საქართველო გახდა ერთადერთი ევროპული ქვეყენაა, რომელსაც აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის $15 000-მდე დეპოზიტის გადახდა დაუწესა — Cnoba

ჯემნიუსი სიახლე 20 Mar 2026, 15:54

ახალი რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის 2 აპრილიდან შევა და შეეხება სამოგზაურო ვიზებსაც

აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის დეპოზიტის გადახდა დააწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზის მისაღებად მაღალი ოდენობის ფინანსური დეპოზიტის გადახდა მოუწევთ.

შესაბამისად, საქართველო გახდა ერთადერთი ევროპული ქვეყენაა, რომელსაც აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის $15 000-მდე სავიზო დეპოზიტის გადახდა დაუწესა.

საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესება აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება.

რას გულისხმობს ახალი რეგულაცია

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის 2 აპრილიდან შევა და შეეხება სამოგზაურო ვიზებსაც. ცვლილების მიხედვით, გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს ვიზის განაცხადის პროცესში 5 000-დან 15 000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ. თანხის საბოლოო ოდენობა განისაზღვრება საკონსულოში გასაუბრების დროს.

საქართველოს გარდა, სიაში მოხვდნენ კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი – ქვეყნები, რომლებიც შეფასებულია, როგორც ვიზის პირობების დარღვევის შედარებით მაღალი რისკის მქონე სახელმწიფოები.

ამ გადაწყვეტილებით “მაღალი რისკის“ ქვეყნების რაოდენობა დაახლოებით 50-მდე გაიზარდა, ხოლო საქართველო ამ სიაში ერთადერთი ევროპული ქვეყანაა. ეს გარემოება, სავარაუდოდ, დამატებით პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკუსიას გამოიწვევს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, დეპოზიტის გადახდა ავტომატურად არ ნიშნავს ვიზის გაცემას. ის წარმოადგენს ფინანსურ გარანტიას, რომ ვიზის მფლობელი დაიცავს პირობებს და დროულად დატოვებს აშშ-ის ტერიტორიას. თანხა სრულად დაუბრუნდება განმცხადებელს იმ შემთხვევაში, თუ ის ვიზის ვადის ამოწურვამდე დაბრუნდება სამშობლოში ან საერთოდ არ იმოგზაურებს.

ვიზის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს დეპოზიტის გადასახდელად 30-დღიანი ვადა ექნებათ, რის შემდეგაც გაიცემა ერთჯერადი შესვლის ვიზა მაქსიმუმ სამთვიანი მოქმედების ვადით.

პროცედურის ფარგლებში სავალდებულოა შესაბამისი საგარანტიო დოკუმენტის წარდგენაც, რომელიც უკავშირდება დეპოზიტის მექანიზმს და უზრუნველყოფს ვიზის პირობების შესრულების ფინანსურ გარანტიას.

ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი მიდგომა შესაძლოა დამატებით ბარიერად იქცეს რიგითი მოგზაურებისთვის, თუმცა ამავე დროს ასახავს აშშ-ის მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენციას.

საგარეო უწყების განმარტება

“საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული.

ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში. ეს გადაწყვეტილებაც გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე.” – აცხადებენ საგარეო უწყებაში.


რელევანტური