ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს — Cnoba

ჯემნიუსი სიახლე 10 Mar 2026, 23:53

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, ვიზიტი წარმოადგენს საქართველოსთან ორგანიზაციის მუდმივი ჩართულობის ნაწილს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ და მაღალი დონის დელეგაციამ ვიზიტი ოთხშაბათს დაასრულეს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანი იყო პოლიტიკური დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ფართო ჩართულობის ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა “ქართული ოცნების” პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, სახალხო დამცველს, პარლამენტში წარმოდგენილი და საპარლამენტო პროცესის გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წევრებს. დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთანაც, სადაც შეხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.

პონს სამპიეტროს თქმით, ვიზიტის დროს მას კიდევ ერთხელ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ბევრი ძლიერი და შთამბეჭდავი ფიგურაა, თუმცა, მისი შეფასებით, ქვეყნის შიდა პოლიტიკური დიალოგი ფაქტობრივად არ მიმდინარეობს.

“ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს – როგორც პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთ მყოფი პოლიტიკოსები. როგორც ჩანს, ისინი მუდმივად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ,“ — განაცხადა მან.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ყველა მხარეს მოუწოდა პირდაპირი კომუნიკაციისა და კონსტრუქციული ჩართულობისკენ, რათა ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგი აღდგეს. მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

დელეგაცია ასევე მიესალმა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ფართო კონსენსუსს ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები, როდესაცაც არ უნდა გაიმართოს ის, უნდა შეესაბამებოდეს ეუთო-ს ვალდებულებებსა და სტანდარტებს. თუმცა, მატი შეფასებით, მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავაც სერიოზულ დაბრკოლებად რჩება.

სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაკამ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში არსებული პოლარიზაცია ქვეყნის პოტენციალის სრულად გამოყენებას უშლის ხელს.

მისი თქმით, თავად დელეგაციაც პოლიტიკურად მრავალფეროვანია და წევრებს შორის ბევრ საკითხზე განსხვავებული პოზიციები არსებობს, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ თანამშრომლობას და იმავე მიდგომას ელიან საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისგანაც.

გრაკამ ასევე გააფრთხილა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ოქტომბერშიც ვთქვით: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების და პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოების მეშვეობით და არა მათი დამხობისკენ მიმართული ძალადობით,“ – განაცხადა მან.

დელეგაციის წევრმა კრისტინ ბლოუერმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა საბოლოოდ თავად ქართულ საზოგადოებასა და მის ლიდერებს ეკისრებათ.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი პროცესის ხელშეწყობაა და არა ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისების გადაწყვეტა.

„ჩვენ, ეუთო-ში ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვერ გადავჭრით ამ პრობლემებს. ეს ქართველი ხალხისა და მისი ლიდერების გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, რომ ვიხილავთ პასუხისმგებლიან ნაბიჯებს პოლიტიკური ესკალაციის შემცირებისა და რეალური დიალოგის დასაბრუნებლად,“ – განაცხადა მან.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ასევე გამოთქვა შეშფოთება მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესაძლო მცდელობების შესახებ. მათი შეფასებით, ასეთმა ნაბიჯებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს პოლიტიკური დაპირისპირება და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია გაზარდოს.

დელეგაციის წევრმა ევროსიმა პეიოვიჩმა განაცხადა, რომ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება სტაბილურობა და ერთიანობა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ან სამოქალაქო აქტივობის აკრძალვა პრობლემების გადაწყვეტის გზა არ არის. პეიოვიჩმა ასევე გაიხსენა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული შეფასებები საქართველოს კანონმდებლობის შესახებ და ხელისუფლებას მოუწოდა, გამოასწოროს არსებული ხარვეზები.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს შესაბამის ინსტიტუტებში და ოპოზიციის ბოიკოტი ვერ იქნება დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა.

პრესრელიზის მიხედვით, დელეგაციამ ხელისუფლებას სთხოვა შეხვედრა იმ პირებთან, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ (სახაროვის პრემიიის ლაურეატ მზია ამაღლობელთან და სხვებთან) თუმცა, მათი განცხადებით, ამგვარი შეხვედრის ორგანიზება ვიზიტის ფარგლებში ვერ მოხერხდა.

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგები საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგნად რჩება.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, ვიზიტი წარმოადგენს საქართველოსთან ორგანიზაციის მუდმივი ჩართულობის ნაწილს, რომელიც მოიცავს როგორც არჩევნებზე დაკვირვებას, ისე საპარლამენტო თანამშრომლობას. ვიზიტის შედეგები, სავარაუდოდ, განიხილება ასამბლეის ბიუროს სხდომაზე და ორგანიზაციის ყოველწლიურ სესიაზე ჰააგაში.


რელევანტური