REUTERS/Johanna Geron/File Photoგამოცემა Politico წერს, რომ მსოფლიოში გაზრდილი არასტაბილურობისა და აშშ-ს სანდოობაზე გაჩენილი კითხვების ფონზე, სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანებას ეკონომიკურ სარგებელზე მეტად უსაფრთხოების მიზნით განიხილავენ.
Politico-ს მიხედვით, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, როგორებიც ნორვეგია და ისლანდია არიან, ახლა ევროკავშირში გაწევრიანება იმ უსაფრთხოების გამო იზიდავთ, რასაც ევროკავშირის წევრობა უზრუნველყოფს.
“ევროკავშირის წევრობა ყოველთვის სთავაზობდა სტაბილურობასა და კეთილდღეობას ევროპულ ერებს,” განუცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა Politico-ს.
“ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის გარეთ მყოფები უფრო და უფრო აცნობიერებენ იმას, რომ კონკურენტული გავლენების მსოფლიოში, ევროკავშირის მაგიდასთან ადგილი ასევე მზარდ უსაფრთხოებასა და დაცულობას ნიშნავს.” – დაამატა მან.
დიპლომატებისა და ევროპელი მაღალჩინოსნების მიხედვით, დამოკიდებულების მსგავსი ცვლილება პირველ რიგში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბურმა შეჭრამ გამოიწვია, თუმცა, მთავარი კატალიზატორი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა იყო ევროპასთან მიმართებით.
Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს, პირველი ისლანდია განაახლებს, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება უფრო დააჩქარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირმა გამოცემას განუცხადა, რომ “სურათის ნაწილი გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა”.
გამოცემა წერს, რომ ისლანდიისა და ნორვეგიის მსგავს ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატიული ინსტიტუტების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებებს არ გადააწყდებიან.
“რა თქმა უნდა, ისლანდიისთვის ან ნორვეგიისთვის გაწევრიანება უფრო მარტივი იქნება.” – ამბობს ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომლის თქმითაც, როცა საქმე ქვეყნის სამართლებრივ სისტემებში ევროკავშირის კანონმდებლობის დანერგვას ეხება, “ისინი ფაქტობრივად 80%-ით მზად არიან”.
მანამდე Politico-სთან საუბრისას ნორვეგიის ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ინე მარი ერიკსენ სორეიდემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მხრივ საერთო გამოწვევების ფონზე, კერძოდ, რუსეთის გამო, ნორვეგიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ხელახლა უნდა შეიტანოს.
ნორვეგიის კონსერვატიული ოპოზიციის ლიდერის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს
ცნობისთვის, ნორვეგიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი პირველად 1992 წელს გააკეთა, თუმცა ორი წლის შემდეგ რეფერენდუმის შედეგად ქვეყანამ წევრობაზე უარი თქვა. მას შემდეგ ნორვეგია ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრი გახდა, რაც ევროკავშირის წესებისა და რეგულაციების დანერგვას გულისხმობდა.
თუმცა, თებერვალში ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ლიდერად არჩეული ინე ერიკსენ სორეიდე ინტერვიუში ამბობს, რომ მსოფლიოში მზარდი საფრთხეებისა და გახშირებული ომების გამო, ნორვეგიასა და ევროკავშირს ამჟამინდელი ურთიერთობა მიზანს ვეღარ ემსახურება.
“ჩემი და ჩემი პარტიის აზრით, ჩვენთვის საუკეთესო იქნებოდა ევროკავშირის სრული წევრობა,” აღნიშნა მან Politico-სთან ინტერვიუში.
ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით სორეიდამ აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, ეს “მყისიერად” ვერ მოხდება. Politico წერს, რომ ნორვეგიის ამჟამინდელ ლეიბორისტულ მთავრობას არ გამოუხატავს ინტერესი წევრობის შესახებ დებატების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2029 წლამდე არ იგეგმება. თუმცა, სორეიდე ამბობს, რომ წევრობასთან დაკავშირებით ქვეყანაში დამოკიდებულება იცვლება.
Politico: ისლანდიისა და ნორვეგიისთვის EU-ში გაწევრიანება უსაფრთხოების საბაბით მიმზიდველი ხდება — Cnoba
News.ge
სიახლე
30 Mar 2026, 11:30
REUTERS/Johanna Geron/File Photoგამოცემა Politico წერს, რომ მსოფლიოში გაზრდილი არასტაბილურობისა და აშშ-ს სანდოობაზე გაჩენილი კითხვების ფონზე, სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანებას ეკონომიკურ სარგებელზე მეტად უსაფრთხოების მიზნით განიხილავენ. Politico-ს მიხედვით, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, როგორებიც ნორვეგია და ისლანდია არიან, ახლა ევროკავშირში გაწევრიანება იმ უსაფრთხოების გამო იზიდავთ, რასაც ევროკავშირის წევრობა უზრუნველყოფს. “ევროკავშირის წევრობა ყოველთვის სთავაზობდა სტაბილურობასა და კეთილდღეობას ევროპულ ერებს,” განუცხადა […]