
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მისთვის საქართველოს ხელისუფლებას არ უთხოვია, ევროკავშირის ტრიბუნიდან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაყინვაზე ესაუბრა. ფაშინიანის თქმით, სომხეთს ეს ნამდვილად აწუხებს.
„ქართული მხარისგან თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი და ვმუშაობთ ამ დღის წესრიგზე და მე ჩემი შეშფოთება ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იმიტომ გამოვხატე, რომ მართლაც შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ ეს ნამდვილად გვაწუხებს“, – თქვა ფაშინიანმა.
11 მარტს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ EU-საქართველოს გაყინული ურთიერთობა არის სომხეთის EU-ში ინტეგრაციისთვის ყველაზე დიდი ხელის შემშლელი პრობლემა.
„ევროკავშირი ან მიგვიღებს სრულუფლებიან წევრად, ან – არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მესმის – ევროკავშირის გაფართოება და ახალი წევრის მიღება არ არის მარტივი საკითხი; ეს ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების თემაა. შესაბამისად, თუ ევროკავშირი სომხეთს სრულუფლებიან წევრად მიიღებს, ეს იქნება შესანიშნავი. თუ არა, ჩვენ მაინც მივიღებთ სარგებელს, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
თუმცა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგია. საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ.
ჩვენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა ხელშესახები გახადა. ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისევე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, – თქვა სომხეთის პრემიერმა.