სიახლე

უზენაესმა დასაშვებად ცნო მიხაილ ტიმოფეევის ექსტრადიცია რუსეთში – ადვოკატი

News.ge

ადვოკატ რუსუდან მჭედლიშვილის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის მოქალაქის, მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი. როგორც რადიო თავისუფლებას მჭედლიშვილმა განუცხადა, უზენაესმა გადაწყვეტილება მხარეთა დასწრების გარეშე მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე საქმის ზეპირ განხილვას ითხოვდა. ტიმოფეევის ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი წერილობით მას ორშაბათს ჩაბარდება. მისივე თქმით, […]

პირველწყარო →

ადვოკატ რუსუდან მჭედლიშვილის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის მოქალაქის, მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი.

როგორც რადიო თავისუფლებას მჭედლიშვილმა განუცხადა, უზენაესმა გადაწყვეტილება მხარეთა დასწრების გარეშე მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე საქმის ზეპირ განხილვას ითხოვდა.

ტიმოფეევის ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი წერილობით მას ორშაბათს ჩაბარდება. მისივე თქმით, „იუსტიციის მინისტრთანაც საქმე და მიღებული გადაწყვეტილება ორშაბათამდე არ გაიგზავნება“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია 4 სექტემბერს დასაშვებად ცნო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს.

მიმართვა იუსტიციის მინისტრს

ტიმოფეევის ადვოკატებმა იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას სახელზე მოამზადეს განცხადება, რომელშიც ითხოვენ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მინისტრმა უარი თქვას მის რუსეთისთვის გადაცემაზე.

დაცვის მხარე რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს. მათი განცხადებით, ტიმოფეევი ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, ოპოზიციონერი სერგეი ფურგალის ყოფილი თანაშემწეა, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 2004-2005 წლების მოვლენებს უკავშირდება და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გააქტიურდა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ბრალდებები შესაძლოა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული.

დაცვა ასევე მიუთითებს ხანდაზმულობის საკითხზე. მათი განცხადებით, ტიმოფეევმა რუსეთი 2020 წლის 24 თებერვალს დატოვა, ბრალი კი მოგვიანებით, 2021 წელს წარუდგინეს. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არის დამაჯერებელი მტკიცებულება, თითქოს მან ქვეყანა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით დატოვა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტიმოფეევთან დაკავშირებული მონაცემები INTERPOL-ის სისტემიდან წაიშალა. დაცვის მხარე ამას დამოუკიდებელ საერთაშორისო ინდიკატორად აფასებს, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური დევნის საბოლოო სამართლებრივ დადგენას არ ნიშნავს.

ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ ტიმოფეევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. განცხადების თანახმად, მას ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა აქვს, მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი და შეზღუდული აქვს გადაადგილება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთის პენიტენციურ სისტემაში მისი მოთავსებისა და ტრანსპორტირების შემთხვევაში ეს გარემოებები დამატებით რისკებს ქმნის.

დაცვის კიდევ ერთი არგუმენტია რუსეთის მიერ გაცემული დიპლომატიური გარანტიების შესრულებისა და დამოუკიდებელი მონიტორინგის შესაძლებლობა. ადვოკატების განცხადებით, მხოლოდ ფორმალური გარანტიები ვერ გამორიცხავს არაადამიანური მოპყრობის შესაძლო რისკს.

განცხადებაში დაცვის მხარე ასევე ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეს Sumbayev v. Georgia და აღნიშნავს, რომ ამ საქმეში საქართველოს მთავრობამ სასამართლოს აცნობა რუსეთისთვის ექსტრადიციებთან დაკავშირებით არსებული მორატორიუმის შესახებ. ადვოკატები ითხოვენ შეფასდეს, შეიცვალა თუ არა მას შემდეგ გარემოებები, რომლებსაც საქართველოს მაშინდელი პოზიცია ეფუძნებოდა.

დაცვის მხარე საბოლოოდ იუსტიციის მინისტრს სთხოვს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რისკების, საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და ჰუმანიტარული საფუძვლების გათვალისწინებით, უარი თქვას ტიმოფეევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციაზე.

ვრცლად


მსგავსი