საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის გარკვეულობა. უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის ახლოს იყო თავის ხალხთან, სულიერ შვილებთან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არსებითი მოვალეობა არის იმ ადამიანების მსახურება, რომლებიც მის იურისდიქციას მიეკუთვნებიან. კანონიკური წესია, რომ პატრიარქი თავის სიცოცხლეში თუ არ დაასახელებს თავის მოსაყდრეს, მაშინ ის წერს ანდერძს. პატრიარქმა, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ძალიან ბრძენმა მწყემსმთავარმა, თავიდანვე სწორად გადაწყვიტა, სიცოცხლეშივე დაედგინა მოსაყდრე, რათა შემდგომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვები, უკმაყოფილება არ ყოფილიყო და დაპირისპირება არ გამოეწვია. პიროვნება სიცოცხლეშივე როცა ადგენს თავის მოსაყდრეს, ანდერძის საჭიროება უკვე აღარ არის. ამიტომ, არავითარი ასეთი ანდერძი აღარ არსებობს.
რაც შეეხება წესს მოსაყდრესთან დაკავშირებით, პატრიარქს სიცოცხლეში თუ არ ჰყავს დასახელებული თავისი მოსაყდრე და არც ანდერძი არსებობს, მაშინ ქიროტონიით, ხელდასმით უპირატესად ის ჩაითვლება მოსაყდრედ, ვინც წმინდა სინოდის წევრებს, მღვდელმთავართა შორის პირველია.
დღეს უკვე კითხვა აღარ არსებობს, რადგან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, პატრიარქმა თავის მოსაყდრედ, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი შიო. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებსა და საზოგადოებაში არავითარი კითხვა არ არსებობს“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
კითხვაზე, ფიზიკური ფორმით არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი, გიორგი ზვიადაძემ უპასუხა:
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს, რადგან მთელ მსოფლიოში აღიარებულმა, უდიდესი ავტორიტეტის მქონე საეკლესიო მოღვაწემ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაწყვიტა, თავის სიცოცხლეში თავად გამოეცხადებინა წერილობითაც და სიტყვიერადაც, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს, ამის საჭიროება საერთოდ არ იყო“.
The post „არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს“ – გიორგი ზვიადაძე appeared first on .