა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არავინ გამოიყენოს ამ ადამიანების ემოციები და მათ დაბრუნების შესახებ ცრუ იმედები არ ჩაუნერგოს. ეს არის მინიშნება იმ განცხადებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან ვრცელდება.


რელევანტური