სააგენტო "პარალელი"
“ბატონო კახა კალაძე, ოდესმე თუ გაგისინჯავთ უფასო სასადილოს საჭმელი?” – თეონა ჭალიძე
მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სფეროში გამოვლენილ დანაშაულთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მწვავე ემოციური შეფასებებით და მძიმე განმარტებებით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე და თბილისის მერ, კახა კალაძეს მიმართავს:
“უფასო სასადილოს საჭმელს როცა ვსინჯავდი, ზოგი ამრეზით მეუბნებოდა ,,მაგას როგორ აგემოვნებო“. როგორ და რატომ? იმიტომ რომ მოქალაქეებისთვის მზადდებოდა და ვხვდებოდი მნიშვნელობას.
ბატონო კახა კალაძე, ოდესმე თუ გაგისინჯავთ უფასო სასადილოს საჭმელი? თუ მხოლოდ თვალის დახუჭვა გამოგდიოდათ კარგად წლების განმავლობაში არსებულ განუკითხაობაზე?
სანამ ქვეყანაში არ დადგინდება უფასო სასადილოების კვებითი მომსახურებისთვის ერთიანი სტანდარტი და სანამ მონიტორინგი და კონტროლი არ იქნება ყოველთვის მოიპარავენ არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორები ჩინოვნიკებთან შეთანხმებით გაჭირვებული ადამიანების ფულს. სანამ სურსათის ეროვნული სამსახური სათანადოდ არ უზრუნველყოფს გეგმიურ და არაგეგმიურ ინსპექტირებებთან ერთად საკვების ნიმუშების აღებას და შემოწმებას, მანამ შეასქელებენ ლობიოს ფქვილით და მოამარაგებენ სასადილოებს ძალიან უხარისხო სოსისით და ვინ იცის როდინდელი გაყინული ქათმის ბარკლის ნახარშით გაამზადებენ ბულიონს. შემდეგ კი კუთვნილ ოთხას გრამს თვალის ზომით, სასწორის გარეშე ჩაუსხამენ მოქალაქეს მისსავე მიტანილ ქილაში და აქაც მოატყუებენ.
სამი მილიონზე ბევრად მეტია მოპარული და პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო აქამდეც გამოიძიებდნენ ამ საქმეებს“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.
ცნობისათვის: “გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით – 26 513 573 ლარი“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ბატონო კახა კალაძე, ოდესმე თუ გაგისინჯავთ უფასო სასადილოს საჭმელი?” – თეონა ჭალიძე
პარალელი