Reuters-ის ინფორმაციით, ბზობის დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათიათასობით მორწმუნის წინაშე, პაპი ლეო ირანის ომის შესახებ უპრეცედენტოდ მკაცრი განცხადებით გამოვიდა. პონტიფიკოსმა კონფლიქტს „სასტიკი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იესოს სახელით ომის გამართლება შეუძლებელია.
„მაშინაც კი, თუ ბევრს ლოცულობთ, მე არ მოგისმენთ: თქვენი ხელები სისხლით არის სავსე“, _ ციტირებდა პაპი ბიბლიას იმ ლიდერების მისამართით, ვინც ომს აწარმოებს.
პაპმა, რომელიც წარმოშობით აშშ-დანაა, განაცხადა, რომ იესო არის „მშვიდობის მეფე“ და არავის აქვს უფლება მისი სახელი ომის გასამართლებლად გამოიყენოს.
მიუხედავად იმისა, რომ პაპს კონკრეტული ლიდერები არ დაუსახელებია, მისი სიტყვები აღქმულია როგორც პასუხი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის რიტორიკაზე, რომელიც პენტაგონში ლოცვებს „დაუნდობელი ძალადობისთვის“ ატარებს.
ირანის ომი უკვე მეორე თვეში გადავიდა. რომის პაპი ლეო, რომელიც სიტყვებს ყოველთვის ფრთხილად არჩევს, ამჯერად ღიად მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და საჰაერო დარტყმების აკრძალვას, რომლებსაც „განურჩეველს“ უწოდებს.
The post რომის პაპი: ღმერთი არ ისმენს იმ ლიდერების ლოცვას, რომელთაც ხელები სისხლში აქვთ appeared first on გურია ნიუსი.