პაატა გურასპაულის მოგონება: როცა „დინამოს“ კალათბურთელებს საკუთარ თამაშზე არ უშვებდნენ — Cnoba

GuriaNews სიახლე 29 Mar 2026, 04:36

ყოფილი კალათბურთელი პაატა გურასპაული ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებდა: „80-იანი წლებია. ჩვენი „დინამო” მოსკოველ თანაკლუბელებს ხვდება თბილისის სპორტის სასახლეში. დიღმის ბაზაზე მწვრთნელმა ბოლო ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა. ჩავსხედით ჩვენს ავტობუსში და მივდივართ სპორტის სასახლისკენ. ავტობუსი შუა გზაზე გაფუჭდა. ცუდის ნიშანია. ზოგი ტაქსით, ზოგი როგორ და წვალებით მივედით დანიშნულების ადგილზე. იცით რა ამბავია ხოლმე ამ დროს თბილისის სპორტის […] The post პაატა გურასპაულის მოგონება: როცა „დინამოს“ კალათბურთელებს საკუთარ თამაშზე არ უშვებდნენ appeared first on გურია ნიუსი.

ყოფილი კალათბურთელი პაატა გურასპაული ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებდა:

„80-იანი წლებია. ჩვენი „დინამო” მოსკოველ თანაკლუბელებს ხვდება თბილისის სპორტის სასახლეში. დიღმის ბაზაზე მწვრთნელმა ბოლო ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა. ჩავსხედით ჩვენს ავტობუსში და მივდივართ სპორტის სასახლისკენ. ავტობუსი შუა გზაზე გაფუჭდა. ცუდის ნიშანია. ზოგი ტაქსით, ზოგი როგორ და წვალებით მივედით დანიშნულების ადგილზე.

იცით რა ამბავია ხოლმე ამ დროს თბილისის სპორტის სასახლესთან. მილიციელთა სამმაგი კორდონი და ა.შ. არ გვიშვებენ შტერი მილიციელები, არ შეიძლება ძმაოო. ვუხსნით, რომ ჩვენ ვართ კალათბურთელები, რომ სწორედ ჩვენს გამოა ამხელა ამბავი. გაგიგონია?! არადა არა, მერე ვიღაც ფორმიანმა გვიცნო და გაგვატარა. შევდივართ ჩვენი „სლუჟებნი ვხოდ”-იდან სასახლეში, მე და გელა დარსაძე, მაგრამ ვიღაც ახალი  შვეიცარი  დაუნიშნავთ შესასვლელში და არ გვიშვებს.

ახლა ამას უხსენი… სადაცაა თამაში უნდა დაიწყოს. არ გამოვცხადდებით, ერთი წუთიც კი გადაცდება დროს და წაგებას დაგვიფიქსირებენ. ეს არ გვიშვებს კაცოოოო!!! მაშინ მობილურები სად იყო ვინმეს ვინმესთან გადაერეკა. ეს ქალი „უბილეთოდ” არ გვიშვებს. იღბლად ჩვენი სასიქადულო კალათბურთელი გამოჩნდა – ზურა საკანდელიძე და გვიხსნა. – შენ ხომ არ გაგიჟდი, გვღუპავო?! და როგორც იქნა გაგვატარეს. ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ კონცენტრაციაში ერთი მსგავსი ეპიზოდის გახსენება მოგვეხმარა.

ამ გახსენებამ გაგვაცინა, დაგვამშვიდა და ის მატჩიც მოვიგეთ. რა მოგონება და ზუსტად ასე მოხდა ადრე. მაშინ „დინამო” ძველ სპორტულ დარბაზში მართავდა ასპარეზობებს. ერთ თამაშზე ასეთივე  დეიდა შენობაში არ უშვებს ოთარ ქორქიას. მოსაწვევი წარმომიდგინე, ისე ვერ შეგიშვებო. გაგიჟდა ქორქია, რა მოსაწვევი, რის მოსაწვევი – ოთარი ვარ, ქორქიაო, მაგრამ არა – ქალი „პოსტზეა” არ უშვებს. ბოლოს ერთ მაგარ „ბალელშიკს” ამ დეიდასთვის უკითხავს:

– ქალბატონო, თქვენ პარტიული თუ ხართო?

– აბა ისე ვინ მამუშავებდა ამ „პოსტზეო” – თვალები დაუქაჩავს იმ ქალს.

– ხოდა ქალბატონო, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, მოსკოვში, პოლიტბიუროს სხდომაზე ლენინი რომ არ შეეშვათ დარბაზში რა მოხდებოდაო?! „პარტიულ” ქალს ფერი წასვლია და ქორქია იმწამსვე გაუტარებია.“

 

 

 

 

 

The post პაატა გურასპაულის მოგონება: როცა „დინამოს“ კალათბურთელებს საკუთარ თამაშზე არ უშვებდნენ appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური