შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა მიერ არჩევითი საგნების რეგისტრაციის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, მომავალ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი ინტერესი, წინა წლის მსგავსად, კვლავ ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს ყველაზე მეტმა, 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევანი ისტორიაზე შეაჩერა, ხოლო მათემატიკა 15 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ აირჩია. მოთხოვნად საგნებს შორის მომდევნო ადგილზეა ბიოლოგია, რომელიც 4 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მონიშნა.
რაც შეეხება სხვა საგნებს, ქიმია, სამოქალაქო განათლება და გეოგრაფია თანაბარი პოპულარობით სარგებლობს — თითოეული მათგანი 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია. ლიტერატურა მიმდინარე წელს 1 700-ზე მეტმა გამოსაცდელმა მონიშნა, ფიზიკა — 1 100-ზე მეტმა, ხოლო ყველაზე ნაკლები ინტერესი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართ დაფიქსირდა, რომელიც მხოლოდ 280-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი მონაცემები აბიტურიენტების მრავალფეროვან ინტერესებზე მიუთითებს, რაც ერთნაირად მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს.
სპეციალისტების შეფასებით, არჩევითი საგნების აღნიშნული სტატისტიკა მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებული დღევანდელი მოთხოვნისა და მომავალი სტუდენტების პროფესიული პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.
The post რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.