ქალაქ რუსთავის N21 საჯარო სკოლაში, ინიციატივის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია.
შეხვედრა სამინისტროს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სფეროს წარმომადგენლებთან პირდაპირ დიალოგს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორები, სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ასისტენტები და მშობლები. მონაწილეებმა განიხილეს ინკლუზიური განათლების პროცესში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრის დასასრულს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაჭრის გზების მოსაძიებლად.