ერთაოზ ბრეგვაძე “შერეკილებიდან” და “ცაში აფრენილი” ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი — Cnoba

GuriaNews სიახლე 24 Feb 2026, 09:06

“პირველ მერცხალში” რომ მეთამაშა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა” “ბიძაჩემმა იფიქრა, ბავშვი გაგიჟდაო და ჩამეკითხა: ფილმს რა ჰქვია, ბიძიაო? – “შერეკილები”-მეთქი, – ვუპასუხე. – აბა, ასპროცენტიანი დამტკიცებული იქნებიო! – ბეჭედი დაუსვა”. “ყოველთვის იმედიანი ვიყავი, მაგრამ ბოლო ხანს პესიმისტი გავხდი. არადა, არც გამოცდილება მაკლდა და არც ცოდნა და კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი”, – დანანებით ამბობს მსახიობი დავით […] The post ერთაოზ ბრეგვაძე “შერეკილებიდან” და “ცაში აფრენილი” ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი appeared first on გურია ნიუსი.

“პირველ მერცხალში” რომ მეთამაშა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა”

“ბიძაჩემმა იფიქრა, ბავშვი გაგიჟდაო და ჩამეკითხა: ფილმს რა ჰქვია, ბიძიაო? – “შერეკილები”-მეთქი, – ვუპასუხე. – აბა, ასპროცენტიანი დამტკიცებული იქნებიო! – ბეჭედი დაუსვა”.

“ყოველთვის იმედიანი ვიყავი, მაგრამ ბოლო ხანს პესიმისტი გავხდი. არადა, არც გამოცდილება მაკლდა და არც ცოდნა და კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი”, – დანანებით ამბობს მსახიობი დავით ჟღენტი – დაუვიწყარი “შერეკილების” ასევე დაუვიწყარი ერთაოზ ბრეგვაძე, მიზანა ბრეგვაძის შვილი” და არცთუ ხალისიანად იწყებს წარსულის გახსენებას. თუმცა გზადაგზა განწყობა ეცვლება და ხალისიც ემატება.

– ოზურგეთიდან ვარ და სკოლაც იქ დავამთავრე. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. სკოლაში დღიურ-კითხვარებს რომ ვავსებდი, იქაც კი ვწერდი, მსახიობობას ვაპირებ-მეთქი. საბედნიეროდ, ოჯახის წევრებმაც არ დამაბრკოლეს და კინოსტუდიაში, რეზო ჩხეიძის მიერ ახლადგახსნილ კინოსამსახიობო სასწავლებელში ვაბარებდი. გამოცდაზე ერთ-ერთი გამომცდელი იყო რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც, თურმე, იმხანად ფილმ “შერეკილებისთვის” მსახიობებს არჩევდა. უფრო ზუსტად, თითქმის დაესრულებინა შერჩევა და ორ კვირაში გადაღებას იწყებდა. ერთაოზ ბრეგვაძის როლზეც შეერჩია ვიღაც, მაგრამ ჩანს, გული ეთანაღრებოდა და მაინც განაგრძობდა ძებნას. პირველივე გამოცდის შემდეგ მისმა ასისტენტმა მომაკითხა, ბატონი ელდარი გიბარებთო. მეორე დღესვე მივედი ძველ კინოსტუდიაში, სადაც ელდარ შენგელაია, “შერეკილების” სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე და მხატვარი, ცხონებული თენგიზ მირზაშვილი დამხვდნენ. მახსოვს, ლექსი წამაკითხეს, რაღაცები გამომკითხეს და…

– არ გეუბნებოდნენ, რისთვის დაგიბარეს?

– არა. მხოლოდ ის გავიგონე, რეზო გაბრიაძემ რომ გადაულაპარაკა ელდარს, – აუ, ელდარ, ეგიაო. მაინც ვერ მივხვდი, რა უნდოდათ. მომდევნო დღესაც დამიბარეს, სასინჯი გადაღება ჰქონდათ, თურმე. მარგალიტას როლისთვის სალომე ყანჩელი და ლამარა ჭყონია მოსინჯეს, თუმცა ელდარი თავის იმჟამინდელ მეუღლეს, არიადნა შენგელაიას ამჯობინებდა, საბოლოო სიტყვა კი სამხატვრო საბჭოს უნდა ეთქვა. პარალელურად, მე უკვე ჩამრიცხეს სასწავლებელში და სასინჯი გადაღებიდან მეორე თუ მესამე დღეს, სასწავლებლის შესასვლელთან ელდარმა დამიძახა, – დამტკიცებული ხარ ერთაოზის როლზე, სამ-ოთხ დღეში ჭიათურაში, გადაღებაზე მივდივართო. სცენარიც მომაწოდა. გავოგნდი. ხმას ვერ ვიღებდი. თავი სიზმარში მეგონა. წარმოგიდგენიათ? – ოზურგეთიდან ჩამოსულ 18 წლის ბიჭს ელდარ შენგელაია მთავარ როლში მიღებდა! გაბრწყინებული სახით სასწრაფოდ შინ, ბიძაჩემთან გავიქეცი და სცენარი მივაწოდე, – ნახე, მთავარ როლში მიღებენ-მეთქი. ბიძაჩემმა იფიქრა, ბავშვი გაგიჟდაო და ჩამეკითხა: ფილმს რა ჰქვია, ბიძიაო? – “შერეკილები”-მეთქი, – ვუპასუხე. – აბა, ასპროცენტიანი დამტკიცებული იქნებიო! – ბეჭედი დაუსვა. გავგიჟდი, სცენარი რომ წავიკითხე: ერთია, მთავარ როლში რომ ხარ, მაგრამ სულ ჩემი ტექსტი მხვდებოდა, ფაქტობრივად, ფილმიც ჩემს გმირზე იყო. მოკლედ, წავედით გადაღებაზე, ჭიათურაში. თავიდან ძალიან გამიჭირდა ჩემიანების გარეშე, მშობლები და დედმამიშვილები ძალიან მენატრებოდნენ, მაგრამ მერე შევეჩვიე.

ისიც მანერვიულებდა, ღამეებიც კი არ მეძინა, ვაითუ კარგად არ გამომივიდეს რამე-მეთქი – ჩემ გარდა, ხომ, ყველა გამოცდილი მსახიობი იყო! მაგრამ მერე გავთამამდი. ელდარიც მაქებდა. სოფელ ითხვისსა და შუქრუთში ფილმის დასაწყისი გადავიღეთ და მიზანას სიკვდილით დავასრულეთ, შემდეგ თბილისში, კინოსტუდიის პავილიონში გადმოვინაცვლეთ. ნახევარი ფილმი – ერთაოზისა და ქრისტეფორეს (მსახიობი ვასილ ჩხაიძე) ქვევრში ჯდომის ეპიზოდები სულ იქ არის გადაღებული. ვასო არაჩვეულებრივი კაცი იყო, ინტელიგენტი, ისიც გურული, ოღონდ ლანჩხუთიდან. მარტოხელა გახლდათ, ერთი შვილი ჰყავდა და ძაღლი – რექსი, რომელსაც ყოველდღე დაასეირნებდა ლეონიძის ქუჩაზე… ერთხელ მაგარი ამბავი შემემთხვა: შევდივარ პავილიონში და ვხედავ, მე ვზივარ. გავშრი, გავოგნდი. ნამდვილად მე ანუ ერთაოზი ვიყავი – წითელი ლოყებით, სამოსით, ქალამნებით, ფეხი ფეხზე შემომედო და… შემეშინდა, ჰალუცინაცია ხომ არ დამეწყო-მეთქი, სხეული მოვისინჯე, მერე ნელ-ნელა მივუახლოვდი მეორე “მეს”და… ფიტული არ შემრჩა ხელში?! თურმე, საგანგებოდ დაემზადებინათ – ცათმფრენში, რომელიც საკმაოდ მაღლა დაფრინავს, ჩემი და ვასოს ნაცვლად სწორედ ის ორეულები სხედან…

ლეონიძის ქუჩაზეა გადაღებული ეპიზოდი, ხუტა (მსახიობი ბორია წიფურია) საჩუქრებით რომ მოდის და ხან ქათამი, ხან ვაშლი რომ უვარდება ხელიდან. მაშინ, ყოველი კადრის გადაღებისას, თითო ქათმის გაგლეჯა და შეჭმა მიწევდა.

– ვეგეტარიანელი რომ ყოფილიყავით, რაღას იზამდით?

– მაინც უნდა შემეჭამა. ისე, როგორ ფიქრობთ, სოფელში გაზრდილ ბიჭს ქათმის ხორცი არ მეყვარებოდა?… ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა გადაღების პერიოდში ბატონ ვასოსთან მქონდა. ოთხი დღის განმავლობაში მივლინებით სოფელ მუხრანშიც გაგვიშვეს – ცათმფრენი სწორედ იქ, სკოლის ეზოში “ავაგეთ”.

– ოდესმე ფრენაზე გიფიქრიათ?

განაგრძეთ კითხვა

The post ერთაოზ ბრეგვაძე “შერეკილებიდან” და “ცაში აფრენილი” ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური