
აბასთუმნის ცა დაიკეტა

საქართველოს მთავრობა 16 აპრილიდან ცვლის საჰაერო წესებს დაბა აბასთუმნის თავზე და კეტავს ზონას, რომელიც საერთაშორისო ავიამარშრუტებს ეხება. ეს ნიშნავს, რომ ტრასები, რომლებითაც ევროპასა და აზიას შორის სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავები დაფრინავენ, ნაწილობრივ იცვლება და ამიერიდან ბორტებს აბასთუმნის არეალისთვის გვერდის ავლა მოუწევთ. ხელისუფლება ამას სამეცნიერო-ასტრონომიული დაკვირვებების საჭიროებით ხსნის (აბასთუმანში ობსერვატორიაა), თუმცა “რადიო თავისუფლების” ვრცელი გამოძიება აჩენს კითხვას, ხომ არ დგას ამ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესი. ბოლო წლებში აბასთუმანი საქართველოს არაფორმალური მმართველის და მისი ოჯახისთვის მთავარ საცხოვრებელ ადგილად იქცა.
_______________________________________________________
“რადიო თავისუფლების” გამოძიებიდან ვიგებთ, რომ საქართველოს მთავრობამ თებერვალში მიღებული დადგენილებით შექმნა ახალი შეზღუდული ზონა, სახელწოდებით „აბასთუმანი-2“.
ეს ზონა 16 აპრილიდან ამოქმედდა და აბასთუმნის თავზე დაახლოებით 52-კილომეტრიანი დიამეტრის საჰაერო სივრცეს კეტავს. აკრძალვა ვრცელდება მიწიდან უსასრულობამდე.
ეს საქართველოსთვის პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევაა.
ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება, ფარავს აბასთუმანს, ადიგენის რაიონს და სამხრეთ საქართველოს ნაწილს. შედეგად, მანევრირების სივრცე მნიშვნელოვნად ვიწროვდება იმ მონაკვეთში, სადაც რელიეფის გამო ფრენები ისედაც რთულ პირობებში იმართება.

მთავრობა ამბობს, რომ შეზღუდვა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მოთხოვნას ეფუძნება.
ობსერვატორიის დირექტორი ალექსანდრე თევზაძე “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს, რომ თვითმფრინავების კვალი ღამის დაკვირვებებს ხელს უშლის და დაწესებულება წლებია უფრო ფართო აკრძალვას ითხოვს. მისი თქმით, ახალი ტელესკოპის ამოქმედების შემდეგ ეს მოთხოვნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
თუმცა, საგამოძიებო სტატიის მთავარი აქცენტი სხვა მიმართულებით მიდის.
“რადიო თავისუფლების” წყაროები საავიაციო ინდუსტრიიდან და სახელმწიფო უწყებებიდან ამბობენ, რომ საქმე მხოლოდ მეცნიერებას არ ეხება. მათი შეფასებით, აბასთუმნის ცის ჩაკეტვა უფრო „ბიძინა ივანიშვილის ახირებაა“, ვიდრე სამეცნიერო აუცილებლობა.
ივანიშვილს აბასთუმანში რეზიდენცია 2020 წლიდან აქვს.
მანამდე, 2018 წლიდან, მის ოჯახთან და მასთან დაკავშირებულ პირებთან ასოცირებულმა სუბიექტებმა კურორტზე მიწებისა და უძრავი ქონების შესყიდვა დაიწყეს. მოგვიანებით იქ გაჩნდა საცხოვრებელი სივრცე, მშენებარე სასტუმრო და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.
აბასთუმანში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ სახელმწიფო ინვესტიციებიც გაიზარდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, 2018-2022 წლებში სახელმწიფომ აბასთუმანში სხვადასხვა პროექტზე დაახლოებით 250 მილიონი ლარი დახარჯა. ამავე პერიოდში შეიცვალა გზის პროექტიც და აშენდა შემოვლითი გზა, რამაც გარემოსდაცვითი კითხვები გააჩინა.
აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის ისტორია 2019 წელს იწყება. მაშინ ხელისუფლებამ ობსერვატორიის თხოვნით დროებით დახურა მცირე, 8-კილომეტრიანი ზონა. მოგვიანებით ეს შეზღუდვა პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში გადაიზარდა და შეიქმნა „აბასთუმანი-1“.
ამ სივრცეში სამოქალაქო ფრენები თითქმის სრულად აიკრძალა. თუმცა დარჩა ერთი გამონაკლისი: დაშვებულია იმ აპარატების ფრენა, რომლებიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე ეშვებიან ან იქიდან აფრინდებიან. გამოძიების მიხედვით, ამ ზონაში ერთადერთი ვერტმფრენის მოედანი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
ახალი შეზღუდვები, უფრო ფართო ზონას, უკვე საერთაშორისო მარშრუტებსაც ეხება.
ახალი ზონის ფარგლებში ხვდება სულ მცირე სამი მნიშვნელოვანი ტრასა, მათ შორის M747 და N644, რომლებიც ევროპას, აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას აკავშირებს. ამ მარშრუტებით სარგებლობენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა Lufthansa, Turkish Airlines, Emirates, Qatar და სხვა საერთაშორისო ოპერატორები.
ეს ცვლილება განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ფონზე, როდესაც კავკასია ევროპა-აზიის ერთ-ერთ მთავარ საჰაერო დერეფნად იქცა.
რუსეთის და ნაწილობრივ ირანის საჰაერო სივრცეზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, რეგიონზე დატვირთვა გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 52 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2025 წელს ქვეყნის ცაზე 305 ათასზე მეტი რეისი შესრულდა.
საქართველოსთვის ეს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი არ არის.
ტრანზიტული გადაფრენები ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ ამ გზით 120 მილიონი ლარი მიიღო.
საავიაციო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი შეზღუდვა ფრენებს უფრო გრძელ მარშრუტებზე გადაიყვანს, გაზრდის საწვავის ხარჯს და შეავიწროებს მანევრირების სივრცეს. მათი თქმით, ნაკადების ქვეყნის ჩრდილოეთით გადატანა კიდევ უფრო ზრდის დატვირთვას იმ მონაკვეთში, სადაც კავკასიონის რელიეფის გამო ისედაც ე.წ. „ბოთლის ყელი“ იქმნება.
ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო მაღალ ხარჯებს ავიაკომპანიებისთვის, დაგვიანებებს და დამატებით რისკებს საჰაერო მოძრაობის მართვისთვის.
ევროპული ავიაციების გაერთიანებ „ევროკონტროლმა“ “რადიო თავისუფლებას” დაუდასტურა, რომ ქართულმა მხარემ ამ ცვლილებებზე კომუნიკაცია 2023 წელს დაიწყო და დაგეგმილი შეზღუდვა უკვე აისახა მარშრუტების დაგეგმარებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ცვლილება ზოგიერთ რეისს დაახლოებით 10 კილომეტრით გაუგრძელებს გზას.
● ყველა ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. რაში გამოიხატება ის? მაგალითები
● ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს? რეპორტაჟი
● დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
ცალკე კითხვებს აჩენს თავად სამეცნიერო არგუმენტიც.
ობსერვატორიის დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა უცხოეთშიც არსებობს, თუმცა ინტერვიუში კონკრეტული მაგალითები ვერ დაასახელა. “რადიო თავისუფლებამაც” ვერ მოიძია მაგალითი, სადაც სამოქალაქო ობიექტის თავზე ცა მიწიდან უსასრულობამდე ამ მასშტაბით იყოს ჩაკეტილი.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი ობსერვატორიების შემთხვევაში, როგორც წესი, იზღუდება დაბალ სიმაღლეზე ფრენა, ხოლო თვითმფრინავების კვალი თანამედროვე პროგრამული მეთოდებით იფილტრება.
ამაზე საუბრობს ასტროფოტოგრაფი დავით დვალიც.
მისი თქმით, თვითმფრინავები ასტრონომიული დაკვირვებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ არა ისეთი, რომლის გამოც საერთაშორისო ტრანზიტული ფრენების მასშტაბური აკრძალვა აუცილებელი გახდეს. მისი შეფასებით, ობსერვატორია, შესაძლოა, რეალური მიზეზი კი არა, უფრო მოსახერხებელი არგუმენტი იყოს.
გამოძიება კიდევ ერთ დეტალსაც უსვამს ხაზს.
ახალ ზონაში ფრენა კვლავ შეეძლებათ სახელმწიფო ბორტებს. ნებადართული რჩება ასევე ვერტმფრენების აფრენა და დაფრენა აბასთუმანში.
რა კავშირი აქვს ივანიშვილს აბასთუმანთან
აბასთუმანი, სამცხე-ჯავახეთში მდებარე მაღალმთიანი კურორტი, დიდი ხანია ცნობილია როგორც უნიკალური კლიმატური და სამეცნიერო სივრცე. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ის სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტად ვითარდებოდა, ხოლო 1932 წელს აქ, გამორჩეული ასტროკლიმატის გამო, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა.
ბიძინა ივანიშვილის ინტერესი აბასთუმნის მიმართ საჯაროდ 2018 წლიდან გამოჩნდა. მაშინ ადგილობრივები ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი კურორტის განვითარებას და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა. 2019 წელს ივანიშვილი აბასთუმანში კვლავ გამოჩნდა და თქვა, რომ კურორტი „ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი“ უნდა გამხდარიყო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ დროისთვის ივანიშვილის ოჯახი და მასთან დაკავშირებული პირები აბასთუმანში უკვე აქტიურად იძენდნენ უძრავ ქონებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, 2018 წლის აგვისტოდან მიწის შემსყიდველ 18 სუბიექტს შორის 9 პირდაპირ იყო დაკავშირებული ივანიშვილთან. მათ ჯამში 52,443 კვადრატული მეტრი მიწა შეიძინეს.
ამავე კვლევის მიხედვით, 2018-2022 წლებში სახელმწიფომ აბასთუმანში მიმდინარე პროექტებზე დაახლოებით 250 მილიონი ლარი დახარჯა.
რადიო თავისუფლების გამოძიების მიხედვით, სწორედ ივანიშვილის აბასთუმანში გამოჩენის შემდეგ დაიწყო კურორტზე სახელმწიფო ინტერესისა და ინვესტიციების მკვეთრი ზრდა. საჯარო წყაროების მიხედვით, ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს აბასთუმანში ეკუთვნით ათასობით კვ.მ. მიწა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მშენებარე სასტუმრო. იგი ასევე ფლობს ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს.
ცვლილება მხოლოდ საკუთრების დაგროვებით არ შემოიფარგლა. ივანიშვილმა მდინარე ოცხეს ხეობის გასწვრივ ადგილობრივებისგან მიწები და სახლები შეისყიდა, საკუთარი საცხოვრებელი სივრცე მოაწყო და ტერიტორიის ნაწილს ხელოვნური კლდეებიც შემოარტყა. აბასთუმნის ბუნებრივ ლანდშაფტში გაჩნდა კერძო, გამიჯნული სივრცე, რომლის იერსახეც სწორედ ამ ჩარევებმა შეცვალა.
ამავე პერიოდში ივანიშვილმა „აბასთუმნის ექსპერიმენტიც“ დააანონსა და თქვა, რომ კურორტი მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი უნდა გამხდარიყო. ამ იდეის ფონზე შეიცვალა აბასთუმანი-ბაღდათის გზის რეაბილიტაციის გეგმაც: მთავრობამ ძველი პროექტის ნაცვლად ახალი, შემოვლითი გზის მშენებლობა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდა, ხოლო ახალი გზის გასაყვანად ხელუხლებელი წიწვოვანი ტყის ნაწილი გაიჩეხა.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” 2020 წელს წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტის “დაუყოვნებლივ განხორციელებისათვის სხვადასხვა დონის საჯარო უწყებებმა ჩაიდინეს უამრავი კანონდარღვევა”. “მწვანე ალტერნატივის” თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრომ გზის მშენებლობისთვის აუცილებელი პროცედურები კანონდარღვევით ჩაატარა.