„მივაღწიეთ იმას, რაც ამ საქმისთვის უმნიშვნელოვანესი იყო _ ნატა ვიბლიანი ოფიციალურად დაზარალებულად ცნეს. ეს არის არა პრივილეგია, არამედ მისი უფლებების აღიარება. ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისთვის გრძელდება“, – წერს სოციალურ ქსელში ნატა ვიბლიანის ადვოკატი მარიამ ბარსონიძე.
ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 9 წლის ასაკიდან მრავალი წლის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ის ჰყვება, რომ მასზე სისტემატურად ძალადობდა რამდენიმე თანასოფლელი.
ნატა ვიბლიანმა მათი სახელები არაერთხელ დაასახელა და მის საჯარო მონათხრობზე გამოძიება დაიწყო გაუპატიურების მუხლით _ საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია იძიებს.
ნატა ვიბლიანი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია, ჩვენებას რამდენიმე დღის განმავლობაში აძლევდა.
როგორც ცნობილია, მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც.
შსს-ს ამ მომენტისთვის სისხლის სამართლის დევნა არავის წინააღმდეგ დაუწყია.
ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებულ პირთაგან ერთ-ერთმა ბრალდებები საჯაროდ, თავისი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის მეშვეობით უარყო.
წყარო: პუბლიკა
The post ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნეს appeared first on გურია ნიუსი.