
პატიმრების კვება
პატიმრების კვების შესახებ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რვა დღეში პენიტენციურმა სამსახურმა კომპანია „ილი ჯგუფთან“ რამდენიმეწლიანი კონტრაქტი ვადამდე შეწყვიტა. გადაწყვეტილება მოჰყვა მასალას, რომელმაც ციხეებში კვების სისტემური პრობლემები და ასეულობით დარღვევა გამოააშკარავა.
გამოძიებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო უწყება წლების განმავლობაში ფლობდა ინფორმაციას დარღვევების შესახებ, თუმცა კომპანია მაინც ინარჩუნებდა კონტრაქტს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონ ლარს იღებდა.
გამოძიება, რომელმაც გადაწყვეტილება დააჩქარა
4 მარტს გამოქვეყნებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაასაჯაროვა პენიტენციური სამსახურის კვების ინსპექტირების კომისიის შიდა მასალები. დოკუმენტებში აღწერილი იყო, რომ კომპანია „ილი ჯგუფი“ ექვსი წლის განმავლობაში სისტემატურად არღვევდა კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს და პატიმრებს უხარისხო საკვებით ამარაგებდა.
მასალები, რომლებიც წლების განმავლობაში დახურული იყო, სასამართლო დავის შედეგად გახდა საჯარო. ისინი მოიცავს 2019–2025 წლებში ჩატარებული შემოწმებების ანგარიშებს და აღწერს ასეულობით დარღვევას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემების შესახებ პენიტენციური სამსახური ინფორმირებული იყო, კონტრაქტი კომპანიასთან არ წყდებოდა. ამ პერიოდში სახელმწიფომ პატიმრების კვებისთვის „ილი ჯგუფს“ 180 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა.
რა შეიცვალა მარტში
რეაგირება გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. 10 მარტს პენიტენციურმა სამსახურმა კომპანიას დაახლოებით 600 ათასი ლარის პირგასამტეხლო დააკავა, ჩამოართვა 1 მილიონ 100 ათასი ლარის საბანკო გარანტია და ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.
მომსახურების შეწყვეტის შემდეგ უწყებამ ახალი მომწოდებელი დაჩქარებულად, ტენდერის გარეშე შეარჩია. 12 მარტიდან ციხეებში კვების უზრუნველყოფა კომპანია „გიორგი 2020-მა“ დაიწყო.
გადაუდებელი ხელშეკრულების მიხედვით, ორი თვის განმავლობაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დაახლოებით 11 800 პატიმრისა და 2 126 თანამშრომლის კვება. ამ მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ბიზნესრეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ნათია არჩვაძეა, ხოლო მისი მფლობელები ვახტანგ ლომინეიშვილი და ოთარ კვარაცხელია არიან.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, კომპანია ბაზრის კვლევის შედეგად შეირჩა და ის იყო ერთადერთი, რომელსაც მომსახურების დაწყება დაუყოვნებლივ, 12 მარტის დილიდან შეეძლო.
დარღვევების გრძელი სია
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ 2023–2026 წლებში კომპანიაში 375 დარღვევა დაფიქსირდა. დაკისრებული ჯარიმების საერთო მოცულობამ 34.8 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 3.1 მილიონი ლარი გადაირიცხა.
დარღვევები მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა როგორც პროდუქტის ხარისხს, ისე ჰიგიენურ და ტექნოლოგიურ წესებს.
შემოწმებების ანგარიშებში აღწერილია შემთხვევები, როდესაც:
- საკვები პროდუქტი გაფუჭებული ან დაბინძურებული იყო
- ხორცის ნაცვლად დაუდგენელი შემადგენლობის სოსისი გამოიყენებოდა
- ნედლი პროდუქტის ნაცვლად პატიმრებს გაყინული ხორცი მიეწოდებოდათ
- ულუფები მცირდებოდა და ინგრედიენტები აკლდებოდა
- საკვებში მწერები ან მატლები აღმოჩნდა
ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემები განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო. მაგალითად, ერთ-ერთი შემოწმებისას ხაჭაპურში ხოჭოები იპოვეს, პაშტეტში კი მატლები.
სხვა შემთხვევებში საკვების დაბინძურების გამო ასობით ულუფა ვერ გაიცა.
2026 წლის იანვარში კი ერთ-ერთ კერძში – ბიფსტროგანოვში – თანამშრომლისთვის განკუთვნილ ულუფაში ქაღალდის ფურცელი აღმოაჩინეს.
რატომ არ შეწყდა კონტრაქტი ადრე
პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, კომპანიას განსაკუთრებით დიდი ჯარიმები 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის აგვისტომდე პერიოდში დაეკისრა და დაახლოებით დაახლოებით 29 მილიონი ლარი შეადგინა.
თუმცა კონტრაქტი მაინც არ შეწყვეტილა.
უწყების განმარტებით, ამის მიზეზი იყო სურვილი, რომ პატიმრებისა და ბრალდებულებისთვის კვების მიწოდება არ შეფერხებულიყო.
დარღვევები მოგვიანებითაც გაგრძელდა. 2025 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე კიდევ 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2026 წლის თებერვლამდე დამატებით 9.
საბოლოოდ, კონტრაქტის შეწყვეტის წინ უწყებამ განაცხადა, რომ ციხეებში გარკვეული პროდუქტები, მათ შორის პურის გამოსაცხობი ფქვილი, აღარ იყო და კვების მიწოდება შესაძლოა შეჩერებულიყო.
კომპანიის პოზიცია
კომპანიის დირექტორი იაშა ჩაჩუა ამტკიცებს, რომ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება უსამართლოა.
მისი თქმით, კომპანიას პირგასამტეხლოები მაშინ ჩამოაჭრეს, როდესაც მათი ნაწილი სასამართლოში უკვე გასაჩივრებული იყო. ჩაჩუას შეფასებით, ეს უკანონოა და სწორედ ამან შექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც კომპანიას კვების მიწოდება გაუჭირდა.
მან უწყებას ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტაც შესთავაზა.
საჯარო კომენტარში ჩაჩუა ამბობს, რომ ყველაფერი „მიზანმიმართულად და დაგეგმილად“ მოხდა და დარღვევების შესახებ დასკვნები არ შეესაბამება რეალობას.
მისივე თქმით, კომპანია ბაზარზე 17 წელია მუშაობს და მსგავსი პრობლემები სინამდვილეში რომ არსებობდეს, ამდენ ხანს ვერ იარსებებდა.
კომპანიის კავშირები და სახელმწიფო კონტრაქტები
„ილი ჯგუფი“ 2008 წელს დაარსდა, თუმცა მისი მთავარი სახელმწიფო კონტრაქტები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, კომპანიამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით 250 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 180 მილიონი ლარი, პატიმრების კვებას უკავშირდება.
კომპანიის დამფუძნებლები იაშა ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე არიან. ისინი და მათთან დაკავშირებული პირები წლების განმავლობაში ფიგურირებდნენ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შემწირველებს შორის.
კომპანია ასევე მონაწილეობს სოციალურად დაუცველთა კვების პროგრამებში და რამდენიმე ქალაქში უფასო სასადილოების ბენეფიციარებს ამარაგებს საკვებით.
პასუხგაუცემელი კითხვები
პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებამ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ ახალი კითხვები გააჩინა.
რატომ არ შეწყდა ხელშეკრულება ადრე, მაშინ როდესაც ასობით დარღვევა უკვე დაფიქსირებული იყო? რატომ არ გადაიხადა კომპანიამ დაკისრებული ჯარიმების სრული თანხა? და რა მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემები მომავალში არ განმეორდეს?
ამ კითხვებით პენიტენციურ სამსახურს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტებმა მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.