“გურულების იგნორირებით აღარ გამოვა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება“ _ ჩოხატაურში „ორბი ჯგუფის“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა — Cnoba

GuriaNews სიახლე 30 Mar 2026, 05:19

„ორბი ჯგუფი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს _ ეს ინფორმაცია მიმდინარე კვირის ხუთშაბათს გახდა ცნობილი. საზოგადოებასთან პირველი შეხვედრა 28 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში გაიმართა. „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარ მიზანს პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტებსა […] The post “გურულების იგნორირებით აღარ გამოვა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება“ _ ჩოხატაურში „ორბი ჯგუფის“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა appeared first on გურია ნიუსი.

„ორბი ჯგუფი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს _ ეს ინფორმაცია მიმდინარე კვირის ხუთშაბათს გახდა ცნობილი.

საზოგადოებასთან პირველი შეხვედრა 28 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში გაიმართა.

„ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარ მიზანს პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგის წარმართვა და მათი მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა.

„ორბი ჯგუფის“ წარმომადგენლებისა და პროექტის ავტორების შეფასებით, პროექტის ირგვლივ გამოთქმული განსხვავებული პოზიციებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც საჯარო განხილვაზე დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობითაც დადასტურდა.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას ირაკლი კვერღელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ისეთი სამშენებლო მასალები, როგორიცაა ხე, ქვა და მინა, რაც სრულ შესაბამისობაშია მთის კურორტის არქიტექტურულ სტილთან. მისივე განცხადებით, შენობების მაქსიმალური სიმაღლე, პროექტის მიხედვით, სახურავის ჩათვლით, 19 მეტრს არ აღემატება.

მრავალფუნქციური კომპლექსი რამდენიმე მიწის ნაკვეთზე განთავსდება და პროექტის მიხედვით, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი სარეკრეაციო სივრცეებს დაეთმობა.

მიწის ფართობი, რომელსაც „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში ფლობს, 82 215 კვ.მ-ს შეადგენს. საჯარო განხილვაზე წარდგენილი მონაცემებით, აქედან მრავალფუნქციური ობიექტისთვის განკუთვნილი საპროექტო ზონა 59 087 კვ.მ-ია, 16 245 კვ.მ-ზე სარეკრეაციო ზონა მოეწყობა, ხოლო 6 883 კვ.მ ტყის მასივს უჭირავს.

„ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის გამოსვლის დაწყებიდან მალევე, დარბაზში განსხვავებული პოზიციებიც დაფიქსირდა. შეხვედრაზე მოსული საზოგადოების ერთი ნაწილი, უკმაყოფილებას გამოთქვამდა საჯარო განხილვის ჩატარების შემჭიდროვებულ დროზე და კრიტიკული კითხვები ჰქონდათ, ბახმაროში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. თუმცა, სამოქალაქო აქტივისტებმა თქვეს, რომ 2 წლის წინ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, კომპანიამ რადიკალურად შეცვლილი პროექტი წარადგინა, რაც მათი თქმით, კარგია.

„2 წლის წინანდელი გამოცდილებით მიხვდნენ, რომ გურულების იგნორირებით აღარ გამოვა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ, ამ შეხვედრის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, რადგან ერთი დღით ადრე დააანონსეს და ჩემს ირგვლივ ვერავინ შეძლო მოსვლა.

გურულებმა, ასე თუ ისე, არ იცოდნენ ამ შეხვედრის შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტს _პროექტის შეფასება გამიჭირდება, რადგან მე ვნახე მხოლოდ ლამაზი ფოტოები და ფოტოებით ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: რადიკალურად სხვა პროექტია, რაც უკვე ნიშნავს აღიარებას, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და ძველი პროექტი შეუფერებელი პროექტი იყო ბახმაროსთვის. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ, გურულები, არასდროს მივატოვებთ ბახმაროს ინტერესებს და ჩვენს გარეშე ვერაფერი ვერ გადაწყდება“, _ აღნიშნა შეხვედრის მონაწილე თორნიკე ანთიძემ.

შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ადგილობრივმა მოსახლეობამაც. როგორც შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნა, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობა და ეკოლოგიური რისკების სწორი შეფასება.

„არ წარმოვადგენ არც ერთ დაინტერესებულ მხარეს და არც რომელიმე იდეოლოგიური ქოლგის ქვევიდან გესაუბრებით. გულწრფელად, ყველას გვაინტერესებდა, რამდენად ჰარმონიზებული იქნებოდა ლანდშაფტთან ის, რასაც აშენებთ; რამდენად იქნებოდა დაცული ეკოსისტემა, ავთენტურობა და რამდენად შენარჩუნდებოდა ბახმაროს ხიბლი. ამიტომაც, შეიძლება იყოს მწვავე შეკითხვები და დისკუსია. ცხოვრება წინ მიჰყავს ჯერ ეჭვს და მერე _ რწმენას.

ყველას გვეშინია, რომ არ ჩაბეტონდეს ბახმარო და თავისი ავთენტურობა არ დაკარგოს. ამიტომაც ჩემთვის, როგორც რიგითი ჩოხატაურელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დღეს და მომავალშიც, როცა კიდევ გამართავთ ასეთ შეხვედრებს, მოვისმინო ისეთი ადამიანის შეფასებები, რომელიც დაინტერესებული მხარე არ იქნება; რომელსაც ექნება ჩატარებული კვლევები და ისაუბრებს იმ მეთოდოლოგიებზე, რომლითაც ეს კვლევები ჩატარდა. გვაინტერესებს, ბახმაროს გარემოზე რა ზემოქმედება ექნება თქვენს მშენებლობას და ეს ზემოქმედება როგორ იქნება შეფასებული.

ბუნებრივია, ბევრი კითხვა გვიჩნდება. ბუნებას თავისი წესი და წესრიგი აქვს. მე არ ვამბობ, რომ ვაჟა-ფშაველას დარად ვიყოთ, გვესმოდეს ბუნების ენა და ვიცოდეთ, რომ „ყველასაც თურმე ენა აქვს, არა ყოფილა ურჯულო“, მაგრამ რაღაცეები რომ უნდა გავითვალისწინოთ, ფაქტია. ამიტომაც იმის თქმა მინდა, რომ შემდეგში ძალიან კარგი იქნება, თუ მოვისმენთ ნეიტრალურ პოზიციას _ თქვენ რაც ჩამოაყალიბეთ, მაინც მხარე ბრძანდებით. ერთი შეხედვით, თქვენი მოსაზრებები მოსასმენად ძალიან საინტერესო და კარგი იყო, მაგრამ მაინტერესებს დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება“, _ თქვა მასწავლებელმა ნანა მგალობლიშვილმა.

შეხვედრა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კვერღელიძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, ბახმაროს ახალი პროექტის ფარგლებში, იგეგმება დაახლოებით 800-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

„ვფიქრობ, რომ გურიის რეგიონის განვითარებისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნება“, _ აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუს დაწყებისას ირაკლი კვერღელიძემ.

_ ბატონო ირაკლი, რამდენად არის შესწავლილი და უსაფრთხო ის ადგილი, სადაც ამ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება? როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს ბახმაროში გახშირდა წყალმოვარდნები.

_ მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ პროექტზე და ეს არ არის ჩვენი პირველი პროექტი. მის შემუშავებაში საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, რომელშიც შვიდი გიგანტი კომპანია იღებდა მონაწილეობას. მინდა აღვნიშნო, რომ ექსპერტიზა უმაღლეს დონეზეა შესრულებული, ადგილის შესწავლა გეოლოგიური კუთხითაც მოხდა და რაიმე სახის საფრთხე ბუნებასთან, ეკოლოგიასთან ან წყალმოვარდნასთან დაკავშირებით არ არსებობს.

_ შეგიძლიათ დაარწმუნოთ საზოგადოება, რომ უსაფრთხო პროექტის განხორციელებას აპირებთ?

_ ეს შეხვედრა, რომელიც ჩვენ საზოგადოებასთან ჩავატარეთ,  პირველი იყო ბახმაროში მოსალოდნელ მშენებლობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოსთვის შესაბამისი დოკუმენტები ჯერ არ ჩაგვიბარებია. ამ ეტაპამდე ჩვენ მივიღეთ საზოგადოებისგან კონკრეტული შენიშვნები და ინფორმაცია.

ბუნებრივია, პროცესის მსვლელობისას ჩვენ უზრუნველვყოფთ პროექტის საჯაროობას, ხოლო სახელმწიფო, თავის მხრივ, განხილვის პროცედურებს თავად წარმართავს. პრეზენტაციის დროს არაერთ ადამიანს მივმართე და დავუდასტურე, რომ მზად ვარ, თუნდაც ოფისის ფორმატში, კიდევ ერთხელ გავმართოთ დამატებითი შეხვედრა, რათა ამ პროექტის განხორციელება მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

_ თქვენ უარი განაცხადეთ ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ პირველი პროექტის განხორციელებაზე. რა გახდა იმის მიზეზი, რომ კომპანია კვლავ ბრუნდება დაბა ბახმაროში?

_ ამას დაბრუნებას ვერ დავარქმევდით. ჩვენ ისედაც ვიყავით ბახმაროში და ვაგრძელებთ აქტივობას. რაც შეეხება პირველ პროექტს, ის ნამდვილად თავსებადი იყო გენგეგმასთან და გარემოსთან, თუმცა ჩვენი ამოცანაა, თითოეული პროექტის დაწყებისას საზოგადოების აზრი იყოს გათვალისწინებული.

_ რამდენად იქნება საზოგადოება ჩართული პროექტის დაწყებამდე? დღევანდელ შეხვედრაზე და ასევე სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ როდესაც მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის განხილვები იგეგმება, მოსახლეობის ინფორმირება უფრო აქტიურად უნდა ხდებოდეს.

_ კომუნიკაციისთვის ღია ვარ. დღევანდელ შეხვედრაზეც დავაფიქსირე მზაობა საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობისთვის და წინ კიდევ ორი შეხვედრაა დაგეგმილი.

The post “გურულების იგნორირებით აღარ გამოვა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება“ _ ჩოხატაურში „ორბი ჯგუფის“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური