გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.
შესწავლა ჩატარდა ბრენდირებულ და არაბრენდირებულ 85 ავტოგასამართ სადგურზე, საიდანაც აღებული იქნა ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯი. ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევა შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაუტარდა.
კვლევის შედეგებით, ბენზინის არც ერთ სინჯში დარღვევა არ გამოვლენილა. რაც შეეხება დიზელს, 13 შემთხვევაში საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდა – დაფიქსირდა გოგირდის შემცველობისა და აფეთქების ტემპერატურის მაჩვენებლების დარღვევა.
სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შედგენილია ოქმები. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო საქმის მასალები შემდგომი განხილვისთვის შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის განცხადებით, ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლი რეგულარულად გაგრძელდება, რათა შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა. აღნიშნეს ისიც, რომ ბოლო წლებში საწვავში ტოქსიკური მძიმე ლითონის – ტყვიის შემცველობა აღარ ფიქსირდება.