სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტების მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის გვერდზე 6 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აუდიტის ჩატარების პერიოდი 2020, 2021 და 2022 წლებს მოიცავს.
“ეფექტიან საჯარო მმართველობაში ადგილობრივი თვითმმართველობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის თანახმად, რეგიონების განვითარება, მათი როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული გულისხმობს მცირე, მოქნილი და ეფექტიანი მუნიციპალური მმართველობის ჩამოყალიბებას, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას, საზოგადოებრივი ინტერესების მომსახურებას და სხვ. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალური მმართველობის გაუმჯობესების მიზნით უნდა განხორციელდეს ქმედითი პროგრამები და გაიზარდოს სხვადასხვა პროექტის დაფინანსება, შემუშავდეს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისათვის ქვეყანაში ასევე შექმნილია დეცენტრალიზაციის სტრატეგია. შემუშავებულია და ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ფინანსდება როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური ბიუჯეტებიდან. პროგრამას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, თვითმმართველი ქალაქების გარდა. პროგრამამ უნდა უზრუნველყოს სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის მაღალი ჩართულობა ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. პროგრამის ფარგლებში სოფლ(ებ)ის მოსახლეობა კრებებზე თანხმდება სოფლის საჭიროებებზე და ამ პროგრამის დახმარებით მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოს/საქონლის შესყიდვა. პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში დაიხარჯა 136,279.5 ათასი ლარი და შესყიდულია 12,095 ინფრასტრუქტურული პროექტი.
აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების პროცესი. შედეგად, გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
პროგრამის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები
მუნიციპალიტეტების 40%-ზე მეტს არ აქვს შემუშავებული პროგრამის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, ხოლო მუნიციპალიტეტების ნაწილში განსაზღვრული მოსალოდნელი შედეგები ზოგადი ხასიათისაა, არ ასახავს სამომავლო მდგომარეობას, რისთვისაც ხორციელდება პროგრამა. ეს შედეგები, არ არის ნათელი/კონკრეტული, არ არის დასახული მათი მიღწევის გზები.
შედეგების შეფასების ინდიკატორები დადგენილი არ არის არცერთ მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ნაკლოვანებები იწვევს ხარვეზებს როგორც პროგრამის დაგეგმვის, ასევე განხორციელების მიმართულებით. მუნიციპალიტეტები სათანადოდ ვერ აფასებდნენ პროგრამის წარმატებას, ვერ ზომავდნენ დახარჯული საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანობას და შედეგს.
ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის ჩართულობა პროგრამაში
პროგრამის ორგანიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მომზადებულია ხარვეზებით. მერიის ბრძანებებში არსებული არასრულყოფილი ინფორმაცია, მათ შორის, დაფინანსების ოდენობის, შეხვედრის დროის/ადგილის და სხვა საკითხების მიუთითებლობა ხელს უშლიდა პროგრამის სათანადოდ ორგანიზებას, მოსახლეობის მონაწილეობას ან/და ჩართულობის ზრდას;
მუნიციპალიტეტების მიერ პროგრამის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა, აღწერილია მხოლოდ პროექტების არჩევის/განხორციელების პროცედურები და ყურადღება არ არის გამახვილებული პროგრამის შინაარსის, თითოეული მოქალაქის როლის, უფლებებისა და ჩართულობის აუცილებლობის შესახებ. შესაბამისად, მერიები ვერ უზრუნველყოფდნენ მოქალაქეების დაინტერესებას და მოტივირებას პროგრამაში მათი სათანადოდ ჩართვისათვის. გარდა ამისა, ხარვეზებით ვრცელდებოდა ინფორმაცია პროგრამის პროცედურების შესახებ. კერძოდ, შესწავლილი 54 მუნიციპალიტეტიდან, უმრავლესობაში არ ქვეყნდებოდა მერის ბრძანებები პროგრამის შესახებ, სოფლის კრებების გეგმა-გრაფიკი, ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობის, დასრულების შესახებ და ა.შ.
მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მოსახლეობას არ მოუმზადებია საპროექტო წინადადებები. შესაბამისად, კრებამდე არ შეუდგენიათ და არ გაუვრცელებიათ საპროექტო წინადადებების ნუსხა. ამდენად, კრებებზე/კონსულტაციებზე მიღებული გადაწყვეტილებები არ ეფუძნებოდა წინასწარ მიმოხილულ და შესწავლილ საკითხებს;
მუნიციპალიტეტები ვერ ასრულებდნენ პროგრამის მთავარ მიზანს − მოსახლეობის ჩართულობისა და აქტიურობის მხარდასაჭერად. 2020 წელს დასახლებების − 14.1%-ში, 2021 წელს − დასახლებების 18.8%-ში და 2022 წელს დასახლებების 20.2%-ში ჩატარებული საერთო კრება/კონსულტაცია არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილების მისაღებად. დასახლებებში, სადაც დადგენილი ზღვარი დაცული იყო, წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე რისკის შემცველია. ზოგიერთ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები სათანადოდ არ აღრიცხავდნენ პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობას, ოქმები შედგენილი იყო ფორმალურად და დამსწრეთა მითითებული რაოდენობა არ იყო სწორი. დასახლებებში, სადაც საერთო კრებაზე/კონსულტაციაზე დამსწრეთა დადგენილი მინიმალური რიცხოვნობა დოკუმენტურად დაცული იყო, დასწრების საშუალო მაჩვენებელმა 2020 წელს – 16.2%, 2021 წელს − 16.4% და 2022 წელს 15.7% შეადგინა. შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში სოფლის საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე დამსწრეთა რიცხოვნობა არ იზრდებოდა და, მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, ჩართულობა დაბალი იყო.
პროგრამის ფინანსური მართვა
მუნიციპალიტეტების ნაწილში მერიები ვერ ახერხებდნენ პროექტების დროულად დასრულებას და მოსახლეობისათვის სათანადო სერვისების მიწოდებას. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის პროგრამის ფარგლებში რჩებოდათ აუთვისებელი ნაშთები. პროგრამის ხარვეზებით განხორციელებისა და პროექტების დროულად დაუსრულებლობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს შესყიდვის პროცედურების დაგვიანებით დაწყება და მართვა წარმოადგენდა. კერძოდ, 2020-2022 წლებში საპროექტო დოკუმენტაციის ხელშეკრულებების 69,6% გაფორმდა მაისიდან, ნაცვლად − აპრილისა, ხოლო მათი 71.5% მერიებმა ჩაიბარეს წლის მეორე ნახევარში. აღნიშნულმა განაპირობა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგვიანებით შესრულება, კერძოდ, სამუშაოების/საქონლის შესყიდვის ხელშეკრულებების 75%-ზე მეტი გაფორმებულია წლის მეორე ნახევარში;
მერიების უმრავლესობას პროგრამის ფარგლებში არ აქვს გამოყენებული არსებული ფინანსური რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროგრამა დაეფინანსებინათ 100%-მდე, 2020 წელს პროგრამის მუნიციპალური დაფინანსების წილი შეადგენდა 24%-ს, 2021 წელს − 23%-ს, ხოლო 2022 წელს – 28%-ს;
მუნიციპალიტეტებს არ გამოუყენებიათ დონორების/გრანტების მოძიების შესაძლებლობა. მათ დამატებითი დაფინანსების მოპოვებისთვის შესაბამისი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, არ მოუძიებიათ დაფინანსების წყაროები კერძო სექტორიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, არ მოუმზადებიათ პროექტები, წინადადებები, ინიციატივები დონორებისათვის წარსადგენად, რათა მომხდარიყო მათი დაინტერესება და პროექტებში ჩართვა”,_ აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსახური ასევე რეკომენდაციებს აქვეყნებს.
“რეკომენდაცია №1:
პროგრამის სათანადო დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების უზრუნველყოფისათვის, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა საკუთარი სპეციფიკიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე:
სხვადასხვა დასახლებაში ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, მიზანშეწონილია შეიმუშაოს დეტალური გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა დასახლების საჭიროება და მათი დაკმაყოფილების გზები;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზანშეწონილია ჩამოაყალიბოს როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის ნაწილი ან ცალკე დოკუმენტი, რომელშიც პროგრამის მახასიათებლები განისაზღვრება კონკრეტული პროექტების/დასახლებების მიხედვით;
ნათლად, ზუსტად და კონკრეტულად განსაზღვროს პროგრამის მიზნები, რომლებიც თანხვედრაში იქნება ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე განსაზღვრულ პროგრამის მიზნებთან;
განსაზღვროს პროგრამის მოსალოდნელი შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები, რომლებიც იქნება კონკრეტული, გაზომვადი და მიღწევადი.
რეკომენდაცია №2:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და მაღალი ჩართულობისათვის მუნიციპალიტეტებმა:
უზრუნველყონ პროცესის სათანადოდ ორგანიზება და მერის ბრძანებებში სრულყოფილად ასახონ ინფორმაცია დაფინანსების ოდენობის, შეხვედრის დროის/ადგილისა და სხვა საკითხების შესახებ;
კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით დანერგონ დამატებითი პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას და აქტიურ ჩართულობას პროგრამის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მაქსიმალურად გამოიყენონ ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა პლატფორმა და რეგულარულად განაახლონ ინფორმაცია ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში;
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ერთად იმსჯელონ არსებულ წესში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობების შესახებ, რათა მიეცეთ საშუალება, გამოიყენონ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებები, როგორებიცაა: შეხვედრაზე დისტანციურად დასწრება, კენჭისყრაში მონაწილეობა ელექტრონულად, მოსახლეობის აზრის კვლევა ვებგვერდის ან სოციალური ქსელების საშუალებით და სხვ.
რეკომენდაცია №3:
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების დროული დასრულების, სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და არსებული ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვისათვის მუნიციპალიტეტებმა:
ინსტრუქციით დადგენილ ვადებში განახორციელონ პროექტების მომზადება, შესასრულებელი სამუშაოების/საქონლის შესყიდვა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებები. ამასთანავე, შესყიდვებიდან დარჩენილი ეკონომიები დროულად მიმართონ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის დასაფინანსებლად;
პროგრამის განხორციელების თანამონაწილეობის პრინციპიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, გაზარდონ მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსების წილი;
აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ/დონორ ორგანიზაციებთან, მოამზადონ პროექტები, წინადადებები და ინიციატივები, რათა ხელი შეუწყონ დამატებითი სახსრების მოზიდვას;
ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად იმუშაონ დაფინანსების ოდენობის გადახედვის საკითხთან დაკავშირებით”,_ წერია აუდიტის მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში.
The post ნაკლოვანებები “სოფლის მხარდამჭერ პროგრამაში”- რა წერია აუდიტის დასკვნაში appeared first on გურია ნიუსი.