knews.ge
ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან
ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომელიც ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სუბიექტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
სააგენტოს ინფორმაციით, მათმა ვეტერინარებმა ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელებს რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი.
“შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხი ყველა დასმულ კითხვაზე და ამავდროულად გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული მანიპულაციების, კერძოდ პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის განხორციელების პროცესში.
შეხვედრას ქვეყნის მასშტაბით არსებული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ფორმატში მონაწილეებმა ასევე ვეტერინართა სავალდებულო სერტიფიცირების მიმდინარეობა და სახელმწიფო კონტროლის ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს”, – იტყობინება სეს-ი.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოს მასშტაბით, (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია; უპატრონო/მიკედლებული ძაღლების (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.
The post ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან appeared first on knews.ge.