
პატრიცია გრჟებიკი
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის ავტორი, პატრიცია გრჟებიკი, ამბობს, რომ ხელისუფლების რეაქცია დოკუმენტის ნაწილზე “განსაკუთრებით მტრულია“, თუმცა თავად ანგარიშის მიზანი, მისი თქმით, არც “იურიდიული ომის დაწყება“ ყოფილა და არც რომელიმე პოლიტიკური დღის წესრიგის გატარება.
“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში გრჟებიკი აღნიშნავს, რომ მისი ამოცანა იყო მისიის შესრულება და არსებული ვითარების შეფასებისას სხვადასხვა შესაძლო გზის ჩვენება. ის უარყოფს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ როგორც დანიშვნის, ისე მუშაობის პროცესში “არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არ მიუღია“.
მისივე თქმით, მიუხედავად შემდგომი კრიტიკული განცხადებებისა, საქართველოში ვიზიტისას ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა კონსტრუქციული იყო. გრჟებიკი ამბობს, რომ შეხვედრები გაიმართა მაღალი დონის სახელმწიფო წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, და მისთვის უზრუნველყოფილი იყო კითხვების დასმისა და პასუხების მიღების შესაძლებლობა, მათ შორის ქვეყნის დატოვების შემდეგაც. მისი თქმით, ანგარიში ცდილობს ასახოს ყველა მხარის, მათ შორის ხელისუფლების პოზიციაც.
თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ რეკომენდაციების ნაწილმა გამოიწვია ყველაზე მწვავე რეაქცია. გრჟებიკი ამტკიცებს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი ფაქტები “სამართლიანად არის აღწერილი“ და ეფუძნება სხვადასხვა წყაროს, მაშინ როცა ვიზიტის დროს თავად ვერ იგრძნო სკეპტიკური დამოკიდებულება, არამედ უფრო თანამშრომლობის მზადყოფნა და არსებული ვითარების გარკვევის სურვილი.
ინტერვიუში გრჟებიკი ასევე პასუხობს მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოს ის პოლონეთის ინტერესებს წარმოადგენდა. მისი განმარტებით, ის დანიშნული იყო არა რომელიმე სახელმწიფოს, არამედ ეუთოს მიერ და ანგარიშიც სწორედ ორგანიზაციისთვის მოამზადა. ის ამბობს, რომ არ იცნობს “მოსკოვის მექანიზმის“ ინიცირების პროცესში სახელმწიფოების კოორდინაციის დეტალებს და მისი როლი მხოლოდ სამართლებრივ ექსპერტიზას მოიცავდა.
გრჟებიკი, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორია, ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით მუშაობს და არ არის პოლონეთის მთავრობის თანამშრომელი. მისი თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული ინსტიტუტებისთვის ექსპერტული მოსაზრებების მიწოდება მისი პროფესიული საქმიანობის ნაწილია და ეს არ გულისხმობს პოლიტიკურ კუთვნილებას. ის ასევე უარყოფს ინტერესთა კონფლიქტის არსებობას, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებდნენ, მათ შორის მისი საერთაშორისო სასამართლოებში საქმიანობის გამო.
გრჟებიკის თქმით, მისი {ერთადერთი ინტერესი“ მისიის შესრულება იყო და სხვა “დღის წესრიგი არ ჰქონია“.
კონტექსტი
12 მარტს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.
ანგარიშში, რომელიც თითქმის 217-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა.
საქართველოს ხელისუფლება ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის სრულ სურათს არ ასახავს. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.