
ეს არის აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში და ჩვენთვის დიდი ფასეულობა არ აქვს – მუქარებიც გაურიეს, რომ საერთაშორისო სასამართლოებში აპირებენ წასვლას, რასაც მივესალმებით, ძალიან მომწონს ეს იდეა, რადგან იქ არანაირი მტკიცებულება არ იქნება წარდგენილი და წამკითხველთა სასამართლოდ გადავაქცევთ ამას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოებში „ქართული ოცნება” იმის მტკიცებას დაიწყებს, ვინ გაავრცელა ეს ტყუილი ინფორმაცია, რა მიზნით გაავრცელა და ა.შ.”.
შარმანაშვილის შეფასებით, ეს არის ერთი „ფეიკ”, არაფრის მომტანი დასკვნა, რომელსაც ისინი არ აჰყვებიან.
„რადიკალი ოპონენტები, რით დამთავრდა კარგად გახსოვთ. ეს მუქარები თავისთვის შეინახონ – მოახდენენ რეალიზაციას? ეს ისევ იქნება ჩვენს მიერ გამოყენებული მახვილი მათ წინააღმდეგ, რადგან ეს მახვილი არის სიმართლე.
ამავე ანგარიშში აღმოაჩენთ სრულიად გამაოგნებელ ჩანაწერს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა მიმართონ მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების შესწავლის თაობაზე. ორი თუ სამი თვეა ამას ამბობს პრემიერ-მინისტრი, რომ მზად არის, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწოდოს ნებისმიერი, მათ შორის, გრიფით საიდუმლო არსებული ინფორმაცია, გადასცეს ნებისმიერი ნივთიერება და გააცნოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოში არის დაცული ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ამდენი ხნის განმავლობაში არავინ შეგვხმიანებია და ახლა თურმე თვითონ ითხოვენ ამას, რომ ვიღაცამ გააკეთოს.
და მესამე, კანონმდებლობის გაუქმებასთან დაკავშირებით. ქართველ ხალხს მივმართავ, აი, რის გაუქმებას გვთხოვენ: კონსტიტუციით ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენთვის აკრძალულია იმ გაგებით, რომ მის რეგისტრაციას სახელმწიფო არ მოახდენს და მიმსგავსებული ასეთი ურთიერთობაც აკრძალულია ამ კანონით. რა ვქნათ ქართველო ხალხო, დავუჯეროთ და დავუშვათ ასეთი ურთიერთობის რეგისტრაცია?
არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრძალულია ერთსქესიანთა ურთიერთობის პროპაგანდა და ინცესტის პროპაგანდა. იცი რა არის აკრძალული ჩემო ქართველო ამომრჩეველო? დედისა და შვილს შორის, მამასა და შვილს შორის, და-ძმას შორის სექსუალური ურთიერთობა. აი, ეს არის ამ კანონით აკრძალული, რომ ამის პროპაგანდა მოხდეს ამ დაწესებულებებში. რა ვქნათ, დავუშვათ?
ასევე, შეკრებები და მანიფესტაციები, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ასეთი ტიპის ურთიერთობებს და ინცესტის დაშვებას. რა ვქნათ, დავუშვათ მანიფესტაციები და შეკრებები, სადაც ინცესტი იქნება პოპულარიზებული?
ამ კანონმდებლობით იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანი ბავშვის შვილად აყვანა, რომლებიც თავს არცერთ სქესს არ მიაკუთვნებენ ან ერთსქესიანთა წყვილი არის და ერთად ცხოვრობენ. გადავცეთ არასრულწლოვანი, ორი და სამი წლის ბავშვები ასეთ ოჯახებს, სადაც მათი მშობლები თვითონ ვერ გარკვეულან რომელი სქესის წარმომადგენლები არიან და ამბობენ, რომ არცერთ სქესს არ მივეკუთვნებითო? თქვან, რომ კი ბატონო გადავცეთო, თქვას ეს ოპოზიციამ ხმამაღლა, რომ გააუქმოს ხელისუფლებამ ეს.
ჩაიკითხეთ რის გაუქმებას გვთხოვენ. არ გავაკეთებთ! ეს არის გამორიცხული! ეს არის ერთი „ფეიკ“, არაფრის მომტანი დასკვნა, რომელსაც ჩვენ არ ავყვებით. რომელ საერთაშორისო სასამართლოშიც უნდა იქ მივაკითხავთ, რომელი საერთაშორისო მისიაც გინდა გამოაგზავნონ მომწამვლელი ნივთიერებების შესასწავლად იმასთანაც გავცემთ პასუხს და ერთსაც და მეორესაც მათ საწინააღმდეგოდ შევუტრიალებთ, როგორც სასამართლოებში, ისე ამ კომისიებზე, რომლებიც აქ ჩამოვლენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ საქმე იქამდე მივიდეს, რომ საქართველომ ეუთო დატოვოს, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ „ჯერ ამაზე საუბარი არ შეიძლება“.
„ჯერ ამაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან საპარლამენტო ასამბლეაც იყო ჩამოსული და მათი პირველი განცხადებებიდან გამომდინარე დავინახეთ რაღაც რაციონალობის მარცვალი. გვინდა დავიჯეროთ, რომ ბოლომდე არ წამხდარა სიმართლის აღქმა ამ ორგანიზაციებში.
ის, ვინც თავის თვალებშიც იყრის ნაცარს და სხვებსაც აყრის თვალში ნაცარს, იმას, ვისაც დასკვნა ჩამოსვლამდე აქვს უკვე დაწერილი, ვიდრე აქ რამეს შეისწავლის ხო, იმათთან აზრი არა აქვს [დიალოგს]”, – განაცხადა დეპუტატმა.
ამავე თემაზე საუბრისას თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ „მოსკოვის მექანიზმის” მომხსენებელმა ჯერ დასკვნა დაწერა და მერე ჩამოვიდა საქართველოში”.
„მოსკოვის მექანიზმის მომხსენებელმა ჯერ დასკვნა დაწერა და მერე ჩამოვიდა ტყუილად, გაისეირნა-გამოისეირნა, არავის არ მოუსმინა და ის ნარატივი, რომელიც თავში ჰქონდათ ჩადებული, რომ ეს ვითომ საქართველოს საწინააღმდეგო დასკვნა უნდა დაწერილიყო, დაწერა.
საერთოდ დაიბრმავა თვალები და დაიყრუა ყურები და აი ეს განსხვავებაა: ერთი ამბობს დასკვნებს მას შემდეგ, რაც მხარეებს მოუსმენს, მეორე ჯერ დასკვნას წერს და მერე არც ის უსმენს მხარეებს”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.