ელისო კილაძე – ღრმა დაშიფვრის აგენტი თუ უკვე გაშიფრული ფალსიფიკატორი? — Cnoba

ტვ24 სიახლე 23 Feb 2026, 15:24

წინასიტყვაობა. მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი, მრავალი პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური წიგნების ავტორი, სხვადასხვა ლიტერატურული პრემიების ლაურეტი, ...

წინასიტყვაობა.

მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი,  მრავალი პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური წიგნების ავტორი, სხვადასხვა ლიტერატურული პრემიების ლაურეტი,  გაზეთ  “საერთო გაზეთი”-ს მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა, უკვე თითქმის 4 წელია, რაც  ჩვენს შორის აღარ არის .  

გულმა უმტყუნა და ვერ გაუძლო  ბიძნური დედაკაცის – ელისო კილაძის ზღვარგადასულმა შეურაცხყოფამ. რა არ მოიგონა, რა არ დააბრალა…

  • ეს დაუნდობლობა, ეს ხაზგასმული სისასტიკე, ეს ხაზგასმული სიძულვილი მაფიქრებინებს, რომ ელისო კილაძეს ადამიანები არ უყვარს და მათ მომხმარებლური თვალით უყურებს  – ვიღაცას დაუყვავებს, ვიღაცას თავზე ხელს გადაუსვამს, მისგან რაც სჭირდება, იმას ამოქაჩავს, მერე კი ხელთათმანივით მოისვრის – წერდა ბატონი ვახტანგი.

ხვდებოდი, მაგრამ ვერ წარმოგედგინა, ბატონო ვახტანგ, რომ ამ ბინძური დედაკაცის უკან რამხელა ძალა იდგებოდა –  მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის-  იოსებ გოგაშვილის,  გრიგოლ ლილუაშვილის,  ვახტანგ გომელაურის და სხვათა და სხვათა,ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი გვამების სახით…

დედამიწაზე სამართალმა  გვიან, მაგრამ მაინც იზეიმა , მთავარი  განსასჯელი მაინც მანდაა. ელოდოს და ეშინოდეს უფლის სამართალის.

ნათელში იყავ  ვახტანგ, მეგობარო !

 გთავაზობთ,   „საერთო გაზეთის“ 2014 წლის 18 სექტმბერის წერილს:

 „ ელისო კილაძე – ღრმა დაშიფვრის აგენტი თუ უკვე გაშიფრული ფალსიფიკატორი?“

***

სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა ქალბატონ ელისო კილაძეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სკანდალური, უფრო ზუსტი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, ზესკანდალური ინფორმაცია მივაწოდო: “საერთო გაზეთს” უშუალოდ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფინანსებს თავისი სპეციალური, ასევე ზესაიდუმლო ფონდიდან!

ბატონი პუტინის და “საერთო გაზეთის “ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას ძმობის და მეგობრობის აქამდე გასაიდუმლოებულ ამბავს, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს.

ჩვენს მეგობრობას საფუძველი კასპის რაიონის სოფელ მეტეხის საშუალო სკოლაში ჩაეყარა, სადაც მე და პატარა ვოვა წლების განმავლობაში ერთად ვსწავლობდით.

ბედის უკუღმართობამ ინება ასე, თორემ რა გვინდოდა მეტეხში მე, მეგრელ კაცს და პეტერბურგელ ვალოდიას, მაგრამ რას იზამ, ბედისწერას ვერსად წაუხვალ.

მეტეხში დაწყებული მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა და ჩვენ დღემდე ერთგულ მეგობრებად ვრჩებით (სხვათა შორის, მე და ვალოდია ერთად ვვარჯიშობდით ძიუდოშიც…).

ერთხელაც ვალოდიამ თავისთან კრემლში გამომიძახა და ასეთი რამ მითხრა: ჩემო ვახტანგ, ხომ ხედავ, არც ამერიკელების მეშინია, არც ევროპელების, მაგრამ გული მიგრძნობს, ჟურნალისტი ელისო კილაძე დამამარცხებს და ბეჭებზე დამდებს. ეგ ისეთი მაგარი ვინმეა, იმპერიას დამიშლის, თუ დროზე არ მივხედეთ საქმეს. აგერ, ძმაო, შენ ფული განუსაზღვრელი რაოდენობით, ოღონდ მაგ ქალს მიხედე და როგორმე გააჩერეო.

– ეჰ, ძმაო ვალოდია, ელისო კილაძის გაჩერება ასე ადვილი გგონია შენ? მაგას მთელი საქართველო ვერ აჩერებს და მე, ერთმა კაცმა, რა ვუყო, მაგრამ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობის ხათრით მაინც ვცდი, იქნებ რაიმე გამოვიდეს-მეთქი, -ვუთხარი ვალოდიას და შეფიქრიანებულმა დავტოვე მეგობრის კაბინეტი.

მას შემდეგ უწყვეტად მოედინება ფულის ნაკადი ვალოდიას საიდუმლო ფონდიდან “საერთო გაზეთი”  ჰყვავის და იფურჩქნება (მომავალი თვიდან 64-გვერდიანი უნდა გახდეს…). თუმცა ოკუპანტზე სასტიკად გაბრაზებული ელისო კილაძის საბრძოლო შემართება და მისი პატრიოტული სულისკვეთება ვერა და ვერ დავაცხრეთ.

აი, ნახეთ, რას წერს იგი “ქრონიკა+”-ის ბოლოსწინა (N34) ნომერში:

“მე მინდა მოვიკითხო მათი “პატივცემული” დამფინანსებელი “ფეესბეს” სტაჟიანი და შტატიანი თანამშრომელი ვლადიმერ ხომერიკი. ხომერიკის დაფინანსებული გაზეთი მე უნდა მებრძოდეს და ეს არის კიდეც ლოგიკა. ჩემზე კარგი რომ დაწერონ, ეს იქნება ჩემთვის ძალიან ცუდი.

ადამიანები, რომლებიც იღებენ შენი ქვეყნის ოკუპანტისგან ფულს იმისთვის, რომ ბინძური პროვოკაციებითა და ფეკალიებით გაავსონ თავიანთი გაზეთი, ნამდვილად არ უნდა იყოს კეთილგანწობილი ჩემი მისამართით. ამიტომ ვლადიმერ ხომერიკს ვურჩევდი, მგელი როცა გარეთ გამოდის და იმაზე ფიქრობს, ისეთი ვინმე არ გადამეყაროს, რომ აქეთ არ შემჭამოსო, ყელზე არ დაადგეს ელისო კილაძე და “ქრონიკა+”.

ჩემი პოზიცია რადიკალური და საყოველთაოდ ცნობილია ოკუპანტი ქვეყნის მისამართით, აქვე მინდა მკითხველს შევახსენო, რომ მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც გააჟღერა “ფეესბეს” მეხუთე განყოფილების შეფის, სერგეი ბესედას სახელი და გვარი  – ადამიანის, რომელიც არის კავკასიის კურატორი და აფინანსებდა ქართული ოპოზიციის ნაწილს.

ამიტომ მათი არაკეთილგანწყობა ჩემი მისამართით გასაგებია.

უბრალოდ, ძალიან ვწუხვარ, რომ ქვეყანაში პრორუსული ძალები ამდენს ბედავენ და არ კონტროლირდება ის ფინანსები, რომელიც ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდის არასამთავრობო ორგანიზაციების, საინფორმაციო სააგენტოებისა და გაზეთების დასაფინანსებლად” .

გენაცვალეთ მე თქვენ თქვენს პატრიოტულ სულისკვეთებაში ქ-ნო ელისო, როგორ გმირულად იქნევთ ხმალს, რა უშიშრად უტევთ მტერს.

თქვენ რომ არ გვყავდეთ, ვინ დაიცავდა ამ უბედურ საქართველოს?!

მართალია, რუსის ჯარს კეტით გამოდევნებული არავის უნახიხართ, მაგრამ ეგ არაფერი – აწი გნახავენ!

საინტერესოა, ამ ბოლო ხანებში ვის უგორებთ კოჭს და ვის აწონებთ თავს ამ თქვენი ვითომდა ანტიოკუპანტური სულისკვეთებით?

შემთხვევით  “ნაციონალებს”  ხომ არა, ძვირფასო ქალბატონო ელისო, რომელთა მიმართაც სიმპათიას ხან პირდაპირ, ხანაც ირიბად, სოციალურ ქსელებში შაირობისას ხშირად ამჟღავნებთ ხოლმე და “ნაციონალების” ფანებს ისე ხმატკბილად ეჟღურტულებით, მე რომ ეჭვიანი კაცი ვიყო, აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ თქვენ სწორედ რომ “ნაციონალების” შეკვეთას ასრულებთ და დიდი ალბათობით, სწორედ მათგან ფინანსდებით.

ერთი რამ მიკვირს, ქალბატონო ელისო: თქვენ ყოვლისმცოდნეს, თქვენ, ყველა საიდუმლო ინფორმაციის მფლობელს, ჩემი და პუტინის მეგობრობის ამბავი როგორ გამოგეპარათ და ის როგორ იფიქრეთ, რომ მე, ბატონი ვლადიმერის უახლოესი მეგობარი, ფსბ-ს რიგით თანამშრომელთან, ვინმე ხომერიკთან დავიჭერდი საქმეს?

რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ამის ფასი რა დაგიშავეთ?

თუმცა იმედი უნდა გაგიცრუოთ, ქალბატონო ელისო, – რაც ახლა მოვყევი, ყველაფერი ეს ხუმრობაა!

გეხუმრეთ, ქალბატონო ელისო, გეხუმრეთ, გენაცვალე და ემანდ ღმერთი არ გაგიწყრეთ და ეს ჩემი ხუმრობა ნამდვილ “დანოსად” არ მიიღოთ!

ჩემი და პუტინის მეგობრობის ამბავი ისეთივე ნამდვილია, როგორც ჩემი და ვინმე აკობიას, ჩემი და ვინმე ყავლაშვილის, ჩემი და ვინმე მესხელის “ნაცნობობის” ამბავი.

“თუმცა იქ, სადაც ზემოთ ჩამოთვლილ “ამხანაგებთან” ჩემი „ ნაცნობობა”-თანამშრომლობის” ამბავი დაიჯერეთ, სულაც არ არის გასაკვირი, ჩემი და პუტინის მეგობრობის ამბავიც დაიჯეროთ და “ქრონიკა+”-ის მომდევნო ნომერში გამოაქვეყნოთ.

ხასიათი უნდა გაგიფუჭოთ, ქალბატონო ელისო, თქვენს მუდამ ზეაწეულ განწყობასა და შემართებას ცივი წყალი უნდა გადავასხა: არც აკობიას ვიცნობ, არც ყავლაშვილს, არც მესხელს.

 ამ ადამიანებთან არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. ასევე არასოდეს არავის არ უცდია ჩემი გადაბირება ანუ ბუნებაში არ არსებობს გადაბირების არანაირი ხელწერილი, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი  “პიკანტური”  კადრები.

კიდევ გიმეორებთ: არასოდეს არავინ არ მოსულა ჩემთან, არავის არ უცდია ჩემი დაშანტაჟება, არავის არ უცდია ჩემი გადაბირება და არასოდეს არ მომიწერია ხელი გადაბირების რაიმე ხელწერილზე.

გესმით, თქვენ, ქალბატონო ელისო, რა შარში ხართ გახვეული?

კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ფრაგმენტი თქვენს გაზეთში თქვენს მიერ გამოქვეყნებული თქვენი სტატიიდან, რომ უკეთ გააცნობიეროთ, თუ რა უსიამოვნო ამბები გელით წინ:

“აჰა, ბატონო ვახტანგ, მოგმართავთ, – ახლა თქვენი ფირის ამბავი გამჟღავნებულია.

ვიცი, რომ ეს ძალიან არაეთიკურია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვეთ და ნუ გახდებით იმ შანტაჟის მსხვერპლი, რა შანტაჟის მსხვერპლიც წლების განმავლობაში თქვენ იყავით.

მე ვიცი კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, რომელმაც თქვენზე გადაღებული ფირი კუდში მიიტანა, ეს გახლავთ ნიკა აკობია.

 თქვენი გადაბირების ხელწერილი კი გიორგი ყავლაშვილმა ჩაიბარა.

ამიტომ მე გირჩევთ, განთავისუფლდეთ ამ წნეხისგან, მიმართეთ გამოძიებას, რომ დაასრულოთ წლების განმავლობაში მიმდინარე შანტაჟი” .

აი, ეს არის ის მახე, სადაც თქვენ ან საკუთარი ნებით შეაბიჯეთ, ან ვიღაცამ შეგიტყუათ და საიდანაც, რამდენიც არ უნდა იფართხალოთ, ვერ გამოძვრებით!

მე ნამდვილად არ ვიცი, სინამდვილეში არსებობს თუ არა ასეთი ადამიანი ნიკა აკობია და საიდან და როგორ დაესიზმრა ის ქ-ნ ელისოს, თუმცა ის კი ვიცი, რომ ქ-ნ ელისოს მეორე “მოწმე”  ამირან მესხელი საქართველოდან გაქცეულია და, თუ არ ვცდები, ძებნაშია.

ქალბატონი ელისო, როგორც ჩანს, სპეციალურად აკეთებს აქცენტებს ორგანოებიდან დათხოვნილებზე, ძებნილებსა და გაქცეულებზე, რომ ამით გაექცეს პასუხისმგებლობას, მაგრამ არ გაგივათ თქვენ ეს ტრიუკი, პატივცემულო ელისო – თქვენ ხომ აქ ხართ და თქვენი ოქროს ბაგეებით მოგიწევთ იმის დამღერება, რატომ შეთითხნეთ და რატომ გამოაქვეყნეთ ეს სულმდაბლობა, ეს “კაგებეშნიკური”  მეთოდებით შეთხზული ამაზრზენი სიცრუე?

ქალბატონმა ელისომ მიზანმიმართულად შეუგდო ჩემზე ნაწყენ ადამიანებს (მათ განაწყენების საბაბი ნამდვილად ჰქონდათ და მე ამის გამო ბოდიში მოვიხადე) “ დაზუსტებული”  ინფორმაცია, “ რომ მე რაღაც “ პიკანტური”  კადრებით მაშანტაჟებენ.

კილაძემ, რა თქმა უნდა, ეს შეგნებულად გააკეთა, რომ ცეცხლზე ნავთი დაესხა და ამ ადამიანებისთვის ჩემი ლანძღვისთვის საჭირო “მასალა”  მიეწოდებინა.

მე შენახული მაქვს კილაძის ეს ინფორმაცია (სხვათა შორის, შენახული მაქვს არამარტო კილაძის, არამედ სხვების შეურაცხმყოფელი “კომენტარებიც”  და თუ საჭიროდ ჩავთვლი, იქ წარვადგენ, სადაც ჯერ არს…)

და აქვე მინდა ვკითხო მას: ქ-ნო კილაძევ, დიდ ჟურნალისტობაზე რომ დებთ თავს, თქვენ საერთოდ თუ გესმით, რას ნიშნავს დაზუსტებული ინფორმაცია?

აჰ, არ იცით? არ გესმით?

ჰოდა, სულ მალე დაგიზუსტებენ, რას ნიშნავს დაზუსტებული ინფორმაცია და რა ჰქვია იმ საქციელს, როცა დაზუსტებული ინფორმაციის სახელით სიცრუეს ავრცელებთ…

ელისო კილაძის ჟურნალისტურ საქმიანობას რომ ვაკვირდები და მის უსაფუძვლო ბრალდებებით გადაჭრელებულ პუბლიკაციებს რომ ვკითხულობ, ორი აზრი მიტრიალებს თავში:

    ეს ქალბატონი ან თვითონვე თხზავს და თვითონვე იგონებს ამ, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის გამომრიცხავ სისულელეებს, მერე კი თავისივე შეთხზულს თვითონვე იჯერებს და მისი მხურვალე ფანტაზიის ნაყოფი უტყუარი სიმართლე ჰგონია ან მას ვიღაც-ვიღაცები  “ ეხმარებიან” –  ამ სისულელეებს სპეციალურად უთხზავენ და  “დაზუსტებულ”  ინფორმაციად შეასაღებენ ხოლმე, რომ ერთხელაც იქნება და კისერი წაიტეხოს.

ნორმალური, ასე თუ ისე საღად მოაზროვნე ადამიანი სანამ ვიღაცაზე ჭორს შეთხზავდეს და გაზეთში გამოაქვეყნებდეს, აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, რომ თავის ნამოქმედარზე პასუხისმგებლობა მოუწევს და ცუდად აცუნდრუკებულ ენას და კალამს ლაგამს ამოდებს.

მიკვირს ძალიან  – ქალბატონ ელისოს ნუთუ არ ესმის, რომ ის ვიღაც ბაზრის დედაკაცი კი არ არის, სქელტანიანი, სოლიდური გამოცემის მთავარი რედაქტორია, ჟურნალისტია და მის თითოეულ სიტყვას სხვა საზომით ზომავს საზოგადოება.

ამ წუთას, უბრალოდ, იმდენი დრო არ მაქვს, რომ კილაძის პუბლიკაციებში გაბნეული თვალმარგალიტები ამოვკრიფო, თორემ მკითხველს ვაჩვენებდი, როგორ შეურაცხყოფას აყენებს იგი ადამიანებს, როგორ ლანძღავს, როგორ ცდილობს, მორალურად გათელოს, გაანადგუროს, მოსპოს ოპონენტი.

ეს დაუნდობლობა, ეს ხაზგასმული სისასტიკე, ეს ხაზგასმული სიძულვილი მაფიქრებინებს, რომ ელისო კილაძეს ადამიანები არ უყვარს და მათ მომხმარებლური თვალით უყურებს  – ვიღაცას დაუყვავებს, ვიღაცას თავზე ხელს გადაუსვამს, მისგან რაც სჭირდება, იმას ამოქაჩავს, მერე კი ხელთათმანივით მოისვრის.

ეს სხვა თემაა და ამ თემას, ალბათ, სხვა დროს მივუტრიალდები, ახლა კი შევეცადოთ, იმ კითხვას გავცეთ პასუხი, თუ რით შეიძლება აიხსნას კილაძის ლოგიკას მოკლებული ქმედებები და საიდან მოაქვს მას ამდენი ჭორი, ამდენი “ კრიმინალურ-დეტექტიური”  ხასიათის სიუჟეტი, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული?

თუ ის მართლაც თვითონ თხზავს ამ ყველაფერს და მერე თავისივე შეთხზულისა თვითონვე სჯერა, მაშინ ნამდვილად ცუდად ყოფილა საქმე და ქალბატონ ელისოსთან დავას და კამათს, ქალბატონ ელისოზე საუბარს საერთოდ არ აქვს აზრი, თუმცა მე მაინც მგონია, რომ პრობლემის სათავე მის ფსიქიკურ მდგომარეობაში კი არა სხვაგან არის საძიებელი.

ჩემი აზრით, ვიღაც ან ვიღაცები, იციან რა კილაძის ხარბი მიდრეკილება სკანდალებისა და სენსაციებისადმი, შეგნებულად აწვდიან მას დეზინფორმაციებს, სპეციალურად მისთვის თხზავენ ათასგვარ ჭორსას და მონაჩმახს, კილაძე კი დაუყოვნებლად ისრუტავს ამ ყველაფერს და ხან სოციალურ ქსელში, ხან თავისი გაზეთის ფურცლებზე უყოყმანოდ განათავსებს ხოლმე, როგორც “დაზუსტებულ”  ინფორმაციაზე აგებულ სენსაციურ მასალას.

არ არის გამორიცხული, ელისო კილაძე თავის მეგობრებად თვლიდეს ამ გამოქექილ დეზინფორმატორებს და ბრმად ენდობოდეს მათ, ისინი კი, სარგებლობენ რა ამ ნდობით, ზურგს უკან სამარეს უთხრიან  “ მეგობარს” .

მათ კარგად იციან, რომ კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს და ერთხელაც იქნება და გატყდება.

დეზინფორმატორებს შეუძლიათ იზეიმონ –  კოკა უკვე გატყდა!

ელისო კილაძის პორტრეტი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ გაკვრით მაინც არ გავიხსენებთ იმ სვლებს, რაც  ამ ქალბატონმა თუნდაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გააკეთა.

  • თავდაპირველად ელისო კილაძე მიზანმიმართულად უტევდა ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა გამოცემების ფურცლებიდან (ამის დამადასტურებელი მრავალი პუბლიკაცია არსებობს) თუმცა, როგორც კი “ ქართულმა ოცნებამ”  გაიმარჯვა, მყისვე ივანიშვილის უერთგულეს მხარდამჭერად გამოაცხადა თავი, მოგვიანებით კი ისიც გაგვიმჟღავნა ამაყად, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება გახსნა, რითაც სიცოცხლე შეუნარჩუნა ბატონ ბიძინას და, ფაქტობრივად, მთელი საქართველო იხსნა დიდი უბედურებისა და დესტაბილიზაციისგან.
  • როგორც ჩანს, სათანადო შემოწმება-გადამოწმების შემდეგ, კილაძის მიერ შემოთავაზებული ვერსია სარწმუნოდ არ მიიჩნიეს და საჩინმედლოდ გახაზირებული კილაძე ხახამშრალი დატოვეს.

ეჰ, პატივცემულო კილაძევ, რომელი ლავრენტი ბერია თქვენ მყავხართ, მსგავსი სპექტაკლები ისე დადგათ, რომ იქ გათამაშებული სცენები ვიღაცას დამაჯერებლად მოეჩვენოს.

ხელმოცარულ კილაძეს იხტიბარი არ გაუტეხია და ახლა ირაკლი ღარიბაშვილისკენ აიღო გეზი, თუმცა არც იქ გაუღეს კარები და ამით განაწყენებული ღარიბაშვილის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს მიუხტა თავისი “ სანჩო-პანსათი”  (თ.კენკებაშვილით).

ამანაც რომ არ გაჭრა, ახლა იმის მტკიცება დაიწყო, რომ გელა ხვედელიძე უდანაშაულოდ დაიჭირეს და ალალ-მართალი კაცი უდანაშაულოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

ვინ ჩაიდინა ეს “ საშინელი”  საქმე?

ვინ ჩიდინა და იმჟამინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მიუხედავად “ ჩადენილი ქმედებისა” , საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა, ეს იმ დროს, როცა ამგვარი საქციელი სამართლებრივ სახელმწიფოში სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ “დამნაშავე”  პრემიერმა დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა.

აი, საითკენ უკაკუნებდა ქ-ნი ელისო იმ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებით, რომლებიც “ქრონიკა+” -ში ერთმანეთის მიყოლებით იბეჭდებოდა და რომლებშიც ხვედელიძის უდანაშაულობის დამტკიცებას ისტერიული სიკაპასით ცდილობდა, თუმცა უშიშროების სისტემაში გამოწვრთნილ-გამობრძმედილი ხვედელიძე არ აჰყვა “ სიმართლის დამცველი”  კილაძის ფანდს და სასამართლოზე დანაშაულიც აღიარა და ის ფულადი ჯარიმაც უდრტვინველად გადაიხადა, რომელიც მას პიროვნების ღირსებისა და პატივის შელახვისთვის დააკისრეს.

კილაძე ხვედელიძის ამ “მოღალატურმა”  ნაბიჯმა ფრიად განარისხა და, ჩვეულებისამებრ, ქოში უკუღმა ყარა, მაგრამ ჩაფლავებულ საქმეს ამით რას უშველიდა?

ასე იარა, იარა კილაძემ და ბოლოს, როგორც ჩანს, იმ წიაღშივე დაბრუნდა, საიდანაც ქართულ საზოგადოებას მოევლინა, ეს წიაღი კი, ჩემი ვარაუდით, “ნაციონალური მოძრაობაა” .

წარმოდგენილი მაქვს, ამის გაგონებაზე როგორ მოჰყვება ე. კილაძე იმის მტკიცებას, რომ ის და მთელი მისი ოჯახი გააფთრებული ებრძოდნენ “ ნაცმოძრაობას” .

არ არის ეს მყარი არგუმენტი, უფრო ზუსტად, ეს საერთოდ არ არის არგუმენტი ისეთი მუდმივად ცვალებადი და არამდგრადი პოზიციის ადამიანისთვის, როგორიც ელისო კილაძეა.

შეიძლება მას რაღაც უთანხმოება მართლაც ჰქონდა “ნაცმოძრაობასთან” , მაგრამ ეს იყო წარსულში, ხოლო ის, რასაც დღეს კილაძე აკეთებს, პირდაპირ “ ნაცმოძრაობის” წისქვილზე ასხამს წყალს.

მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიტან ამის დასადასტურებლად და ამით დავკმაყოფილდები.

“ქრონიკა+” -ში, ერთმანეთის მიყოლებით, ხუთ თუ ექვს ნომერში, იბეჭდებოდა და იბეჭდებოდა ვრცელი სტატიები, რომლებშიც ვალერი გელაშვილს ცოცხლად “მარხავდნენ”  და ათასნაირ ბრალდებას უყენებდნენ.

თავიდან ვერა და ვერ მივხვდი, რატომ აიკვიატა და რატომ ამოიღო მიზანში “ქრონიკა+” -მა ეს ვალერი გელაშვილი, მაგრამ ყველაფერს ნათელი მოეფინა, როცა საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ვალერი გელაშვილის საჩივრის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოგვიანებით სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სააკაშვილს პატიმრობა შეუფარდა (დაუსწრებლად).

აი, თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული…

ელისო კილაძემ, ეტყობა, იცოდა, რა სამზადისი მიმდინარეობდა პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ და მთავარ “დამნაშავეს” , ვალერი გელაშვილს, წინასწარ დააყარა ქვა და ღორღი.

სხვათა შორის, რამდენადაც მახსოვს, ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით დაგეგმილ “ტერაქტშიც” , რომელიც, როგორც იცით, ქართველმა შერლოკ ჰოლმსმა, ელისო კილაძემ, გახსნა, ისევ და ისევ ვალერი გელაშვილი ფიგურირებს.

აი, ასე ებრძვის ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის”  მტრებს, ასე “მარხავს” წინასწარ, რომ მათ საფლავიდან თავის წამოწევა ვერ მოახერხონ.

მაქვს ეჭვი, რომ სწორედ ამიტომ გადაეკიდა იგი სააკაშვილისა და “ნაციონალების”  მეორე მტერს, ლადო ბედუკაძეს.

კილაძემ, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცის, რომ “ ნაციონალებისთვის”  ბედუკაძეზე საძულველი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს.

“ქრონიკა+” -ის მთავარი რედაქტორიც “ნაციონალების~” გულის ჯავრის ამოსაყრელად თავს არ ზოგავს, რომ როგორმე დაამციროს, “დააჩმოროს”, მორალურად გაანადგუროს და მოსპოს “ნაციონალების” უბედურების მიზეზი – ბედუკაძე.

ამ ლოგიკით ელისო კილაძე “ნაციონალების”  მეგობარია, შეიძლება მთელი “ნაციონალური მოძრაობის” არა, მაგრამ მისი რომელიღაც შტოს მეგობარი და აქტიური მხარდამჭერი რომ არის, ეს ნათლად იკვეთება მის ჟურნალისტურ საქმიანობაში და “ ქრონიკა+” -ის სარედაქციო პოლიტიკაში.

საინტერესოა, იციან თუ არა ეს იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც “ ქრონიკა+” -ში მუშაობენ?

ქალბატონი კილაძე ხშირად იმეორებს, რომ ის პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, თუმცა არ აზუსტებს, ვისთან ერთად აპირებს ამის გაკეთებას.

  •  გარწმუნებთ, მე იმ პოლიტიკურ გუნდში წამყვან პოზიციებზე ვიქნებიო, – აცხადებს კილაძე და პოლიტიკური კარიერის მწვერვალებისკენ მიმავალი მარჯვნივ და მარცხნივ ლაფსა და ტალახს ისვრის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასვაროს, პასუხის მომთხოვნი კი არავინაა.

ქალბატონ ელისო კილაძეს თითქოს ექსკლუზიური უფლება აქვს ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს, ათასგვარი ბინძური ჭორი მოუგონოს, ცილი დასწამოს, ლანძღოს, თათხოს, პასუხს კი არავინ სთხოვს.

ძალიან მაინტერესებს და არა მარტო მე, კილაძის არნახული მასშტაბების უზნეობით შეწუხებულ მთელ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს, ვინ აღჭურვა ელისო კილაძე ადამიანების სულში ჩაფურთხების ექსკლუზიური უფლებით და ვინ მისცა მას ხელშეუხებლობის გარანტია?

ჭორად გამიგია, ელისო კილაძე ღრმა დაშიფვრის აგენტიაო და იქვე მის “ კლიჩკასაც “ ასახელებენ –  “ნუკრი”.

სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ღრმა დაშიფვრის აგენტი, არც ის ვიცი, ისეთი რა იმუნიტეტი იცავს ამ ღრმა დაშიფვრის აგენტებს და ისეთი რა უფლებები აქვთ მინიჭებული, რომ მთელი ქვეყანა ფეხქვეშ გაიდონ და ზედ თავიანთი ტალახიანი ფეხები შეაწმინდონ.

მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს – თუ მართლა ირიცხება თქვენთან ვინმე ღრმა დაშიფრვის აგენტი, სახელად “ ნუკრი”, დროულად “ ამოშიფრეთ” , თორემ ეს ადამიანი უკვე ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს და საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის საშიში ხდება.

ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, რამდენიც არ უნდა ვიჩივლოთ და სადაც არ უნდა ვიჩივლოთ, ამ პრობლემას ვერ მოვერევით, ამ პრობლემის დარეგულირება, დამიჯერეთ, სახელმწიფო სტრუქტურების პირდაპირი მოვალეობაა და სამართლებრივად მოწესრიგებულ სახელმწიფოში ეს ასეც ხდება.

სახელმწიფო ვახსენეთ და ბარემ აქვე ვიტყვი, ელისო კილაძემ ქართული სახელმწიფოს თავზეც არხეინად გაიარ-გამოიარა, როცა თავის გაზეთში ვითომდა “ ქართულ ოცნებაში”  ჩანერგილი რვა “აგენტის” აგენტობის დამადასტურებელი “დოკუმენტები”  გამოაქვეყნა და ისე ჩაიფარცხა ეს საქმე, ვითომც არაფერი მომხდარა.

არადა, როგორ არ მოხდა, ძვირფასო მეგობრებო, დიახაც რომ ძალიან დიდი კურიოზი მოხდა.

ეს დოკუმენტები, თუ ის მართლაც არსებობდა, სეიფში უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი. და იქიდან მათი გამოტანა და ვიღაცებისთვის გადაცემა მხოლოდ სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირს შეეძლო.

მაშინ როგორ მოხვდა ის კერძო პირის, ელისო კილაძის, ხელში, იქიდან კი “ქრონიკა+”-ის ფურცლებზე?

“აგენტები”, რომელთა უმრავლესობა ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები არიან, რამდენიმე ზედაპირული კომენტარით შემოიფარგლნენ და კილაძესთან დავა ამით ამოწურეს: – მეტი საქმე არ გვაქვს, კილაძეს თავი გავუყადროთო.

აგენტობაში ეჭვმიტანილო პატივცემულო მეგობრებო, ტყუილად გგონიათ თქვენ, რომ საქმე მხოლოდ თქვენ გეხებათ.

ელისო კილაძემ, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენა ქართული სახელმწიფოს არსებობის და მისი ქმედით უნარიანობის საკითხი და ამის გამო მისთვის ზედმეტი სიტყვა არავის უკადრებია.

ბარაქალა, თქვენს ქალობას, ქალბატონო ელისო, მართლაც მაგარი ყოფილხართ, სახელმწიფოსაც კი ფეხებზე რომ იკიდებთ.

სხვათა შორის, დღემდე არც ისაა გამოძიებული, თუ ის დოკუმენტები ყალბი იყო, ვინ გააყალბა ისინი და ვინ მიაწოდა „ქრონიკა+“-ს გამოსაქვეყნებლად.

დაბოლოს, შეიძლება ქ-ნ ელისოს იმის იმედი აქვს, რომ ჩემს „საქმესთან“  დაკავშირებით მისგან დასახელებული პირები ცრუმოწმეებად დაუდგებიან და მისგან მოხლაფორთებული ბინძური ჭორის „ გასაპრავებლად“ ციხეში წავლენ, როგორც ცრუმოწმეები.

მაშ ასე, ქალბატონო ელისო კილაძევ, მე თქვენ ერთდროულად პროკურატურაშიც გიჩივით და სასამართლოშიც შემაქვს სარჩელი თქვენს წინააღმდეგ.

არასოდეს არავისთვის არ მიჩივლია, მაგრამ ცხოვრებაში პირველად თქვენ უნდა გიჩივლოთ, ქალბატონო ელისო, მიუხედავად იმისა, რომ ისე მეზარება ამის გაკეთება, როგორც წუმპეში ფეხის ჩადგმა.

თუმცა სანამ სარჩელს შევიტანდე, კიდევ ერთ შანსს გაძლევთ: გამოდით და თქვით, ვინ ხართ სინამდვილეში, ვის დავალებებს ასრულებდით და ვის დავალებებს ასრულებთ ახლა, თქვით, ვინ გაწვდით ამ დეზინფორმაციებს, ვისგან მარაგდებით, ვის დაკვეთებს ასრულებთ, საერთოდ, რა გინდათ, რა მიზნებს და ამოცანებს ემსახურებით, ეს ისედაც ანტისანიტარიულ მდგომარეობაში მყოფი ქართული მედიასივრცე ასე უღმერთოდ რომ დაანაგვიანეთ.

თუ ამას გააკეთებთ, პირობას გაძლევთ, სარჩელს არ შევიტან!

მინაწერი:

მართალია, ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ სულელებით და იდიოტებით არის დასახლებული და ვერავინ ვერაფერს ხედავს, ვერაფერს ამჩნევს და ვერაფერს არჩევს…

ჩემი ვარაუდით, ელისო კილაძე ერთ-ერთი რგოლია იმ კარგად ორგანიზებული და უხვად დაფინანსებული მედია-ქსელისა, რომლის უკანაც ასევე კარგად ორგანიზებული და უხვად დაფინანსებული პოლიტიკური ძალა დგას და რომელიც ახლო ხანებში ემზადება პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსასვლელად.

„ ქრონიკა+“ -ის ბოლო ნომერს თვალს თუ გადაავლებთ, დარწმუნდებით, ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების წინააღმდეგ ღია შეტევაზე გადავიდა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ის ძალა, რომელზეც ზემოთ ვლაპარაკობდით, მალე გახსნის ფრონტს…

ვახტანგ ხარჩილავა.

საერთო გაზეთის რედაქტორი

2014 წლის 18 სექტმბერი.


რელევანტური