სტრასბურგში ახალი ჯგუფი, “პატრიოტები ევროპისთვის“ შეიქმნა, რომელსაც “ქართული ოცნება“ შეუერთდა — Cnoba

ჯემნიუსი სიახლე 01 Apr 2026, 23:06

ჯგუფს უნგრეთის პრორუსულად განწყობილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წარმომადგენელი, ანა მაგიარი ხელმძღვანელობს

პატრიოტები ევროპისთვის

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე, ახალი პოლიტიკური ჯგუფი, “პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ (Patriots for Europe in Congress) ჩამოყალიბდა. გაერთიანებაში ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები შევიდნენ: საქართველო (მმართველი პარტია “ქართული ოცნება”), უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი.

ჯგუფს უნგრეთის პრორუსულად განწყობილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წარმომადგენელი, ანა მაგიარი ხელმძღვანელობს. ვიცე-პრეზიდენტებად არჩეულნი არიან ქართული დელეგაციის და თბილისის საკრებულოს წევრი ნინო ვარდოსანიძე და ჩეხი პოლიტიკოსი რიჩარდ ვერესი. საერთო ჯამში, გაერთიანება 29 დელეგატს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკურ სტრუქტურას წარმოადგენენ.

“სუვერენიტეტი“ როგორც მთავარი თემა

ახალი ჯგუფის განცხადებებში ცენტრალური ადგილი უკავია სუვერენიტეტის იდეას. მისი წარმომადგენლების თქმით, მიზანი “პატრიოტი“ და “სუვერენისტი“ პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერებაა, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ჯგუფი საკუთარ თავს ხედავს როგორც პლატფორმას, რომელიც კონგრესის ფარგლებში ალტერნატიულ პოლიტიკურ ხედვებს გააჟღერებს, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია, უსაფრთხოება და სახელმწიფოს როლი საერთაშორისო პროცესებში. ეს აქცენტები დიდწილად იმეორებს იმ დისკურსს, რომელიც ბოლო წლებში ევროპის მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებში გაძლიერდა.

“ჩვენ ვამჯობინებთ ეროვნულ სუვერენიტეტს ფედერალიზმს, თავისუფლებას – ბრძანებებს და მშვიდობას – ომს“, – ნათქვამია სამეულის “პატრიოტულ მანიფესტში“, რომელშიც გამოთქმულია მზადყოფნა, დაიცვან თავიანთი საზღვრები და შეაჩერონ არალეგალური მიგრაცია.

ევროპული “უმცროსი ძმა“

“პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ პირდაპირ უკავშირდება ევროპარლამენტში უკვე არსებულ პოლიტიკურ ალიანსს — “პატრიოტები ევროპისთვის“. თავად ჯგუფის განცხადებით, ახალი გაერთიანება ამ ალიანსის “უმცროსი ძმაა“ და იმავე ღირებულებებს მიჰყვება.

ევროპარლამენტში არსებული ალიანსი 2024 წელს ჩამოყალიბდა ვიქტორ ორბანის “ფიდესის“, ავსტრიული თავისუფლების პარტიისა და ჩეხური ANO-ს მონაწილეობით. მოგვიანებით მას სხვა მემარჯვენე და ნაციონალისტური ძალებიც შეუერთდნენ, მათ შორის საფრანგეთის “ეროვნული გაერთიანება“ და იტალიის “ლიგა“.

ამ პოლიტიკური ოჯახის მთავარი გზავნილებია ეროვნული სუვერენიტეტის პრიორიტეტი, ევროკავშირის ფედერალიზმისადმი სკეპტიციზმი და მკაცრი პოზიცია მიგრაციის საკითხზე. ამასთან, ეს ჯგუფი დადებითად არის განწყობილი რუსეთის ფედერაციის და მისი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ.

“ქართული ოცნების“ ევროპული ძიება

“ქართული ოცნების“ მონაწილეობა ახალ ჯგუფში იმ ფონზე ხდება, როდესაც პარტია რამდენიმე წელია ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს გარეთ იმყოფება. 2023 წელს მან დატოვა ევროპის “სოციალისტური პარტია”, რის შემდეგაც პარტნიორი პოლიტიკური პლატფორმის გარეშე დარჩა.

ახალ გაერთიანებაში გაწევრიანება შეიძლება აღქმულ იქნას როგორც მცდელობა, მოიძებნოს ახალი იდეოლოგიური და ინსტიტუციური პარტნიორები ევროპაში. ამავდროულად, ეს ნაბიჯი მიუთითებს პარტიის პოზიციონირების შესაძლო გადაადგილებაზე იმ პოლიტიკური სპექტრისკენ, სადაც სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ევროკავშირისადმი კრიტიკული დამოკიდებულება დომინირებს.

წინააღმდეგობრივი ალიანსი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის, “ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრობა და საბოლოოდ დატოვა იგი 2021 წელს, რის შემდეგად პოლიტიკური ოჯახის გარეშე იყო დარჩენილი.

2024 წელს მან ავსტრიის ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიასთან“ (FPÖ) და ჩეხ ანდრეი ბაბიშის “უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობასთან“ (ANO) ერთად შექმნა ალიანსი “პატრიოტები ევროპისთვის“.

თუმცა “პატრიოტები ევროპისთვის“ ერთგვაროვანი არ არის. მისი წევრები ხშირად განსხვავებულ პოზიციებს იკავებენ საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. ალიანსში შედიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც პრორუსული განცხადებებით, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ მკვეთრი კრიტიკით.

ამგვარად, სტრასბურგში შექმნილი ახალი ჯგუფი არა მხოლოდ ინსტიტუციური სიახლეა, არამედ ევროპის პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე უფრო ფართო ტენდენციის, სუვერენისტული და ნაციონალისტური ძალების კონსოლიდაციის კიდევ ერთი გამოვლენა.