„ძვირფასო მინისტრო ბოჭორიშვილო, მადლობას გიხდით 2026 წლის 18 თებერვლის წერილისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილი დოკუმენტისთვის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
დღემდე, ევროკავშირმა სიაში შეიყვანა 605 გემი, კერძოდ, ტანკერები, რომლებიც მაღალი რისკის მატარებელ და შეცდომაში შემყვან გადაზიდვის პრაქტიკას იყენებენ. გავაგრძელებთ იმ გემების მიზანში ამოღებას, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი სანქციების გავლენას, მათ შორის, სანქციების მე-20 პაკეტში 40-მდე გემის დამატებით.
გემები სანქცირდება საბჭოს (EU) 833/2014 რეგულაციის შესაბამისად, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ეს ტანკერები მაღალი რისკის გადაზიდვის პრაქტიკაში იყვნენ ჩართულნი. ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომლისთვისაც ევროკავშირს შეუძლია გემების მიზანში ამოღება. სხვა საფუძვლები მოიცავს გემებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადააქვთ სანქცირებული საქონელი ან ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ახორციელებენ“, – აღნიშნულია წერილში.
დევიდ ო’სალივანი განმარტავს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გემების დასანქცირებით; ის მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მიმართულია მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვზე და უფრო ფართო ეკოსისტემაზე.
„ევროკავშირი მუშაობს რუსული ენერგეტიკაზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებაზე და რუსეთისგან ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვის მცდელობების გაძლიერებაზე. ამ მიზეზით, ჩვენ ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე ინფრასტრუქტურა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ჩვენი სანქციების ეფექტურობას მათი გვერდის ავლის გზით. ამ მხრივ, თავდაპირველად შემოთავაზებული იყო საქართველოში მდებარე ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო ჩართვა რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების პორტში შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია ხელახლა შეფასდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას, ასევე SOCAR-ის ვალდებულებებს, რომ ის თავის საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის რუსული ნედლი ნავთობისა და ასეთი ნავთობისგან დამზადებული რაფინირებული პროდუქტების ფასების ლიმიტისა და ევროკავშირის მიერ იმპორტის აკრძალვების დაცვით.
ეს ვალდებულებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ სიტუაციის განხილვის პროცესში და საბოლოოდ განაპირობა ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში არ შეყვანა“, – აღნიშნულია წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით.
„აღვნიშნე, რომ თქვენი ხელისუფლება უკვე დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით და ვაფასებ, რომ თქვენ ამ გემს უარი უთხარით საქართველოს პორტში შესვლაზე. იმედი მაქვს, რომ ოპერატიულ დონეზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ჩრდილოვანი ფლოტის გადაადგილებას და ამას მომავალშიც გააგრძელებს. რაც შეეხება სავაჭრო შეზღუდვებს, ევროკავშირში მაღალი პრიორიტეტის მქონე საქონლის (Common High Priority – CHP) და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის (Economically Critical Goods – ECG) რეექსპორტის მონიტორინგი და შეზღუდვა კავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეს საქონელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო ან სამრეწველო კომპლექსისთვის და მათი გადამისამართების თავიდან აცილება ჩვენი ზომების ეფექტიანობისთვის აუცილებელია. ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ კუთხით და გთხოვთ, გააგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული ასეთი სენსიტიური საქონლის რუსეთში ტრანზიტისთვის ან რეექსპორტისთვის“, – აღნიშნულია წერილში.
The post ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო appeared first on გურია ნიუსი.