knews.ge
„ავტომობილის განბაჟება შესაძლოა, 3-4 ჯერ გაძვირდეს – ადამიანი ასეთ ავტომობილს ფიზიკურად ვეღარ შეიძენს“ – ნონიაძე
„ავტომობილის განბაჟება შესაძლოა, 3-4 ჯერ გაძვირდეს – ადამიანი ასეთ ავტომობილს ფიზიკურად ვეღარ შეიძენს“ – ნონიაძე„ავტომობილის განბაჟება შესაძლოა, 3-4 ჯერ გაძვირდეს – ადამიანი ასეთ ავტომობილს ფიზიკურად ვეღარ შეიძენს“ – ნონიაძე
„თუ განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ შეიძენს ასეთ ავტომობილს, მყიდველისთვის რა იცვლება?!“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაში კორექტირება შევიდა და მოქალაქეები მანქანების შემოყვანას და რეგისტრაციას შეძლებენ, თუმცა გაზრდილი აქციზის გადახდა მოუწევთ. კერძოდ, პრემიერის განცხადებით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანაზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი (კუბურ სანტიმეტრზე).
როგორც ალექსი ნონიაძე აცხადებს, ამით შესაძლოა, იმდენად მოიმატოს ძველი ავტომობილების განბაჟების ფასმა, რომ მისი ჩამოყვანა აღარც ღირდეს.
„გადაწყვეტილებას ვეთანხმებით იმ საკითხში, რომ აკრძალვა მოიხსნა. თუმცა, თუ განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ შეიძენს ასეთ ავტომობილს, ამ შემთხვევაში რა იცვლება მყიდველისთვის?! პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამით გამოვიდა – „თხა ვიყიდე, თხა გავყიდე“. რას ცვლის ეს მომხმარებლისთვის?!
თუ ისე გაძვირდა, რომ შესაძლოა, მოქალაქეს 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილი უფრო ძვირი დაუჯდეს, არ შეიძენს. ურჩევნია უახლესი იყიდოს, რომელიც შესაძლოა, უფრო იაფიც დაჯდეს. რა თქმა უნდა, ძველ მანქანებს აღარ ჩამოიყვანენ. თქვენ რომ გქონდეთ ალტერნატივა, 2026 წლის მანქანა რაღაც „იქს“ თანხა ღირდეს, 2016-იანი კი ორჯერ მეტი ჯდებოდეს, რომელს შეიძენთ?!
თუ ავიღებთ, რომ საფასური იყო 80 თეთრი და 4.5 ლარი გახდა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ჩვენ ვიყავით თანახმა აქციზის განაკვეთის გაზრდაზე, მაგრამ არა გასამმაგებაზე და გაოთხმაგებაზე. ვიყავით თანახმა იმაზე, რომ თუ გაძვირდებოდა, 300-400 ლარით გაძვირებულიყო განბაჟების ვალდებულება.
დეტალების დაზუსტება გვჭირდება, ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული, რას ცვლის ეს გადაწყვეტილება. თუმცა, თუ პირველადი მონაცემებით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, 6-ზე წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟება 3-4 ჯერ გაუძვირდეს მოქალაქეს, ეს კი ავტომობილის ღირებულებას ალბათ გააორმაგებს. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ, საერთოდ შეზღუდავ თუ განბაჟების გადასახადს ასე მოუმატებ?! შეიძლება უარესიც იყოს“, – განაცხადა ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“
The post „ავტომობილის განბაჟება შესაძლოა, 3-4 ჯერ გაძვირდეს – ადამიანი ასეთ ავტომობილს ფიზიკურად ვეღარ შეიძენს“ – ნონიაძე appeared first on knews.ge.