ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გადაცემაში ,,მოამბე რეგიონები’’ საუბრისას გამოეხმაურა გრიგოლეთის მონაკვეთის გახსნის გადავადებასთან დაკავშირებულ კითხვებს და განმარტა, რომ თავდაპირველად გზა აპრილში უნდა გახსნილიყო, თუმცა სამუშაოების პროცესში გამოვლინდა ხარვეზები ერთ-ერთ ხელოვნურ ნაგებობაზე.
,,ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები კონკრეტულ ნაგებობასთან დაკავშირებით და კონტრაქტორი დავავალდებულეთ, რომ მოეხდინა რეაგირება’’,_ განაცხადა სოხაძემ.
მისივე თქმით, კონტრაქტორი ვალდებული გახდა აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი და ხელახალი მშენებლობა განეხორციელებინა, რამაც პროექტის დასრულების ვადები გადაავადა.
„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა პროექტების დროულად განხორციელება, თუმცა სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე. ეს არის პრინციპული საკითხი,“-აღნიშნა მან.
სოხაძის განცხადებით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი – იქნება ეს გზა, სკოლა, ბაღი თუ სხვა ობიექტი – გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ გამოყენებაზე და ემსახურებოდეს მომავალ თაობებს.
„რაც შენდება დღეს, უნდა იყოს მდგრადი და ხარისხიანი. ჩვენი მიზანია არა ერთჯერადი ეფექტი, არამედ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც წლების განმავლობაში მოემსახურება მოსახლეობას,“ – განაცხადა მინისტრმა.
The post რატომ გადავადდა გრიგოლეთის დარჩენილი მონაკვეთის გახსნა appeared first on გურია ნიუსი.