
გორის ძაღლთა თავშესაფართან, კრემატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს აქცია გაიმართება ცხოველტა უფლებადამცველები და მოქალაქეები თბილისიდან გორისკენ უკვე მიემართებიან.
- ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის თავშესაფარში ღამით ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ, რის შემდეგაც ადგილზე კრემატორიუმი ჩაირთო.
ცხოველთა უფლებადამცველი, ირმა მთიულიშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში გავრცელებული კრემატორიუმის ვიდეო გადაიღო, “პირველებს” გვიყვება, რომ ადგილზე ბეწვისა და ხორცის გაუსაძლისი სუნი იდგა.
მისი აზრით, შესაძლოა, რომ კრემატორიუმში ცოცხლადაც ყრიდნენ ძაღლებს.
კრემატორიუმიდან ამოდიოდა ცისფერი ხშირი ბოლი, აი ბეწვისა და ხორცის სუნი, ისეთი გაუსაძლისი. ხომ მოგეხსენებათ ერთდროულად ბევრი ძაღლის წკმუტუნი, ყეფა და ყველაფერში რომ ერთმანეთში არეულია და მერე რამდენიმე ხნის მერე რომ ბოლი ამოდის, ე.ი. გამოდის, რომ შეიძლება ცოცხლებსაც ყრიან, ჩემი აზრია. ძალიან ბევრ ძაღლს აძინებენ, ან ცოცხლად ყრიან კრემატორიუმში და ამას არ აკეთებენ ღამის ათზე მაგალითად, საღამოს ექვსზე, სამუშაო საათებში, ამას არ აკეთებენ ისეთ დროს, როდესაც ვიღაც შეიძლება მივიდეს და გადაიღოს. მე ვიცი, რომ ღამის 4 საათზე თავშესაფრის ხელმძღვანელს დაურეკეს და ამ თავშესაფრის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რაზე მაღვიძებთო, ესო ჩვეულებრივი მოვლენააო, ნაავარიები ძაღლებიო კვდებიანო,” – ყვება ირმა მთიულიშვილი.
ცხოველთა უფლებადამცველი, ბაიკო კალანდაძე ამბობს, რომ როდესაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძაღლების დაბრუნების დამადასტურებელ ვიდეოს სთხოვენ, ისინი ამბობენ რომ კამერები არ მუშაობს.
მასხრად გიგდებენ და გეუბნებიან, რომ დავაბრუნეთ, სად არის თუ დაბრუნდა ის ძაღლი, ანუ არ ბრუნდებიან, ისინი იტყუებიან და კიდევ რომ ეუბნები, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაინც ხომ აქვს კამერები და რომ ეუბნები მაჩვენე კამერაში, რომ დააბრუნე, გეუბნებიან რომ არა, კამერა არ მუშაობს. უკვე ჩიპირებული ძაღლები რატომ მიჰყავთ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შეყვანილი ძაღლები უკან აღარ ბრუნდებიან, ისინი ძინდებიან [მათ აძინებენ], უკეთებენ ევთანაზიას,” – თქვა ბაიკო კალანდაძემ.
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ზუგდიდშიც, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სხვადასხვა ლოკაციიდან წაყვანილი ძაღლები დასატოვებლად უკაცრიელ ადგილას მიიყვანეს.
ჩვენ ვითხოვთ რომ იყოს გამჭვირვალობა ძაღლების წაყვანის, მოყვანის, გასტერილების, ვაქცინირების, ყველა ფოტო-ვიდეო მასალა უნდა იყოს დადებული და ასევე დაბრუნების,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.