
ბათუმში, ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში დედამ ახალშობილს ყელი გამოჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მედინას კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკის თანამშრომელმა საპირფარეშოში იმშობიარა, შემდეგ კი ბავშვს ყელი გამოჭრა. მისი თქმით, ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია, დედასთან კი ფსიქიატრი მუშაობს.
“ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია… მკვდარია ეს ბავშვი რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული… რომ ატყდა ჩოჩქოლი და არ გამოვიდა საპირფარეშოდან, ამ ქალსაც უამრავი სისხლის დანაკარგი, მერე ატყდა ერთი ამბავი… ბავშვი ცოცხალია, მაგრამ როგორი მდგომარეობაა იცით, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს… ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას” – თქვა უნგიაძემ.
დღეს სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლინიკაში გამთენიისას ამავე კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანებები, რის შემდეგაც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და აპირებდა მის მოშორებას. იმედი აგრეთვე წერს, რომ აღნიშნული ქალბატონი ახალშობილთან ერთად დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ამავე კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ, ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.