გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასურველ დროს საირიგაციო წყლის შეუფერხებლად მისაღებად, წყალმომხმარებლებმა სარწყავი სეზონის დაწყებამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და მომსახურების ხელშეკრულებები დროულად გააფორმონ.
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, ხელშეკრულებების წინასწარ გაფორმება ფერმერებს საშუალებას აძლევს სარწყავი წყალი სასურველ დროს, დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიიღონ. მისივე თქმით, წყალმომხმარებლები მომსახურების საფასურს რეალურად მიღებული სერვისის შემდეგ გადაიხდიან და არა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
უწყების განმარტებით, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებები სარწყავი წყლის მიწოდების პროცესის უკეთ დაგეგმვასა და სისტემის ეფექტიან მართვას უწყობს ხელს.