მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი იაპონიის აკადემიური წრეების დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ცეკვის კვლევის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე სტუმრებს გააცნეს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება, ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ადგილობრივი კულტურის ცენტრის საქმიანობა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს კულტურული თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების სამომავლო პერსპექტივებზე.
საქართველოში ცეკვის კვლევის საერთაშორისო პროექტის მიზანია ქართული ცეკვისა და ტრადიციული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის პარტნიორობით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო შავიშვილი.