სააგენტო "პარალელი"
“სოციალურად დაუცველთა ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ [დახმარება]” – ირაკლი კობახიძე
მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან კომენტარში, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია:
“ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, იგი პოლიტიკურად მტკივნეულია და ამის გამო წლების განმავლობაში თავშეკავებული პოზიცია იყო, ამასთან დაკავშირებით. პირადად მახსოვს, თუ არ ვცდები, 2014-15 წლებში, როდესაც დაიწყო ბაზების თვისებრივად გადამოწმება, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა ამ პროცესს – გამოჰყავდათ ადამიანები, აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება და ა.შ.
აქაც, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა მდგომარეობა არის ასეთი, რომ ერთგვარი მორატორიუმივით იყო 2020 წლის შემდეგ – სოციალური ბაზების გადამოწმებაზე, ეს არ იყო გადაწყვეტილება, უბრალოდ ასე ხდებოდა, რომ არსებითად ეს პროცესი არ დაწყებულა… 2020 წელს, კოვიდის გამო, გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ ხდებოდა ამ ბაზის გადამოწმება. შედეგად მივიღეთ, რომ ერთ-ერთმა უწყებამ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადაამოწმა 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი.
ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად ვიწყებთ შესაბამის პროცესს, მთლიანად გადამოწმდება სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ [დახმარება]“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“სოციალურად დაუცველთა ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ [დახმარება]” – ირაკლი კობახიძე
პარალელი