
კანიე ვესტი თბილისში
12 ივნისს თბილისში, დინამო არენაზე, ბიუჯეტიდან მხარდაჭერილი პროექტის, “Starring Georgia”-ს ფარგლებში, ანტისემიტური სკანდალებით ცნობილი ამერიკელი რეპერი, კანიე ვესტი (სასცენო სახელით Ye) კონცერტს გამართავს. ბილეთების ფასი ამ დროისთვის უცნობია.
რეპერის ბოლო მასშტაბური გამოსვლები 2026 წლის 1-ელ და 3 აპრილს, ლოს-ანჯელესში, SoFi Stadium-ზე გაიმართა. ეს შოუები მისი სცენაზე დაბრუნება იყო თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ და ძირითადად მიეძღვნა ახალი ალბომის, “Bully”-ის გამოსვლას.
ბოლო წლებში ვესტის ირგვლივ ყურადღება არაერთ სკანდალს უკავშირდება, განსაკუთრებით მის ანტისემიტურ განცხადებებსა და ქმედებებს.
ყველაზე მასშტაბური კრიზისი 2026 წელს ლონდონში დაგეგმილ Wireless Festival-ს უკავშირდება, სადაც ის მთავარ ჰედლაინერად იყო გამოცხადებული:
- ფესტივალის გადაწყვეტილებას მოჰყვა სპონსორების გასვლა, მათ შორის Pepsi და Diageo
- გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საჯაროდ გააკრიტიკა ორგანიზატორები
- 2026 წლის 7 აპრილს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვესტს ქვეყანაში შესვლის უფლება შეუჩერა
ამ პირობებში, როდესაც მთავარი ჰედლაინერი ქვეყანაში ვეღარ შევიდოდა, ორგანიზატორებმა 2026 წლის ფესტივალის სრულად გაუქმება გადაწყვიტეს და ბილეთების თანხის დაბრუნება დაიწყეს.
ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება ვესტის ბოლო წლების ქმედებებს, მათ შორის:
- 2025 წელს გამოშვებულ სიმღერას “Heil Hitler”, რომელშიც გამოყენებული იყო ადოლფ ჰიტლერის 1935 წლის გამოსვლის სემპლი
- სვასტიკის სიმბოლოთი მაისურების გაყიდვას საკუთარ ვებსაიტზე
- ცნობებს ტრეკის, “Gas Chamber”-ის შესახებ, რომელმაც ებრაული თემის მწვავე რეაქცია გამოიწვია
კრიზისის ფონზე, ვესტმა სცადა სიტუაციის განმუხტვა. 2026 წლის იანვარში მან Wall Street Journal-ში სრულგვერდიანი წერილი გამოაქვეყნა სათაურით: “მათ, ვისაც ტკივილი მივაყენე”, სადაც საკუთარ ქმედებებს ბიპოლარული აშლილობით გამოწვეულ ეპიზოდებს უკავშირებდა.
მანამდე, 2023 წელს, ვესტმა ებრაულ ენაზე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, თუმცა მოგვიანებით საკუთარი განცხადება უარყო და 2025 წელს კვლავ გააკეთა პროვოკაციული განცხადებები.
Wireless Festival-ის ირგვლივ დაძაბულობის დროს, მან ასევე განაცხადა, რომ სურდა შეხვედროდა ბრიტანეთის ებრაულ თემს, რათა დაემტკიცებინა, რომ შეცვლილი ჰქონდა პოზიცია. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის მთავრობამ ეს ნაბიჯები არასაკმარისად მიიჩნია.
ვესტის შემდეგი კონცერტი 2026 წლის 23 მაისს ინდოეთში, ნიუ-დელიშია დაგეგმილი, რის შემდეგაც ტურნე თურქეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში უნდა გაგრძელდეს.
თუმცა, ბრიტანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, აქტიურად განიხილება, შეიძლება თუ არა სხვა ქვეყნებმაც მსგავსი შეზღუდვები დააწესონ. უკვე დადასტურებულია, რომ მისი ივნისის კონცერტები პოლონეთსა და შვეიცარიაში გაუქმდა.
