საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს, სპორტულ საქმიანობაში მონაწილეობა 11 წლით აეკრძალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შარიქაძემ, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 2022 წელს კარდიფში უელსის წინააღმდეგ ისტორიულ გამარჯვებაში უწინამძღოლა, აღიარა, რომ გუნდელებს ტესტირებისთვის „სუფთა“ შარდს აწვდიდა.
6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა გიორგი ჭყოიძეს, 3-3 წლიანი – ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს და ცხრათვიანი – ლაშა ლომიძეს. ამასთან, 9 – წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს გუნდის ყოფილ მთავარ ექიმს, ნუცა შამათავას.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, World Rugby, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები დააფიქსირა, მიიჩნევს, რომ ნიმუშების შეცვლის ეს სქემა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.
გამოცემა Walesonline-ი წერს, რომ აღნიშნულ პირებს დისკვალიფიკაცია მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და მსოფლიო რაგბის ფედერაციის ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა სქემა, რომელიც ნიმუშების შეცვლას და დოპინგ-ტესტების წინასწარ გაფრთხილებებს ეხებოდა. გამოძიება, სახელწოდებით „ოპერაცია ობსიდიანი“, 2023 წელს დაიწყო და ხუთი შემთხვევა აღმოაჩინა, როდესაც მოთამაშეებმა შარდის ნიმუშები გაცვალეს.
The post მერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა – დისკვალიფიკაცია ასევე შეეხო რამდენიმე პირს appeared first on გურია ნიუსი.