რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მძიმე დანაკლისის გამო“, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.
რუსეთის პატრიარქი წერს, რომ „ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას პატრიარქი უბოძა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მის კეთილდღეობაზე დაუღალავ ზრუნვას მიუძღვნა“.
„უწმინდესისა და უნეტარესის, ილიას თითქმის ორმოცდაათწლიანი პატრიარქობა ქართული ეკლესიისა და მთელ მართლმადიდებლურ ცხოვრებაში ეპოქის აღმნიშვნელი გახდა. თავისი მორჩილი მსახურებითა და განსჯის უნიკალური ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც მოიპოვა. როგორც უამრავი ბავშვის ნათლია, ის ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა გახდა“, – წერს პატრიარქი კირილე.
რუსეთის პატრიარქი კირილე აღნიშნავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
„მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში განათლება მიღებულმა, სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა სიყვარული წმინდა სერგეისა და მისი სავანის მიმართ და მას ქრისტეს კურთხევით ჩვენი ხალხების სულიერი ერთობის შენარჩუნება აუცილებლობად მიაჩნდა. მართლმადიდებელ წინამძღვართა შორის უხუცესმა, მან თავისი ბრძნული სიტყვით, გამოცდილებით, ღრმა ეკლესიური ცხოვრებითა და მაღალი ავტორიტეტით ეკლესიებში მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პირადად ჩვენ ძალიან თბილი და ნდობის სავსე ურთიერთობა გვქონდა, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეცვალა აზრები და ობიექტურად შეგვეფასებინა საბჭოთა კავშირში საეკლესიო და სახელმწიფო ურთიერთობების განვითარება. ეს ნდობა გვეხმარებოდა, რომ ერთად გვემუშავა, რათა შემემსუბუქებინა უღვთო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ტვირთი და ჩვენს მაშინდელ ერთიან ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიების მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. დაე, უფალმა იესო ქრისტემ ზეციურ სავანეში დაამკვიდროს თავისი ერთგული მსახურის სული“, – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.