სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის პერიოდი 2022-2023 წლებს მოიცავს.
“აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სამივლინებო პროცესების მართვა საჯარო სექტორში
მოხელის მივლინებით გაგზავნის პროცესი საჯარო უწყებებში ფორმალურად გამართულია და დოკუმენტაციის წარმოებაც ორგანიზებულად მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მივლინებების რეალური საჭიროების და ხარჯთეფექტურობის სრულფასოვან შეფასებას.
სასტუმროში განთავსების ნორმების არარსებობა
ქვეყნის შიგნით განხორციელებული მივლინებების ფარგლებში, სასტუმროში განთავსების მარეგულირებელი ჩარჩო არ არის დადგენილი. შედეგად, საჯარო უწყებებს არ გააჩნიათ მკაფიო საორიენტაციო სტანდარტები განთავსების ხარჯების გონივრული ფარგლების განსაზღვრისთვის. მსგავსი საკანონმდებლო ხარვეზი, საჯარო ფინანსების ეკონომიური და ეფექტური ხარჯვის პრინციპების გათვალისწინებით, წარმოშობს საჯარო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს.
ნაკლოვანებები ავიაბილეთების შესყიდვის პროცესში
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო სექტორში საზღვარგარეთ მივლინებისთვის ავიაბილეთების შესყიდვის პროცესისთვის დამახასიათებელია არასისტემური მიდგომები, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური განკარგვის შესაძლებლობას წარმოშობს.
ნაკლოვანებები მივლინებულ პირებზე სადღეღამისო ნორმების გაცემისას
რიგ შემთხვევებში, სამივლინებო განაცხადებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება მომწვევი მხარის მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგს, რაც, შესაბამის უწყებებში კონტროლის მექანიზმების არასაკმარისი ეფექტურობის ფონზე, იწვევს სადღეღამისო ნორმების გაზრდილი მოცულობით გაცემას, რაც ზრდის საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური ხარჯვის რისკს“,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებსაც აუდიტი გასცემს, ასეთია:
რეკომენდაცია №1:
საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის გასაზრდელად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქვეყნის შიგნით მივლინებისას სასტუმროში განთავსების ხარჯების მაქსიმალური ლიმიტები. აღნიშნული ლიმიტები მიზანშეწონილია იყოს დიფერენცირებული ქალაქების/რეგიონების და სეზონურობის მიხედვით, ასევე შესაძლებელია დიფერენცირება თანამდებობის რანგის შესაბამისად, რომელიც მიზანშეწონილია კონკრეტულ ციფრებში იყოს გამოხატული.
რეკომენდაცია №2:
ავიაბილეთების შესყიდვის პროცესის ეფექტიანობის გაზრდის და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური განკარგვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ განიხილოს ერთიანი ცენტრალიზებული მიდგომის შემუშავების საკითხი საჯარო სექტორში, რაც შესაძლებელს გახდის ავიაკომპანიებისგან მოცულობითი ფასდაკლებების მიღებას.
The post “არაეკონომიური ხარჯვა და კონტროლის დეფიციტი”- რას წერს აუდიტი საჯარო მოხელეების მივლინებებზე? appeared first on გურია ნიუსი.