დავით ჩუთლაშვილი: სტალინისთვის ეს ხალხი „გამარჯვებული ქვეყნის“ იმიჯს აფუჭებდა. მათ „ქალაქის ნაგავს“ უწოდებდნენ — Cnoba

News.ge სიახლე 22 Feb 2026, 11:52

ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი: „სამოვარების“ კუნძული: როგორ გააქრო იმპერიამ ვეტერანები ქუჩებიდან ეს არის რუსეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ გადაუხადა მადლობა იმპერიამ იმ ადამიანებს, რომლებმაც მის გადასარჩენად ფრონტზე საკუთარი სხეულის ნაწილები და ჯანმრთელობა დატოვეს. წარმოიდგინეთ, გამარჯვების პარადები, ორდენები, ყვირილი „გამარჯვებას გაუმარჯოს!“ — და ამ ფონზე, ათასობით ადამიანი, რომლებსაც ხალხი დაცინვით […]

ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:
„სამოვარების“ კუნძული: როგორ გააქრო იმპერიამ ვეტერანები ქუჩებიდან
ეს არის რუსეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ გადაუხადა მადლობა იმპერიამ იმ ადამიანებს, რომლებმაც მის გადასარჩენად ფრონტზე საკუთარი სხეულის ნაწილები და ჯანმრთელობა დატოვეს.
წარმოიდგინეთ, გამარჯვების პარადები, ორდენები, ყვირილი „გამარჯვებას გაუმარჯოს!“ — და ამ ფონზე, ათასობით ადამიანი, რომლებსაც ხალხი დაცინვით „სამოვარებს“ (самовары) ეძახდა, რადგან მათ არც ხელები ჰქონდათ და არც ფეხები.
1940-იანი წლების ბოლოს საბჭოთა დიდ ქალაქებში — მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში — საშინელი სურათი იდგა. ქუჩები, ბაზრები და სადგურები სავსე იყო ომის ინვალიდებით. ბევრი მათგანი მათხოვრობდა, სვამდა ან წვრილმანებით ვაჭრობდა, რადგან სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსია (თანამედროვე კურსით დაახლ. 8-12 დოლარი თვეში) პურის ფულადაც არ ჰყოფნიდათ.
სტალინისთვის ეს ხალხი „გამარჯვებული ქვეყნის“ იმიჯს აფუჭებდა. მათ „ქალაქის ნაგავს“ უწოდებდნენ.
🧹 ოპერაცია „დასუფთავება“
1949 წელს, სტალინის 70 წლის იუბილეს წინ, დაიწყო მასობრივი წმენდა. ერთ ღამეში, მილიციამ და НКВД-მ ქუჩებიდან აიყვანა ყველა ინვალიდი, რომელსაც ოჯახი და პატრონი არ ჰყავდა.
სად წაიყვანეს?
ისინი სატვირთო ვაგონებში შეყარეს და შორს, ჩრდილოეთში, ლადოგის ტბაზე მდებარე ვალაამის კუნძულზე გადაასახლეს.
რატომ ვალაამი?
ეს იყო იზოლირებული ადგილი, ყოფილი მონასტერი, საიდანაც გაქცევა შეუძლებელი იყო. კუნძული იქცა „ინვალიდთა სახლად“, რომელიც რეალურად ყველა მახასიათებლის მიხედვით ციხეს წარმოადგენდა.
🏺 „საბჭოთა სამოვარები“
ყველაზე მძიმე ბედი მათ ეწიათ, ვინც ომში ოთხივე კიდური დაკარგა. მათ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ცინიკურად „სამოვარებს“ უწოდებდნენ.
მათ ბალიშებზე სვამდნენ, ხანდახან კალათებითაც გადაჰყავდათ.
ვალაამზე ასეთი ადამიანებისთვის არანაირი პირობები არ არსებობდა. მათ ხშირად თვეობით არ ბანდნენ, საჭმელს კი მხოლოდ გადასარჩენად აჭმევდნენ.
ბევრი მათგანი იქ საკუთარი ნებითაც წავიდა, რადგან არ სურდათ ოჯახისთვის ტვირთად ქცეულიყვნენ (ასეთი იყო ის „ოჯახური ფასეულობები”, რაზეც საავტორო უფლებას დღეს იჩემებს), თუმცა კუნძულზე მათ მხოლოდ ნელი სიკვდილი ელოდათ.
🕯️ დავიწყებული საფლავები
ვალაამზე გადასახლებულთა შესახებ ინფორმაცია ათწლეულების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.
ბევრ მათგანს საბუთებიც არ ჰქონდა. მათ მხოლოდ ნომრებით აღრიცხავდნენ.
ოჯახებს ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მათი ახლობელი „უგზო-უკვლოდ დაიკარგა“, მაშინ როცა ის ვალაამის ყინულოვან კედლებში იტანჯებოდა.
დღეს კუნძულზე ათასობით პატარა, უსახელო ბორცვია, სადაც მხოლოდ ხის პატარა ფიცრები იდო ნომრებით. ამჟამად იქ მემორიალია, მაგრამ უმეტესობის ვინაობა ისტორიამ შთანთქა.
დასახიჩრებულ საბჭოთა ვეტერანებს წაართვეს ყველაფერი: ჯანმრთელობა ფრონტზე, ხოლო ღირსება და სახელი — სამშობლოში.
ვალაამის ტრაგედია არის ყველაზე ცხადი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთისთვის ადამიანი მხოლოდ „მასალაა“. სანამ ჯანმრთელი ხარ — გიყენებენ, მაგრამ როგორც კი „გამოუსადეგარი“ ხდები — ნაგავივით გიშორებენ თავიდან, რათა „ლამაზი ხედი“ არ გააფუჭო.

რელევანტური