2026 წლის 9 მარტიდან, სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკია. მას წოდება მორიგ ჯერზე [მესამედ] „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აუმაღლა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორს მამუკა მდინარაძეს ვადამდე მიენიჭოს, მორიგი უფროსი სპეციალური წოდება“, – წერია ბრძანებაში.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძე სპეციალურ წოდებას ანიჭებს და სტატუსს უმაღლებს. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ორ დღეში მან ორი სპეციალური წოდება მიიღო.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი, კენჭისყრაზე 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
მამუკა მდინარაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ყველა მოწვევის დეპუტატი იყო.
2016 წლის შემდეგ, მდინარაძე ძირითადად “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა. გარკვეული პერიოდი იყო ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
The post კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა appeared first on გურია ნიუსი.