რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოზე – კომენტარები — Cnoba

Knews სიახლე 12 Mar 2026, 06:52

knews.ge რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოზე – კომენტარები ევროპარლამენტში „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ დებატები გაიმართა. გთავაზობთ კომენტარების ნაწილს, რაც ევროპარლამენტარებმა თავიანთ გამოსვლაში The post რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოზე – კომენტარები appeared first on knews.ge.

knews.ge
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოზე – კომენტარები

ევროპარლამენტში „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ დებატები გაიმართა.

გთავაზობთ კომენტარების ნაწილს, რაც ევროპარლამენტარებმა თავიანთ გამოსვლაში ისაუბრეს.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე: “ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია, ეს სიმართლე არაა. დღეს ქართველი ხალხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის უახლეს ისტორიაში, თუმცა, საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ “ამის მტკიცებულებაა წერილი, რომელიც გუშინ ელენე ხოშტარიასგან” მიიღო, რომელშიც ელენე ხოშტარია წერს:

სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ როგორი მადლიერი ვარ, როდესაც თქვენს ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას ვხედავ საქართველოს მიმართ, ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლის მიმართ. ფასდაუდებელია თქვენნაირი მეგობრების ყოლა ამ რთულ დროს. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩემი სახელი საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დღის წესრიგის ნაწილია. თუმცა ცხადია, რომ მთავარი მე კი არა, ქართველი ხალხია, რომელმაც წარმოუდგენელი გამძლეობა გამოავლინა რუსეთთან ბრძოლაში. ეს არ არის ბრძოლა ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის; ეს არის ბრძოლა ერის ღირსებისა და მისი ევროპული არჩევანის დასაცავად. მინდა, იცოდეთ, რომ მზად ვარ, ციხეში იმდენ ხანს ვიყო, რამდენიც საჭირო იქნება და პირადად ჩემი დაპატიმრების გამო არ ვწუხვარ. გაცილებით მნიშვნელოვანია, საკმარისი ყურადღება მიექცეს იმ სტრატეგიულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა დგას საქართველოში. ამას კი თქვენ ნამდვილად წარმატებით ახერხებთ. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი გამოყენება სავაჭროდ მოინდომოს, როგორც მძევლების. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის. როგორც იცით, ოპოზიციამ მოახერხა ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანება, რაც, მჯერა, დამატებით ბიძგს მისცემს საქართველოს საკითხს. ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბოლო დროს დაწესებულმა სანქციებმა აჩვენა, თუ რამდენად ეფექტურია ეს ზომები. სანამ ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძვის, მტკიცედ ვიბრძვით ჩვენც, პოლიტიკური პატიმრები, და თქვენი, ჩვენი მეგობრების, მტკიცე მხარდაჭერა ამ ბრძოლაში მაძლევს რწმენას, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას!”, – წერს ხოშტარია რასა იუკნევიჩიენესთვის გაგზავნილ წერილში.

წერილის წაკითხვის შემდეგაც ევროპარლამენტარმა მიმართა ქართველებს: “საქართველო და ქართველები, თქვენ დაკარგულები არ ხართ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის”.

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: თბილისს უნდა მოვუწოდოთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად. კანონები, რომლებიც თავისი ბუნებით რეპრესიულია, გაწვეულ იქნას. ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია მას დაეხმაროს. ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი – რეჟიმი ანტიდასავლური პროპაგანდით, დეზინფორმაციით მუშაობს, როგორც რუსეთი. ასე რომ, ევროკავშირის სანქციები არა მხოლოდ პროპაგანდისტული სტილის მედიას, არამედ იმ ადამიანებსაც უნდა შეეხოს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე.

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო: თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერი პირისთვის, ვინც უარს ამბობს იმაზე, რომ მმართველ პარტიას დაემორჩილოს. ოპოზიციის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის, აკადემიკოსებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რეპრესიები ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ჩვენ ევროკავშირისგან მკაცრი ზომების მიღებას მოვითხოვთ. მაგრამ რას ვხედავთ საბჭოში? არ არსებობს ნება, რომ მნიშვნელოვანი სანქციები გამოიყენონ ან იზოლაციაში მოაქციონ თბილისის ხელისუფლება. ვლადიმერ პუტინი გვიყურებს და ჩვენ ძალიან ცუდ მესიჯს ვგზავნით. საქართველოსთვის დროის გამოყოფა ღირს, მაგრამ მოვახერხებთ ამას, როდესაც კომისია იქ დემოკრატიისთვის არაფერს აკეთებს.

ევროპარლამენტარი ტომაშ ფროლი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს და არ სურს კიევად გადაიქცეს. ფაქტებს შევხედოთ – 8%-იანი ეკონომიკური ზრდა – ჩვენ ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს უსწრებენ. ეკონომიკის თვალსაზრისით ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში პირველ ადგილზე არიან. მათ რეჟიმის ცვლილება არ სჭირდებათ.

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი: ქართველმა ხალხმა ათწლეულების წინაშე ნათელი გახადა – მათ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს სჯერათ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობა. თუმცა, “ოცნების” ერთპარტიულ მმართველობას, პუტინის სახელმძღვანელოს გამოყენებით, ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს. ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პრო-ევროპული ხმები არსებული რეჟიმის მსხვერპლთა შორის არიან. მათ პატიმრობის წლები ემუქრებათ მხოლოდ ხმის ამოღებისთვის. როგორც ქართველი ხალხის მეგობრებმა, არ შეგვიძლია უმოქმედოთ ვიყოთ მაშინ, როდესაც ფუნდამენტური თავისუფლებები იშლება. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ და მსურს კიდევ ერთხელ ვახსენო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამიზნული სანქციების შემოღების საჭიროება, მისი გამანადგურებელი როლისთვის პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და ყველა ქართველზე.

The post რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოზე – კომენტარები appeared first on knews.ge.


რელევანტური