ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან — Cnoba

News.ge სიახლე 19 Mar 2026, 08:43

მწერალი ირაკლი კაკაბაძე: ცხოვრებაი საკვირველი პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან. პირადად მისი საოცრად მადლობელი ვარ და ამის გამო ვერანაირად ვერ ვიქნები მიუკერძოებელი. დღეს, უდავოა რომ მთელი ქვეყანა ტირის და გლოვობს. პატრიარქის და ქართული ეკლესიის მაძაგებლებიც კი […]

მწერალი ირაკლი კაკაბაძე:
ცხოვრებაი საკვირველი
პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან. პირადად მისი საოცრად მადლობელი ვარ და ამის გამო ვერანაირად ვერ ვიქნები მიუკერძოებელი. დღეს, უდავოა რომ მთელი ქვეყანა ტირის და გლოვობს. პატრიარქის და ქართული ეკლესიის მაძაგებლებიც კი დროებით მაინც ჩუმად არიან. ცხადია, ამას პირველ რიგში განაპირობებს თვით პატრიარქის პიროვნება და მისი საოცარი თვისებები, რომელმაც უკანასკნელი 48 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ქართველს შეაყვარა თავი. მათს შორის ერთ-ერთი მეც ვარ. ის ყოველთვის გვერდში მედგა, ნაცემს, დაჭრილს, საპატიმროში თუ ემგირაციაში მყოფს და ყოველთვის მაძლევდა სიცოცხლის ხალისს. ეს თვისება ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი სეკულარული ადამინისათვის, ყოველთვის განმაცვიფრებელი იყო. სიცოცხლის საოცარი სიყვარული ჩვენი უკანასკნელი პატრიარქის საოცარი ნიჭი იყო და ეს სიყვარული მუდამ გადამდები იყო.
მე ახლა მინდა დავწერო ჩემი აზრი, კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, როგორც ქართული ეკლესიის საჭეთმპყობელის და ქართველთა სულიერი მამის შესახებ. რა თქმა უნდა, კრიტიკის გარეშე ამქვეყნად არავის მოღვაწეობას არ ჩაუვლია და ჩვენ კარგად ვიცით უკვე ბევრი კრიტიკოსის აზრი – შიგნიდანაც და გარედანაც. ისტორია შეაფასებს რა იყო სამართლიანი და რა არა. მაგრამ, ერთი ისტორიული ფაქტი უდავოა. ილია მეორემ, საკუთარი მოღვაწეობით დიდი გარდატეხა შემოიტანა როგორც საეკლესიო, ისე საერო ცხოვრებაში. 1977 წლისათვის, როდესაც მისი აღსაყდრება მოხდა, საქართველო იყო საბჭოთა კოლონია, რომელშიაც ოფიციალურად გამეფებული იყო ათეისტური ტოტალიტარიზმი და უსაზღვრო მატერიალიზმის გაცხადებული ბატონობა. სწორედ მისი აღსაყდრების შემდგომ დაიწყო საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობაც და ქრისტიანული მოძღვრების მოქალაქეთა ფართო მასებში ქადაგებაც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ილია მეორის პატრიარქად კურთხევას 1970-იან წლებში მხარს უჭერდნენ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის საერო ლიდერებიც: ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. სიონის ეკლესიაში იკრიბებოდნენ დისიდენტური მოძრაობის ყველა თაობის ლიდერები. საკუთარი ბავშვობიდან მახსოვს რომ სიონის საკათედრო ტაძარში ვნახულობდით სწორედაც რომ საქართველოს მთავარ გამათავისუფლებლებს. საბჭოთა მატერიალისტური დიქტატურის პირობებში ილია მეორის რეზიდენციის გვერდზე იყო სწორედ თავისუფლებისათვის ბრძოლის ცენტრი. პატრიარქის ძველი რეზიდენცია ხომ სიონის ტაძრის გვერდზე იყო. მახსოვს 1980-იან წლებშიაც იქ იკრიბებოდა ყველაზე პროგრესული ახალგაზრდობაც. საბჭოთა ხელისუფლება აღდგომის დღესასწაულის – ლიტანიობის დღესასწაულზე – სპეციალურად უშვებდა ტელევიზიით ყველაზე უფრო აკრძალულ ‘დასავლურ ფილმებს’, იმის იმედით რომ ახალგაზრდობა არ წავიდოდა ეკლესიაში – და სულ ამაოდ. ეკლესია მუდამ ივსებოდა. ჩვენ სწორედაც რომ ასე გავიზარდენით, რომ პატრიარქ ილია მეორის დროს ეკლესიაში წასვლა სწორედაც რომ პროგრესის ნიშანი იყო. ‘სულიერების ფილოსოფიამ’ ახალგაზრდობაში სწორედ მაშინ მოიკიდა ფეხი. და ამაში დიდი როლი შეასრულა თვით პატრიარქმა – ეს არ იყო უბრალოდ დროის ნიშანი: ამ ფაქტს თან ახლდა ილია მეორის განსაკუთრებული ურთიერთობის ნიჭი რიგით ადამიანებთან: აკადემიური მოღვაწეებით დაწყებული და საბჭოთა ‘მუშურ-გლეხური კლასის’ წარმომადგენლებთანაც. ადამიანები პირადად მისგან სითბოს და სიყვარულს გრძნობდნენ და ეს მათ ეკლესიისაკენ იზიდავდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად 1970-იან და 80-იან წლებში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მეორე ცენტრად სწორედ სიონის ტაძრის მრევლი იქცა, სადაც თქვენ ნახავდით გია ჭანტურიასაც, ზურაბ ჭავჭავაძესაც, ირაკლი წერეთელსაც, თამარ ჩხეიძესაც, და ბევრ სხვა ახალგაზრდა ლიდერსაც. ზოგიერთი მათგანი სტიქაროსანი იყო, ზოგიერთი საპატრიარქოში მაშინ მუშაობდა კიდეც. ეს ყველაფერი შესაძლებლი გახდა ილია მეორის წყალობით.
ილია მეორეს არაჩვეულებრივად გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა. მას შეეძლო საუბარი მის უკიდურესად მოძულეებთანაც.
მე კარგად მახსოვს, როგორ თქვა საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს პატრიარქის შესახებ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მთავარმა ლიდერმა: ‘ის არის დიდი პოლიტიკოსიო’. და ეს მართალი იყო. ცხადია, ილია მეორე არ გახლდათ არც ერთი პარტიის წევრი. მაგრამ ის საერთო-ეროვნულ პოლიტიკას წარმართავდა. და უკანასკნელი 48 წლის განმავლობაში ის იყო ყველაზე უფრო სტაბილური წარმმართველი ქართული ზოგადსახელმწიფოებრივი პოლიტიკისა. ზოგიერთი კრიტიკოსი მას ამბივალენტობას აწერს. თუმცა, ვფიქრობ რომ მისი ზომიერება იყო მისი არა-ამბივალენტური ღირსება – ის არასდროს კარგავდა წონასწორობას და ნამდვილად უდიდესი ძალაა. აქვე არა-ამბივალნტურად მინდა ვთქვა, რომ ყველა დროს და ყველა ქვეყანაში ყველა ეკლესია არის უდავოდ პოლიტიკური ორგანიზაცია – ეკლესია თუ იდეას ემსახურება ავად თუ კარგად – ნებისმიერი იდეა არის პოლიტიკა ამ სიტყვის საუკეთესო და ფართე მნიშვნელობით. ჩვენს ისტორიაში არაერთი ფიგურაა, რომელთაც განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა. წმინდა ნინოს მიერ ქართლის სამეფოს გაქრისტიანებამ დასაბამი დაუდო საქართველოს რომაულ ორიენტაციას იმპერატორი კონსტანტინეს პერიოდში და ნიკეის კრებიდან სულ ცოტა ხანში. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური აქტი. წმინდა შუშანიკის წამებამ დასაბამი დაუდო ვახტანგ გორგასლის ‘ბერძენთა სიყვარულის’ ქალკედონურ პოლიტიკას, რომელიც უკვე ჩამოყალიბების გზაზე მყოფ ბიზანტიის იმპერიასთან აახლოვებს საქართველოს. ქართული ნეოპლატონური ფილოსოფია აყალიბებს სწორედ იმ სულიერების საფუძველს, რომელზეც დგება შემდგომ ქართული სახელმწიფო. გაერთიანებული საქართველოს ნამდვილი საფუძველჩამყრელი კი ყოველ ეჭვს გარეშე გახლდათ გრიგოლ ხანძთელი. მის გარეშე არ იქნებოდა ერთიანი საქართველო. ყველანაირი პოლიტიკა იდეიდან იბადება და ის დიდი იდეა საქართველოში ძირითადად ეკლესიიდან მოდიოდა. გელათის აკადემიაც დავით აღმაშენებლმა ეკლესიის წიაღში დააარსა – იოანე პეტრიწი სწორედაც რომ ეკლესიური მოღვაწე იყო. საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ეკლესიასთან. ქართული პოლიტიკის ‘დასავლური ორიენტაციაც’ დიდწილად საეკლესიო მოღვაწეების დამსახურება იყო. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეშიც საეკლესიო მოღვაწეები დიდ როლს თამაშობდნენ, გაბრიელ ქიქოძე, ამბორის ხელაია, კალისტრატე ცინცაძე და სხვებიც.. სულიერების გარეშე არ არსებობს ქველი პოლიტიკა.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის როლი განუზომლად დიდია გასული ნახევარი საუკუნის ისტორიულ მოვლენებში. და თუ საქართველო სადმე წინ წავიდა, ამაში მისი დიდი წვლილიც იყო. კრიტიკოსები მასზე ბევრს ლაპარაკობენ – ახსენებენ იმას რომ მისი დანიშვნა ვერ მოხდებოდა საბჭოთა უშიშროების გარეშე. უნდა თქვას რომ ზვიად გამსახურდიას გარდა, 1992 წლიდან საქართველოს ყველა მმართველი ასე თუ ისე იყო მაინც დაკავშირებული ან საბჭოთა ან რუსული იმპერიის სტრუქტურებთან. ჩემთვის პირადად განმაცვიფრებელი ისაა, რომ 1970-იან წლებში, როდესაც ადამიანებს ეკლესიაში სიარულისთვის ან იჭერდნენ და ან სამსახურიდან აგდებდნენ, ილია მეორემ მოახერხა სწორედაც რომ რამოდენიმე ტაძარში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრების გაკეთება. ეს უდიდესი გმირობა იყო. და ამავე დროს, ზუსტადაც რომ ყველაზე პროგრესული ახალგაზრდობა იმ პერიოდში სწორედ ეკლესიაში დადიოდა. ახლა, ეს შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რადგან დღეს ჩვენთან ბიოპოლიტიკური მატერიალიზმი საკმაოდ მომძლავრებულია – მაგრამ ეს ფაქტია. 1970-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების განმავლობაში ‘სულიერება’ იყო პროგრესის ნიშანი. მაშინდელი ახალგაზრდობა ან პლატონზე საუბრობდა, ან ფრანჩესკო ასიზელზე. ან პავლე მოციქულზე, ანაც პეტრე იბერის თუ იოანე პეტრიწის მემკვიდრეობაზე. საინტერესოა, რამდენი პარალელი მოეძებნება ამას დღეს.
აქვე, პირდაპირ და არა-ამბივალენტურად უნდა: თუ საქართველოს სიცოცხლე და კარგი მომავალი უწერია, ეს აუცილებლად ‘სულიერი პოლიტიკის’ შედეგი უნდა იყოს. მატერიალიზმი, ბიოპოლიტიკა და ფიზიოკრატია შედეგს არ იძლევა. იდეა განსაზღვრავს ყველა პოლიტიკას – კუჭი ამას ვერ აკეთებს. მარქსიზმის კრახის მთავარი მიზეზი მისი მატერიალიზმი იყო. დღევანდელი ნეოლიბერალური ფიზიოკრატიული მატერიალიზმის კრახიც სწორედ ‘უსულობით’ არის გამოწვეული. ადრე საბჭოთა მარქსისტები კრძალავდნენ სულიერებას, ახლა ბიოპოლიტიკოსი მატერიალისტები ტაბუს ადებენ ამ სიტყვასაც კი. ილიამ მეორის მოღვაწეობის პერიოდში ეს სიტყვა აღორძინდა. და ცხადია, ‘ჯერ იყო სიტყვა’, რომელსაც ქმედება უნდა მოჰყვეს. ვერავინ წარმოიდგენდა იმ შორეულ 1977 წლს რომ ეკლესიას ამდენი ადამიანი შეაფარებდა თავს.
მოდით ესეც პირდაპირ ვთქვათ და არა ამბივაენტურად: დღეს მთელი კაცობრიობა იბრძვის ფიზიკური გადარჩენისათვის. მას მოეძალა მატერალისტური ბიოპოლიტიკის ჭირი. და ძველი პლატონური ჭეშმარიტება ‘სულის მოფრთხილებისა და გადარჩენის’ შესახებ, რომელიც არაჩვეულებრივად არის წარმოთქმული ‘სოკრატეს აპოლოგიაში’ მხოლოდ სულიერების პრაქსისის საშუალებით შეიძლება შენარჩუნდეს. ამ ამ პრაქსისის უდიდესი მაგალითია ქრისტიანული მოძღვრება. ქართველ ერს – სხვებთან ერთად – ამის დიდი ტრადიცია გააჩნია. ილია მეორის მოღვაწეობამ შეგვაგრძნობინა რომ გრიგოლ ხანძთელის გზაზე დავმდგარიყავით – რომ ეს იყო ნამდვილი აღორძინების გზა. მე მქონდა ბედნიერება ეს საკუთარი თვალით მენახა და შემესმინა.
მე ამას ვწერ, როგორც სრულებით სეკულარული ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ ვერ არის განსაკუთრებით ეკლესიური, მაგრამ რომლისთვისაც ეს იდეა ერთადერთი გადარჩენის გზაა. როგორც სოკრატე გვეუბნება, სულის გადარჩენაა მთავარი და არა სხეულისა. სხეული წარმავალია, ისევე როგორც სიმდიდრე. მაგრამ სული მარადიულია, ისევე როგორც სამყარო.
დღეს ჩვენ, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა, დიდ გზაჯვარედინზე ვდგავართ: ან ჩვენ დავნებდებით ბიოპოლიტიკური მატერიალიზმის შემოტევას და ამას უთუოდ მოჰყვება გლობალური კატასტროფა, ანკი ჩვენ ავიღორძინებთ სულიერებას და მოხდება ‘ლაზარეს აღდგინება’. ამაზე არაჩვეულებრივად საუბრობს თავის ლექციებში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ეს გზა არ არის იოლი – ბევრი ცდუნებაა გზაზე ყალბი მატერიალისტური ‘წარმატების’, ‘მოპოვების’, ‘დაგროვების’, სიხარბის, თუ ბიოლოგიური ინსტიქტების მონობის. თავისუფლება პირველ რიგში სწორედ ამ ბიოლოგიური ინსტიქტებისაგან განთავისუფლებას ნიშნავს – და ეს მიიღწევა მხოლოდ სიყვარულით და შემოქმედებით. მერაბ კოსტავას ‘ქრისტესმიერი სიყვარული’ არამატერიალური ქმედებაა, ისევე როგორც ვაჟას შემოქმედება ‘სტუმარ მასპინძელია’. ილია მეორემ ჩვენ გვანახა სიყვარული და შემოქმედებაც. ახლა ჯერი ჩვენზეა – ჩვენც უნდა შევძლოთ ეს. მის დროში ეს კიდევ უფრო რთული იყო – მას მძიმე ფიზიკური სასჯელი ემუქრებოდა მატერიალიზმიდან ერთი გადახვევისთვისაც – ჩვენ კი მხოლოდ ცდუნებაზე უნდა ვთქვათ უარი და სწორ გზას დავადგეთ.
კათოლიკოს პატრიარქმა თქვა რომ ილოცებდა ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც მას აძაგებდა. მან შენდობა სთხოვა საჯაროდ ერს და ბერს. სწორედ ეს არის ნამდვილი ჰუმანიზმის მაგალითი.
ჩემთვის, როგორც რიგით ქართველისათვის და მსოფლიო მოქალაქისათვის ილია მეორის მოღვაწეობა იყო ჭეშმარიტად ‘ცხოვრებაი საკვირველი’ მთელი თავისი სირთულეებითა და გოლგოთით.
ღმერთმა მოგვცეს ძალა რომ სიყვარულმა და შე-მოქმედებამ გაგვაერთიანოს. კათოლიკოს-პატრიარქმა ამის მაგალითი დაგვიტოვა. ახლა საბედისწერო შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

რელევანტური