“მონიტორის” ინფორმაციით, ბიუჯეტიდან დაფინანსდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, ზურაბ ჩხაიძის, ათი კომპანიის სესხის პროცენტი. „შეღავათიან აგროკრედიტში“ მონაწილეობს მისი ძმის, გოჩა ჩხაიძის, სამი კომპანიაც.
2013-2024 წლებში ძმები ჩხაიძეების ცამეტი კომპანიის მიერ აღებული სესხის პროცენტის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით 28.1 მილიონი ლარი (28,146,700 ლარი) გამოიყო.
ბიუჯეტიდან დაფინანსდა კომპანიების მიერ, ძირითადად, ყურძნის შეძენის, მებაღეობის, ტექნიკის, მევენახეობის, ხილის გადამუშავების, ღვინისა და არყის წარმოებისთვის აღებული სესხის პროცენტი.
ზურაბ ჩხაიძეზე ჟურნალისტური გამოძიება „უფასო ფული მილიონრებისთვის“ 2019 წელს მოამზადა „თავისუფლების მონიტორმა“. მაშინ ზურაბ ჩხაიძეს კომპანიებს სახელმწიფო პროექტებიდან, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების გავლით, 6 მილიონი ლარის დაფინანსება ჰქონდათ მიღებული.
ამრიგად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ძმებმა ზურაბ და გოჩა ჩხაიძეებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღეს სულ მცირე 34.1 მილიონი ლარი (34,146,700 ლ) „შეღავათიანი აგროკრედიტისა“ და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიერ დაფინანსებული „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, იგივე KTW, ღვინისა და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია. KTW ფლობს 22 შვილობილ კომპანიას, მათ შორის ავსტრიასა და პოლონეთში.
ზურაბ ჩხაიძე და მისი კომპანია KTW „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 600,000 ლარი შეწირა.
“ფორბსის” მიხედვით, გოჩა ჩხაიძე საქართველოს 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის, 33-ე ადგილზეა.
ზურაბ და გოჩა ჩხაიძეებმა “მონიტორის” კითხვებს არ უპასუხეს.
The post ძმებმა ზურაბ და გოჩა ჩხაიძეებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღეს სულ მცირე 34.1 მილიონი ლარი appeared first on გურია ნიუსი.