ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში მყარად იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
პრემიერმა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად შესრულებულ ჩარტერულ რეისებზე ისაუბრა და ოთხი ფრენის ორგანიზებისთვის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ელჩებს, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გია ჯანჯღავას, ასევე კატარში – ვაკო ავალიანს, საუდის არაბეთში – ნიკოლოზ რევაზიშვილს. მადლობა ამ საელჩოების თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში. 4 სახელმწიფო ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან, ომანიდან და საუდის არაბეთიდან და შედეგად საქართველოში დაბრუნდა ჩვენი 558 თანამოქალაქე. ყველა რეისი სრულიად იყო დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მინისტრს გაწეული ძალისხმევისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაური „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა 1 მლრდ 689 მლნ დოლარი, რაც 2024 წელთან შედარებით 7,6%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.
პრემიერის თქმით, იანვარში დაფიქსირდა 7,9% ეკონომიკური ზრდა, რაც ამყარებს ოპტიმისტურ მოლოდინებს, რომ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაიხედა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე დაწესებული რეგულაცია და შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად იმოქმედებს განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი.
„შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზის საფასური განისაზღვრება ერთ კუბზე 4.5 ლარით. შესაბამისად, შემოყვანის აკრძალვა აქციზის გაზრდილი ტარიფით ჩანაცვლდება. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებაში შევიტანეთ გარკვეული კორექტივები, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.